კვენტინ ტარანტინო: "არ მინდა, მოხუცი რეჟისორი ვიყო!"

კვენტინ ტარანტინო: "არ მინდა, მოხუცი რეჟისორი ვიყო!"

"ჩემი პირველი ფილმები ყველას წამიერ გამართლებად ეჩვენებოდა, მაგრამ კვირის რეჟისორი გავხდი, მერე - თვის, მერე - წლის, და მხოლოდ ცოტა მოგვიანებით ჩემი პოპულარობა ათწლეულებზე გაიჭიმა", - მოკრძალების გარეშე ამტკიცებს კვენტინ ტარანტინო.

- თქვენს ახალ ფილმში "გათავისუფლებული ჯანგო" თქვენთვის პაწაწინა როლიც შექმენით. თქვენს გმირს მკაფიო ავსტრალიური აქცენტი აქვს. რატომ მაინცდამაინც ავსტრალიური?

- ახლაც შემიძლია ასე გელაპარაკოთ, უბრალოდ, ვშიშობ, რომ ვერ გამიგებთ. მიყვარს ავსტრალიური კინო და მსახიობები. ერთ-ერთ სცენაში ჯანგო მაღაროებზე მიჰყავთ ავსტრალიელ მაღაროელებს, რომელთა შორის ერთი მე ვარ.

- ფილმში ველურ დასავლეთში მონა ჯანგოს ამბავია მოთხრობილი, აშშ-ის სამოქალაქო ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე. საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა?

- სცენარის იდეა დიდი ხანია გაჩნდა. მინდოდა მომეყოლა მონაზე, რომელიც თავისუფლდება და მჩაგვრელებზე იწყებს ნადირობას. ერთხელ იაპონურ სასტუმროში ვუყურე რომელიღაც ვესტერნს და მაშინ გამიჩნდა ფილმის პირველი სცენის იდეა. ბლოკნოტიც კი არ მქონდა, დავჯექი და ჩვეულებრივ ფურცელზე დავიწყე წერა.

- ფილმში ბევრი სისასტიკეა, მხოლოდ ის სცენა რად ღირს, სადაც მონებს მათრახით სიკვდილამდე სცემენ. არ გეშინოდათ მაყურებლების ნეგატიური რეაქციის?

- არა, მე მხოლოდ მინდოდა, მომეყოლა მონის ამბავი, რომელმაც თავისუფლება მიიღო და ცდილობს ცოლიც გაათავისუფლოს. ჩემი ფილმი სიყვარულზეა. ის, რასაც იქ ხედავთ, რაოდენ დაუნდობლადაც უნდა ჩანდეს, მაინც არ არის იმაზე კოშმარული, რაც სინამდვილეში ხდებოდა იმ დროს. სამწუხაროდ, ჩვენს სამყაროში დღესაც ბევრი ტრაგედია ხდება... ეს თემა კი კარგა ხნის მივიწყებული იყო და ამიტომაც "გამოვქექე".

- კარგად გამოგდით ყველაზე საშინელი მომენტების გაჯერება "შავი" იუმორით...

- აბა, ისე როგორ იქნება. კარგი მაგალითია ჯანგო, რომელიც სროლის უნარ-ჩვევებს ავითარებს. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ქილები დაგვედო სამიზნეებად. მაგრამ რამდენჯერ გინახავთ ეს ფილმებში? ასჯერ? ათასჯერ? ჩვენ გადავწყვიტეთ, სამიზნედ თოვლის კაცი გამოგვეყენებინა და მასში ჩაგვეტენა მინის ქილები - მკერდში, თვალებში, ცხვირის, პირის სახით. მგონი, კარგი გამოვიდა.

- თქვენმა საყვარელმა ავსტრალიელმა მსახიობმა ჯონ ჯარეტმა "შეშლილი ნაძირალა" გიწოდათ. თქვა, რომ დიდი პრივილეგიაა ასეთი გამოჩენილი შეშლილის ფილმში თამაში...

- დიახ... ასეთი ვარ! ასეთად დავიბადე (იცინის).

- თქვენს გადასაღებ მოედანზე ალბათ ნამდვილი შეშლილთა სამყაროა...

- არა! ყველაფერს ვაკონტროლებ! ასეთი ეპიკური მძიმე ფილმის გადაღების დროსაც კი ვმხიარულობთ. მუსიკა ისმის, ვიცინით. მე ყველა მომენტით ვტკბები. ძალიან ვემხრობი ყველას დამეგობრებას. პარასკეობით ვერთობით კიდეც, ბარებში, კლუბებში.

- წელს 50 წელი გისრულდებათ. არ გიფიქრიათ ოჯა­ხურ ცხოვრებაზე, ბავშვებზე?

- რატომ გამახსენეთ ეს 50 წელი! მე კი დამავიწყდა! ვნახოთ. ჩემს ცხოვრებაში იყო ურთიერთობები, რომლებიც მეგონა, ქორწინებამდე მივიდოდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. მე ამაზე მშვიდად ვფიქრობ, გამოვა - კარგია, არ გამოვა და არც ეგაა დიდი უბედურება. თანაც, მივეჩვიე მარტოხელა ცხოვრებას. მინდა პარიზში ვიცხოვრებ, მინდა - ლოს-ანჯელესში, მინდა რეჟისორობით დავკავდები, მინდა - სხვა რამით და ვერაფერი შემიშლის ხელს.

- თქვენი ცოლი როგორი უნდა იყოს?

- ჩემი ფილმები და შემოქმედება უნდა უყვარდეს (იცინის). მაგალითად, როგორც უმა თურმანს. არ არის აუცილებელი ჩემი ფანი იყოს, მაგრამ ჩემს სამუშაოს პატივს უნდა სცემდეს. ეს ხომ ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილია. გადაღებებში თავით ვეშვები და ყველაფერი მავიწყდება, თუმცა ჩემს პოტენციურ პარტნიორს თავისი ინტერესები და გატაცებებიც უნდა ჰქონდეს, თავისი ცხოვრება, რომ ასეთ მომენტებში არ მოიწყინოს. დანარჩენი კი, გარეგნობის ჩათვლით, მეორეხარისხოვანია.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ 60 წლის ასაკში კინოს გადაღებას შეწყვეტთ. რატომ?

- არ მინდა, მოხუცი რეჟისორი ვიყო! რომ ჩემზე თქვან: "ისევ აქ არის? გვეგონა, დიდი ხნის წინ მოკვდა" (იცინის). თუმცაღა, შეიძლება შევიცვალო კიდეც აზრი, ვინ იცის. იქნებ სიბერეში მეტი იდეა და შთაგონება მეწვიოს და ვეღარავინ გამაჩეროს.

Daily Mirror

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ:

-კვენტინ ტარანტინოს ლეგენდარული ცეკვა ფილმიდან "კრიმინალური საკითხავი"

- Django Unchained - ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება