ბექა ბროლაძე და მარიკა თხელიძე მეორე დუეტისთვის ემზადებიან

ბექა ბროლაძე და მარიკა თხელიძე მეორე დუეტისთვის ემზადებიან

მომღერლებმა ბექა ბროლაძემ და მარიკა თხელიძემ ერთი დუეტი, ჯამიროქუაის ცნობილი სიმღერის ქავერი უკვე ჩაწერეს, თუმცა როგორც ბექამ მითხრა, სიმღერა საკუთარ თავს მოარგეს და სოლოდან დუეტად გადააკეთეს, არანჟირებაც სულ სხვანაირი გაკეთდა და რადიო თუ ტელეეთერში პრემიერაც შედგა, თუმცა მარინა ბერიძის რჩევით, ბექამ და მარიკამ ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება არ ისურვეს და ახალი, ამჯერად ქართული, ორიგინალური სიმღერის ჩაწერაზე დაიწყეს ზრუნვა. სწორედ ამ სიმღერაზე გადაიღებენ კლიპს.

ბექა ბროლაძე:

- მე და მარიკას დიდი ხანია გვინდოდა დუეტის ჩაწერა. არ გვიფიქრია, რომ რომელიმე ქართველი კომპოზიტორისთვის მიგვემართა და სიმღერის დაწერა გვეთხოვა. გვსურდა, კარგი ქავერი გაგვეკეთებინა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით და არა კოპირებით. გადავწყვიტეთ, ჯამიროქუაის სოლოსიმღერა, ბად გირლს აგვეღო და სწორედ მასზე გაგვეკეთებინა ქავერი. კობა მესხიამ სრულიად განსხვავებული არანჟირება მოგვიმზადა. ვფიქრობთ, რომ კარგი ქავერი გამოვიდა და ეს ნამდვილად ჩვენი ვერსიაა. ექსპერიმენტი იყო და გაამართლა. კარგი გასაჯაზებელი სიმღერა გამოვიდა (იღიმება).

- შენ და მარიკა დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ?

- საკმაოდ დიდი ხანია. მე ხუთი წელი ჯანო კახიძის ბიჭუნათა კაპელაში ვმღეროდი. მარიკამ მიშა მდინარაძის პროექტი "აჭარა მიუზიქ ჰოლში" გააკეთა, მიხვდი ალბათ, რამდენი წლის წინანდელ ამბავზე გეუბნები, იქ ჯერ კიდევ კლუბი ფუნქციონირებდა. მაშინ ბიჭუნათა კაპელიდან რამდენიმე მომღერალი აგვარჩიეს და მარიკასთან ერთად გამოვდიოდით. სწორედ იქ გავიცანი მარიკა.

- კლიპის გადაღება არ გინდათ დუეტზე?

- გვინდოდა, გადასაღები ადგილებიც შევარჩიეთ. კლიპი ახალგაზრდა რეჟისორ მიშა ჭიჭიბოშვილს უნდა გადაეღო, მაგრამ ვინაიდან ყველაფერზე რჩევას მარინა ბერიძეს ვეკითხები, ახლაც ასე მოვიქეცი. მას დუეტი მოვასმენინე. სხვათა შორის, ძალიან მოეწონა ეს დუეტი. სხვა სიმღერებზე ასეთი მოწონება არ გამოუხატავს, თუმცა გვირჩია, რადგან ქავერია, კლიპი არ გადაიღოთ, რადგან შესაძლოა, "იუთუბზე" განთავსების შემთხვევაში საავტორო უფლებებზე მცირეოდენი პრობლემა შეგექმნათო. ამიტომაც ამ სიმღერის პრემიერა "იმ­ედის დილაში" შედგა, ერთ-ერთმა რადიომ კი ექსკლუზივი აიღო და ატრიალებს საკუთარ ეთერში, მაგრამ მარინა ბერიძემ გვითხრა, კარგი იქნება, ქართულენოვან დუეტს თუ გააკეთებთ და კლიპს გადაიღებთო. ეს იდეა მოგვეწონა და ახლა ამაზე ვმუშაობთ. გვინდა, რომელიმე ქართველმა კომპოზიტორმა სპეციალურად ჩვენთვის დაწეროს სიმღერა. ამ დუეტის გაკეთებას ახლო მომავალში ვგეგმავთ.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება