მიუჩა პრადა - XX საუკუნის ყველაზე ინტელექტუალური დიზაინერი

მიუჩა პრადა - XX საუკუნის ყველაზე ინტელექტუალური დიზაინერი

მოდური ბიზნესის მემკვიდრე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ უნდოდა ტანსაცმლის დიზაინით დაკავებულიყო, 2000 წლის მოდის მთავარი მოდელიერი აღმოჩნდა და დაამტკიცა, რომ შეიძლება ფეშენის თანამედროვე ხელოვნებასთან შეჯვარება, სილამაზის აღიარებული სტანდარტების იგნორირება, წვრილქუსლიან ფეხსაცმელთან შალის წინდების ჩაცმა, ბუმბულებისგან - ლამაზი ქვედაკაბის, პლასტიკისგან ბანანის ფორმის საყურის მოგონება და ამასთან აბსოლუტურად კომერციულ და წარმატებულ დიზაინერად დარჩენა. ასეთი გახლავთ მიუჩა პრადა.

პრადა და მოდის ინდუსტრია

შორეულ 1913 წელს იტალიელმა მარიო პრადამ პატარა საწარმო დააარსა - კომპანია "ძმები პრადა", სადაც ტყავის ნაკეთობებს ამზადებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი "პრადა", პირველ რიგში, თავად მიუჩას სახელთან ასოცირდება, ოცდაათი წლის განმავლობაში არ უნდოდა, ოჯახურ ბიზნესთან რამე საერთო ჰქონოდა. დიზაინში ძალების გამოცდა მას მომავალმა ქმარმა, პატრიციო ბერტელიმ გადააწყვეტინა. დიზაინერის პირველი გამოცდილება ნეილონის შავი ზურგჩანთა გახლდათ. ქალის ტანსაცმლის კოლექციის დებიუტით, პრადა საზოგადოების წინაშე ორმოცი წლის ასაკში წარდგა.

შვიდი წლის შემდეგ, ფირმის ამჟამინდელმა მმართველმა მიუჩა პრადამ თავისი კომპანია დედისგან მიიღო მემკვიდრეობით. 1970-იან წლებში მი­უჩა ფირმის ხელმძღვანელი გახდა. აღსანიშნავია, რომ პრადა უხალისოდ შეუდგა კომპანიის მართვას. ამჟამად კი პრადას მთელ მსოფლიოში 250-ზე მეტი მაღაზია აქვს. მათი საერთო ბრუნვა 2010 წლისთვის 2,15 მლრდ დოლარი იყო.

პრადა და თანამედროვე ხელოვნება

ფონდი "პრადა", რომელსაც მიუჩა მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობს, იკავებს ორ საგამოფენო სივრცეს მილანში და პალაცოს ვენეციაში, სადაც ანიშა კაპურის, სემ ტეილორ ვუდის, სტივ მაკკუინისა და სხვათა პერსონალურ გამოფენებს აწყობენ. ამასთან, პრადა ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მისთვის მოდა ხელოვნება არ არის: "ხელოვნების მთავარი დავალება აბსტრაქტული იდეების გაშუქებაა, ტანსაცმელი კი კარგად უნდა გაყიდო". 2012 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც XX საუკუნის ყველაზე მთავარ ქალ დიზაინერებს - პრადას და ელზა სკიაპარელის მიეძღვნა.

პრადა და პოლიტიკა

პრადა მრავალი წელი დარწმუნებული იყო, რომ ჩანთების ახალი მოდელების შექმნა ქვეყანაზე ყველაზე სულელური საქმიანობა იყო: მიუჩამ მილანის უნივერსიტეტის ასპირანტურა დაამთავრა პოლიტოლოგიის განხრით, იტალიის პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებს. დემონსტრაციაზე წასვლას მიუჩა ივ სენ ლორანის კოსტიუმში გამოწყობილი ამჯობინებდა. 2011 წელს პრადამ პოლიტიკური კარიერის დაწყების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამჟამად არც ერთი პარტიის წევრი არ გახლავთ და ამ საკითხში ძალიან წინდახედულია. იმ დროს კი მოდაზე მეტად პოლიტიკა აინტერესებდა. მას რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა, აუცილებლად ბრწყინვალე კარიერას აიწყობდა. თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ნელ-ნელა ისე გაიტაცა დიზაინერობამ, რომ პოლიტიკა მიივიწყა. დღემდე თავის პროფესიას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს: "შესანიშნავად მესმის, რომ მოდა საკმაოდ სულელური და ქარაფშუტული საქმიანობაა".

პრადა და არქიტექტურა

ფირმის მაღაზიების მოძიება თავისუფლად შეიძლება თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის სახელმძღვანელოებში. ნიუ-იორკის ფლაგმანური ბუტიკი რემ კოლხასმა ააშენა, ექვსსართულიანი შენობა ტოკიოში, რომელიც შუშის ბუშტოვან ფიჭას მოგვაგონებს - შვეიცარიელმა არქიტექტორებმა ჟაკ ჰერცოგმა და პიერ დე მერონმა. ორივე პროექტი ძვირი, ეფექტური და ძალიან ამბიციურია. იმ პერიოდში, დიდი ვალების მიუხედავად, კომპანიას არ შეეშინდა 125 მილიონი დოლარის დახარჯვა და არც არაფერი წააგო.

პრადა და ქმარი

1977 წელს სავაჭრო ბაზარში მიუჩა პრადამ კერძო მეწარმე პატრიციო ბერტელი გაიცნო და მალე წყვილმა თანამშრომლობა დაიწყო, ერთი წლის შემდეგ ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმეს. 10 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ამჟამად პატრიციო ბერტელი ფირმა "პრადას" თანამფლობელია, აქციების ერთ მესამედს ფლობს. იგი მიუჩასთვის საქმეში შეუცვლელი ადამიანია, ცოლ-ქმარი ერთად უძღვება კომპანიის განვითარების საქმეს.

ბერტელის - თავად პრადა ქმარს გვარით მიმართავს - უყვარს გახუმ­რება, რომ მხოლოდ ფულის გულისთვის შეირთო პრადა. 1979 წლიდან ბერტელი "პრადას" გენერალური დირექტორია და საკმაოდ სპეციფიკური ადმინისტრაციული ტემპერამენტი აქვს. 2000 წელს კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრენდი შეიძინა - ჯილ სანდერსი, ჰელმუთ ლენგი. რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფერი ზედმეტი გაყიდეს, რომ საკუთარი ბრენდებისთვის მეტი ყურადღება მიექციათ და გაუმართლათ კიდეც: 2012 წელს ცოლ-ქმარი ჟურნალ "ფორბსის" მილიარდერთა სიაში მოხვდა.

პრადა და მოდელები

მიუჩა პრადას სამყაროში აუცილებელი არ არის იყო ლამაზი მოდელი. დიზაინერს რასიზმშიც ადანაშაულებენ: შავკანიანი მოდელები მის ჩვენებაში იშვიათად მონაწილეობენ. პრადასთან მუშაობა იოლი არ არის. 2009 წელს გამართულ გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მოდელები ტიროდნენ და ხმამაღლა გამოთქვამდნენ პროტესტს - ძალიან მაღალი ქუსლები აშინებდათ და მათი შეშფოთება შემთხვევითი არ აღმოჩნდა: ორი გოგონა პირდაპირ პოდიუმზე დავარდა. თავად დიზაინერი ამ ფაქტით აღფრთოვანდა - შოუ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.

პრადა და კინო

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პრადა რამდენიმე წელი პროფესიონალურად დაკავდა თეატრით, მილანის პანტომიმის თეატრ პიკოლოში თამაშობდა, წლების შემდეგ კი კინოსთან თანამშრომლობამ გაიტაცა. ბრენდის არქივი ფილმ "დიადი გეტსბის" კოსტიუმების შესაქმნელად გამოიყენეს, გასულ წელს კი კანის ფესტივალზე რომან პოლანსკის პრადასთვის გადაღებული ფილმი "თერაპია" უჩვენეს. 2012 წლის შემოდგომა-ზამ­თრის კოლექციის ჩვენებაზე პოდიუმზე პროფესიონალი მოდელების გვერდით გერი ოლდმანი გამოვიდა, რომელიც ამ შემთხვევის გამო "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონიას არ დაესწრო.

პრადა და სექსუალურობა

პრადას არ უყვარს სარ­კეში ჩახედვა, ეზიზღება გამომწვევი სე­ქ­სუალურობა და ხელიდან არ უშვებს საშუალებას, გალანძღოს თანამემამულე იტალიელები ძალიან მაღალი ქუსლების სიყვარულისა და შიშველი უკანალის გამოჩენის გამო.

კომპანიის ოფისში, ფაქტობრივად, პურიტანული დრესკოდი მეფობს. თანამშრომლებს რეგულარულად ახსენებენ, რომ გულახდილი სამოსი თავზეხელაღებულობის მანიშნებელია. თავად დიზაინერს უყვარს ხაზგასმა, რომ მაქმანზე მუშაობისას მისთვის მნიშვნელოვანია, ამ ქსოვილს ჩამოაშოროს რომანტიკული და სექსუალური ელფერი. ამის გამო ჯორჯო არმანიმ ერთხელ პრადა სიმახინჯის პროპაგანდაში დაადანაშაულა - რეცენზენტები დიზაინერის ესთეტიკას სიმახინჯეს უწოდებენ.

ვინ ვინ არის

როდესაც მიუჩა კომპანია "პრადას" ჩაუდგა სათავეში, არ ისურვა მხოლოდ ტყავის აქსესუარების დამზადებით შემოფარგლულიყო, მან მსოფლიო მოდის დაპყრობა გადაწყვიტა და ტანსაცმლის შექმნით დაკავდა. ტანსაცმლის კოლექციის პირველი პრეზენტაცია 1988 წელს გაიმართა. მას შემდეგ პრადა რეგულარულად წა­რადგენს სეზონურ კოლექციებს მილანში გამართულ მოდის კვირეულზე.

ამჟამად პრადა აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, მოდურ ფეხსაცმელს, სხვადასხვა აქსესუარს, მაღალი ხარისხის პარფიუმერიას და მობილურ ტელეფონებს. კომპანიას მთელ მსოფლიოში აქვს განთავსებული საფირმო ბუტიკების ქსელი. 1993 წელს ჩაუშვა ახალგაზრდა მომხმარებელზე გათვალისწინებული საქვეყნოდ ცნობილი ბრენდი "მიუ-მიუ" - ბრენდს თავისი ბავშვობისდროინდელი მეტსახელი დაარქვა.

"მიუ-მიუს" აქსესუარები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ფერადი და უჩვეულოა და თავისი გულუბრყვილობით გამოირჩევა, ისინი სახალისო და ამასთან ინტელექტუალურია.

"მიუ-მიუს" მარკა წარმატებით გან­ვითარდა და დამოუკიდებელ პრო­ექტად ჩამოყალიბდა. მოდელიერს არ ეშინია თავისი შვილობილი მიუ-მიუს კონკურენციის, რადგანაც ამ ბრენდებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აუდიტორია ჰყავს.

პრინციპი და ამოჩემება

მიუჩა პრადა საკმაოდ კონსერვატიულია ბიზნესის გაძღოლის საკითხში. სოციალურსა და ბლოგერულ ქსელებში უდიდესი პოპულარობის მიუხედავად, იგი უარს ამბობს გამოიყენოს ეს წარმატება საკუთარი ბრენდების სარეკლამოდ. ამასთან, ბევრი ცნობილი დიზაინერი სარეკლამოდ აქტიურად იყენებს ინტერნეტსივრცეს.

ბოლო დროს სახელგანთქმული დიზაინერები სულ უფრო ხშირად იღებენ შტურმით საზოგადოებრივი ტანსაცმლის ბაზრებს. მიუჩა პრადას არ სურს, კოლეგების მაგალითს მიჰბაძოს. მას მიაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ნეგატიურად აისახება ელიტური ბრენდების რეპუტაციაზე.

ამასთან, ქალბატონ პრადას ეშინია, დაბალი ფასისა და ტანსაცმლის ხელმისაწვდომობის დევნაში ხარისხი არ დაიკარგოს, რადგან მაღალ ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

სამუშაო დღის განმავლობაში მიუჩა პრადა ცდილობს, რაც შეიძლება იშვიათად შეეჩეხოს მეუღლე პატრიციო ბერტელის. საღამოობით ცოლ-ქმარი თავის მყუდრო ბინაში მიიჩქარის, სადაც საყვარელი ვაჟები ელოდებიან.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება