რატომ ხიბლავს ნოდიკო ტატიშვილს "პენსიონერული" გართობა

რატომ ხიბლავს ნოდიკო ტატიშვილს "პენსიონერული" გართობა

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სასცენო სამოსზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მიაჩნია, რომ ეს მისი პროფესიის შემადგენილი ნაწილია. სამაგიეროდ, სახის კანის მოსავლელად "საოცრებებს" არ აკეთებს, რადგანაც ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამჟამად, ნოდიკო "ევროვიზიის" კონკურსისთვის, რომელზეც სოფო გელოვანთან ერთად, საქართველოს სახელით წარდგება, განსაკუთრებულად ემზადება...

ვარცხნილობა და თმის ფერი

- ჩემს საეთერო და სასცენო ვარცხნილობაზე სტილისტი - ბადრი ფევაძე ზრუნავს. ამ საკითხში "ხელთუპყარი" ვარ და ამიტომაც, ბადრი ცუდ დღეშია: მისთვის დილაუთენია ბევრჯერ დამირეკავს და მითქვამს, - დროზე გაიღვიძე, ვარცხნილობა უნდა მომიწესრიგო, ტელევიზიაში მივდივარ-მეთქი. ის ასეთ დროს ყოველთვის მპასუხობს, - მოდიო, რადგან იცის, რომც არ დამიბაროს, მასთან მაინც მივალ და იქ დავუჯდები მანამ, ვიდრე არ დამვარცხნის. პირადად მე, მხოლოდ თმის გადავარცხნა შემიძლია; ისიც იმიტომ, რომ ვინმე არ შევაშინო. თმას განსაკუთრებულად არ ვუვლი. უბრალოდ, ბადრის მიერ შერჩეული შამპუნით ვიბან. შეღებვას რაც შეეხება, თმას "ჯეოსტარში" მონაწილეობის პერიოდში მიღებავდნენ (ოღონდ, დროებითი ეფექტი ჰქონდა), რადგან ჭაღარა მაქვს. კოლეგებს ხშირად უთქვამთ, - ჭაღარა თმას რატომ არ იღებავ? აუცილებელიაო. თმის შეღებვა საჭიროდ არ მიმაჩნია - ბუნებრივი უფრო კარგი ვარ...

ვარჯიში და დიეტა

- ჩემს ორგანიზმს მომენტალურად ეტყობა ხოლმე, თუ როგორ ვიკვებები. მოგეხსენებათ, "ევროვიზიისთვის" ვემზადები და რამდენიმე დღის წინ ვარჯიში დავიწყე. შედეგად, სხეულის ყველა კუნთი მტკივა. ძალიან მაგარი უცხოელი ტრენერი მყავს. დღეში 2-3 ღერ სიგარეტეს ვეწევი, როცა ადრე 1 კოლოფს ვეწეოდი. საკვების მიღებასაც მოვუკელი. არადა, საოცარი გურმანი ვარ. მიყვარს ხინკალი, მწვადი, შემწვარი წიწილა, კარგი ყველი და პური... დედა ყოველთვის ცდილობს, შინ გემრიელი კერძი დამახვედროს.

- "ევროვიზიისთვის" რამდენი კილოგრამის დაკლებას აპირებ?

- ალბათ - შვიდის. ამ კონკურსზე გვერდით არაჩვეულებრივი სოფო გელოვანი მეყოლება, რომელსაც ღირსეული პარტნიორობა უნდა გავუწიო...

სამოსი

- ჩემი პროფესიის გამო, დიზაინერებთან ხშირად ვურთიერთობ. მათ პროფესიონალიზმსა და გემოვნებას ვენდობი. მომღერლისთვის ჩაცმულობა მნიშვნელოვანი რამ არის - როცა კარგად გამოიყურები, მაყურებელს პატივს სცემ. სოლო კონცერტისთვის ჩემს სასცენო სამოსზე ავთანდილმა იზრუნა, "ევროვიზიისთვისაც" ის იზრუნებს.

- სცენის გამო, შენთვის მიუღებელი სამოსი თუ ჩაგიცვამს?

- მახსოვს, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე მე და გიორგი სუხიტაშვილს ჭრელი, სასაცილო ტანსაცმელი გვეცვა, რომელიც სიმღერას უხდებოდა. ისეთი რაღაც არ ჩამიცვამს, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი გახლდათ. მსგავსი რამ არც შემოუთავაზებიათ.

- შენთვის პრინციპულად მიუღებელი როგორი სამოსია?

- ტანსაცმლის რაღაც შტრიხები მომწონს, რაღაც - არა. როცა სამოსს შევხედავ, მაშინვე ვხვდები - ჩავიცვამ თუ არა.

- ყოველდღიურ სამოსზეც განსაკუთრებულად ზრუნავ?

- წელიწადში მაქსიმუმ, სამჯერ "ვშოპინგობ". მაღაზიებში ყოველდღიურად სიარული ნამდვილად არ მიყვარს. ძირითადად, ლონდონში ყოფნისას "ვშოპინგობ". იქ ნაყიდი სამოსი მთელი წელი მყოფნის.

- ამასობაში, შენ მიერ შერჩეული ტანსაცმელი ნაკლებად მოდური რომ გახდეს?

- ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემთვის, მოდა ის არის, რაც მიხდება.

სამკაულები და აქსესუარები

- ერთადერთი აქსესუარი, რომელსაც ვეგუები, საათი გახლავთ. ასევე, ყოველთვის ვატარებ ნათლობის ჯვარს და მიმაჩნია, რომ ყველა მართლმადიდებელი ასე უნდა იქცეოდეს... სამაჯური, ბეჭედი დისკომფორტს მიქმნის და ამიტომაც, ამ აქსესუარებს არ ვიყენებ.

საქმე

- "ევროვიზიის" კონკურსისთვის ვემზადები. არადა, სულ სხვა გეგმები მქონდა: ამერიკაში გამგზავრებას და იქ მასტერკლასის გავლას ვაპირებდი. ნინი შერმადინი ყოველდღე მწერდა: არ მოდიხარო? "ევროვიზიასთან" დაკავშირებით ჩემი ამბავი რომ გაიგო, გაუხარდა, მაგრამ ამავდროულად, ეწყინა კიდეც, რადგან ამერიკაში ვეღარ გავემგზავრები. ფაქტობრივად, 31 დეკემბერს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" საჩუქარი გამიკეთა და კონკურსისთვის შემარჩია.

- შენ და სოფო თავის გამოჩენას, ჟიურის სიმპათიის დამსახურებას როგორ აპირებთ?

- არანაირ კომპრომისზე არ წავალთ, სასწორზე არაფერს დავდებთ! ჩვენი სიმღერა გემოვნებიანი და ძალიან მაგარი უნდა იყოს! საკონკურსო სიმღერა უკვე დაგვიწერა შვედმა კომპოზიტორმა - ტომას ჯეისონმა, რომელიც შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული სიმღერის ავტორი გახლავთ. სიმღერის პრეზენტაცია თებერვლის შუა რიცხვებში შედგება. ჩვენ ვიდეორგოლსაც გადავიღებთ და ევროპრომოტურიც გვექნება... მე და სოფოს გვეამაყება, რომ "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით გავალთ. სიამაყესთან ერთად, პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონკურსზე ჩვენი ნამღერი დადებითად შეაფასონ. სოფოსთან ერთად სიმღერა დიდი კომფორტია. "ჯეოსტარში" მას ვგულშემატკივრობდი და ნახევარფინალში ერთად ვიმღერეთ... მოკლედ, კარგი მეგობრები და მუსიკალური პარტნიორები ვართ.

გართობა

- ჩემი ასაკისთვის ცოტა არ იყოს, არაადეკვატური გართობა მხიბლავს, რომელსაც შეიძლება, "პენსიონერული" დავარქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყნის კლუბში ვარ ნამყოფი, სადაც ძალიან მაგარი დიჯეები უკრავენ, კლუბური გართობა არ მომწონს; უფრო მეტიც - ასეთ გარემოში დისკომფორტს ვგრძნობ და თავი მტკივდება... "ბებერი" ვარ (იცინის). მეგობრებთან ერთად, მშვიდ გარემოში, "ცოცხალი" მუსიკის მოსმენით ვისვენებ. ჩემთვის უცხოეთში ყოფნაც ერთგვარი განტვირთვაა. იქ შემიძლია, დილიდან გვიან ღამემდე ვისეირნო. ისე, ლონდონს მალე შევეჩვიე. არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, - ინგლისში "ცივი" ხალხი ცხოვრობსო. ერთხელ ქუჩები ამერია და ასე, 60-65 წლის ქალბატონმა 300-400 მეტრი ჩემთან ერთად, ფეხით იარა, რათა დანიშნულების ადგილამდე მივეყვანე. ინგლისელები კეთილგანწყობას თუ შეგატყობენ, თან გადაგყვებიან. აი, ესპანელებზე კი გაბრაზებული ვარ: მათ რაღაცას ინგლისურად რომ ეკითხები, ესპანურად გპასუხობენ, არადა, ინგლისური კარგად იციან. ჩემზე პატრიოტი ადამიანი არ მეგულება, მაგრამ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ინგლისურად რომ მელაპარაკება, მისთვის გასაგებ ენაზე ვპასუხობ. იტალიასა და პარიზშიც ესპანელების მსგავსად იქცევიან, რის გამოც ვბრაზდები და ჩხუბის სურვილი მიჩნდება...

ოჯახი

- ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ არაჩვეულებრივი, ღირსეული ოჯახის წევრები მყავს. ჩემი მშობლები 33 წელია, შეუღლებულები არიან, მაგრამ დღემდე ახალდაქორწინებულებივით, უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. მათი თბილი ურთიერთდამოკიდებულება ოჯახზეც დადებითად აისახება. ჩემი და ფილოლოგი გახლავთ. ჭკვიანი გოგოა და სულ ცდილობს, უფრო მეტი განათლება მიიღოს... გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახში სრული იდილია სუფევს.

პირადი ცხოვრება

- ამას წინათ, მეგონა, შეყვარებული ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ მყვარებია. ისე ვცხოვრობ, როგორც 26 წლის ჯანმრთელი მამაკაცი. ჯერჯერობით, ჩემი პირადი ცხოვრება მსუბუქი (და არა მხოლოდ) ფლირტებით შემოიფარგლება. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- ანუ განსაზღვრული გაქვს, რა ასაკში უნდა დაოჯახდე?

- ამას ვერ განსაზღვრავ. 18 წლისა ოჯახის შექმნას ვაპირებდი: მაშინ ძალიან შეყვარებული, გადარეული ვიყავი! ჩემი მთავარი მიზანი და სურვილები მხოლოდ იმ გოგოს უკავშირდებოდა. მასაც ასე ძლიერად რომ ვყვარებოდი, ალბათ, დღეს ოჯახი გვექნებოდა და შვილებიც გვეყოლებოდა. 8 წლის შემდეგ, აზროვნება შემეცვალა, ოჯახის შექმნის თემას სხვანაირად ვუყურებ...

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

- "ფეისბუკზე" უამრავ წერილს ვიღებ. თაყვანისმცემლები ტელეფონზეც მირეკავენ და როცა მათ ვპასუხობ, ზოგჯერ ხმას არ იღებენ. ასეთ დროს ვხვდები, რომ თინეიჯერები არიან (იღიმის)... ყურადღებისთვის, სითბოსთვისა და სიყვარულისთვის ყველას დიდ მადლობას ვუხდი.

- თაყვანისმცემლების წერილებს თუ გამოხმაურებიხარ?

- ყველა წერილს სიამოვნებით ვპასუხობ.

- რომელიმე თაყვანისმცემელთან ურთიერთობა რომანტიკულში თუ გადაზრდილა?

- კი, მაგრამ ამას სერიოზული სახე არ მიუღია.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- ვერ გეტყვი, რომ ჩემი "კოდექსი" მაქვს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გოგონა ნაზი, ქალური უნდა იყოს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება