აშშ-ში 27 წლის კარენ "ჰარი" კაზარიანი დააკავეს, რომელმაც შანტაჟით 350 ქალი აიძულა მისთვის ეროტიული ფოტოები გაეგზავნათ. დაკავებულს ჰაკერობასა და პირადი მონაცემების ქურდობაში 30 ბრალდება წაუყენეს. თუ მისი დანაშაული დამტკიცდება, მას 105 წლიანი პატიმრობა ელის.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, კაზარიანი სკუთარ მსხვერპლთა Facebook-ისა და Skype-ის გვერდებს ან მათ ელექტრონულ ფოსტას ტეხდა და პაროლს ცვლიდა. ამგვარად კაზარიანი მათ სოციალური ქსელისა თუ ფოსტის პირად ანგარიშებზე ხელმისაწვდომობას ართმევდა. გატეხილ გვერდებზე იგი გოგონების შიშველ ფოტოებს და სხვა სოციალური ქსელების პაროლებსა და მეგობრების სახელებს ეძებდა. ამის შემდეგ კაზარიანი ინტერნეტში გატეხილი ანგარიშების მეპატრონეების სახელით მოქმედებდა და მათ მეგობარ გოგონებს ვებ-კამარების წინ გაშიშვლებაზე ითანხმებდა, რომ მათთვის ფოტო გადაეღო. შანტაჟი მაშინაც კი არ სრულდებოდა, როდესაც მისი მსხვერპლნი იგებდნენ, რომ დაქალის მაგივრად უცხო მამაკაცს ესაუბრებოდნენ. კაზარიანი, ეროტიული ფოტოების გამოქვეყნების მუქარით, ითხოვდა, რომ გოგონებს მისთვის Skype-ით შიშველი მკერდი ეჩვენებინათ. თუ ვინმე ამის გაკეთებაზე უარს ამბობდა, დამნაშავე საკუთარ მსხვერპლთა თამამ ფოტოებს მათი Facebook-ის გვერდზე ათავსებდა.
მკვლევარებმა მის კომპიუტერში დაახლოებით სამი ათასი ეროტიული ფოტო აღმოაჩინეს, ამასთან ზოგიერთ მათგანზე 16 წლის გოგონები იყვნენ აღბეჭდილნი. პოლიციამ ჯერჯერობით ყველა გოგონას იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ადრე, კარენ კაზარიანი გაუპატიურებასა და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ არცერთი საქმე სასამართლომდე არ მისულა.
მომზადებულია The Los Angeles Times-ის მიხედვით.