ქრისტინე იმედაძე შვილთან ერთად უკრაინაში წავიდა

ქრისტინე იმედაძე შვილთან ერთად უკრაინაში წავიდა

მომღერალი ქრისტინე იმედაძე ამჟამად უკრაინაშია. თავისუფალ დროს ძირითადად, 5 წლის შვილთან - ტაისიასთან ატარებს. დედაშვილობის ქრისტინესეული ახსნა ამგვარია: "მხოლოდ ერთი რამ ვიცი - ტაისია ამქვეყნად ყველას და ყველაფერს მირჩევნია!" თუ როგორ ერთობა დედა-შვილი, როგორ ზრუნავენ ერთმანეთის ჩაცმულობაზე, ვინ არის ტაისიას "მეორე დედა" და რით გახლავთ ქრისტინეს პატარა გოგონა გატაცებული - ამის შესახებ მშვენიერი ტაისიას დედიკო, ქრისტინე გვესაუბრება...

- ახლა მე და ტაისია კიევში ვართ. დროის უმეტეს ნაწილს შვილთან ერთად ვატარებ, პარალელურად კი საკუთარ საქმეებსაც ვაგვარებ.

- რა საქმეებს გულისხმობთ?

- ამჯერად, ამ თემაზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს მოგვიანებით მოგიყვებით...

- ტაისია რით არის დაკავებული?

- ჯერჯერობით, საბავშვო ბაღში, ტანვარჯიშზე, ხატვასა და ცურვაზე დადის. ყველაფერზე მეტად კი ხატვა უყვარს. სწავლობს ძერწვასაც. ტაისია მხატვრებსა და ზოგადად, ხელოვნებაზე უამრავ საინტერესო ინფორმაციას იღებს.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც შვილი გეყოლათ?

- ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა; დამოკიდებულება შევიცვალე კონკრეტული მოვლენების მიმართ და თითქოს, თვალთახედვაც შემეცვალა - საგნებსა და მოვლენებს უკვე სხვაგვარად ვხედავ და აღვიქვამ (იცინის); პასუხისმგებლობის გრძნობა გამიორმაგდა.

- ტაისიას ცოტა არ იყოს, უცნაური სახელი აქვს...

- ეს სახელი ყოველთვის ძალიან მომწონდა, მაგრამ ფეხმძიმობისას აღარც კი მახსოვდა, ბავშვისთვის სულ სხვა სახელი მქონდა შერჩეული, მაგრამ ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც მაშინ თავადაც ორსულად იყო, გამახსენა, რომ სახელი - ტაისია მომწონდა. ახლა ის გოგო ჩემი შვილის ნათლიაა.

- ხშირად ლაპარაკობენ სხვადასხვაგვარ სიყვარულზე და მათ ერთმანეთს ადარებენ. როგორ ფიქრობ, დედაშვილური სიყვარული ყველა სხვა დანარჩენზე ძლიერია?

- ყოველგვარ სიყვარულს თავისი დატვირთვა აქვს; დედაშვილური სიყვარულის ახსნა მხოლოდ ასე შემიძლია: - ტაისია ამქვეყნად ყველას და ყველაფერს მირჩევნია!

- ზოგჯერ, ბავშვის გაჩენის შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე, დედებს დეპრესია ემართებათ...

- პირადად მე, ორსულობისას უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ბავშვის გაჩენის შემდეგ. ტაისია რომ დაიბადა, პირველი ორი თვე ჩემი პატარა გოგონათი გემრიელად ვტკბებოდი, მერე კი საქმეებს შევუდექი. ასე რომ, დეპრესიის დრო არც მქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ქალის ცხოვრებაში ორსულობასაც და მშობიარობის შემდგომ პერიოდსაც გარკვეული სირთულე ახლავს თან...

- ტაისიამ ახალი წელი როგორ გაატარა? თუ საიდუმლო არ არის, რა საჩუქარი მიიღო თოვლის ბაბუისგან?

- წელს პირველად, მე და ტაისია ახალ წელს ერთად შევხვდით, სხვა დროს კი ამას კონცერტების გამო ვერ ვახერხებდით... ტაისიამ თოვლის ბაბუას წერილი მისწერა, სადაც უამრავ საჩუქარს სთხოვდა. ჰოდა, თოვლის ბაბუა ისეთი გულისხმიერი და ყურადღებიანი აღმოჩნდა, რომ არა მარტო "ბარბები" და "ბარბის შვილები" მოუტანა, არამედ მათი ტანსაცმელიც არ დავიწყებია...

- თავისუფალ დროს ერთად როგორ ატარებთ?

- ვსეირნობთ, ვთამაშობთ, ხშირად დავდივართ სპექტაკლებზე. მთავარია, თავისუფალი დრო მქონდეს და გასართობი საშუალებების გამონახვა არ გვიჭირს (იცინის).

- ბავშვის გაზრდაში ვინ გეხმარებათ?

- ამ საქმეში დედა მეხმარება. ის ტაისიასთვის მსოფლიოში საუკეთესო, "მეორე დედაა".

- რთულია, კარიერაზეც იზრუნო და ამავდროულად, შვილსაც არ მოაკლო ყურადღება. ამას როგორ ახერხებთ?

- ვფიქრობ, ცხოვრებაში იოლი არაფერია; თვით უსაქმურობაც კი ძალიან რთულია... ქალისთვის პირადი ცხოვრების მოწყობა აუცილებელია, მაგრამ საყვარელი საქმის კეთების შანსიც ყველას უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, თუ ქალს სურს, რადაც უნდა დაუჯდეს, კარიერას და პირად ცხოვრებას ერთმანეთს აუცილებლად შეუთავსებს!

- ბავშვთან მკაცრი ხართ თუ მასთან მეგობრობთ?

- ტაისია დამჯერი გოგონაა და ამ მხრივ, მასთან პრობლემები არ მექმნება. თუმცა, ცოტაოდენი შენიშვნა ალბათ, ყველა ბავშვს სჭირდება და ხანდახან, სიმკაცრეც აუცილებელია.

- ტაისია უკვე ზრუნავს საკუთარ ჩაცმულობაზე? მისთვის სამოსის შერჩევისას მოდის ტენდენციებს თუ ითვალისწინებთ? თქვენს შვილს აუცილებლად, ბრენდი უნდა ეცვას?

- ბრენდებს, არათუ შვილის სამოსის შეძენისას, ჩემთვის ტანსაცმლის შერჩევისასაც კი არ ვაქცევ ყურადღებას. მიმაჩნია, რომ გემოვნებიან ჩაცმულობასთან ბრენდებს არავითარი კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, ვზრუნავ იმაზე, რომ ტაისია ლამაზად გამოიყურებოდეს - ამით მეც ვერთობი და მასაც ვახარებ...

- თქვენს ჩაცმულობასთან დაკავშირებით ტაისიასგან ბავშვურ რჩევებს თუ იღებთ ხოლმე?

- ტაისია მუდამ აღფრთოვანებულია ჩემი გარეგნობით, ჩაცმულობით. ის დარწმუნებულია, რომ მისი დედიკო ამქვეყნად ყველაზე ლამაზია (იცინის). ჰოდა, რაც უნდა ჩავიცვა, ყველაფრით იხიბლება...

- თუ გაქვთ სურვილი, რამდენიმე შვილი გყავდეთ?

- ჩემს ბებიას ოთხი შვილი ჰყავს და მისი შემხედვარე, სულ ვოცნებობდი, ბევრი შვილი მყოლოდა. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი, ეს მინდა თუ არა...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება