დუტა სხირტლაძე - "სტადიონზე მსაჯს არ აგინებენ იმდენს, რამდენსაც მე მაგინებდნენ"

დუტა სხირტლაძე - "სტადიონზე მსაჯს არ აგინებენ იმდენს, რამდენსაც მე მაგინებდნენ"

ზოგს დღესაც ძალიან უყვარს, ზოგს მისი ცქერა მობეზრდა; ზოგი კიცხავს და ემდურის,ზოგი - ჭორაობს; მისგან პასუხებს კი ძნელად თუ მოიპოვებ - ჟურნალისტებს თითქმის არ გვწყალობს. - ძველი ურთიერთობა რომ არა, არც ახლა შეგხვდებოდი ინტერვიუსთვისო, მითხრა და კატეგორიულად მთხოვა, პოლიტიკასა და თელავის თეატრზე არ გვესაუბრა. რუბრიკის სტუმარ დუტა სხირტლაძეს (მგონი, მე უფრო ვიყავი მისი სტუმარი - ჩაწერისას კაფე "თან წაიღეში" მისი დაწურული თელავური ღვინოც კი დავაგემოვნე) უპირველესად, უახლესი ამბები გამოვკითხე:

- 2012 წელი თეატრში დაბრუნებით გავაცილე. დეკემბერში თეატრშიც პრემიერა მქონდა და კინოშიც - მარჯანიშვილის თეატრში სანდრო ელოშვილმა, იმავე ანტოშკამ "არეული გრძნობები" დადგა და მე მთავარი როლი შევასრულე, შემდეგ კი ფილმ "ცელქი ბავშვების" პრემიერა გაიმართა და იქაც მთავარ როლს ვასრულებ. ამ დღეებში პრემიერა გვქონდა კინოს სახლშიც - ახალგაზრდა შემოქმედმა გიორგი ქავთარაძემ შპს "დუტა პროდაქშენის" ბაზაზე გადაიღო "ცრემლნაკრავი სასაცილო" დოკუმენტური ფილმი უნიჭიერეს მუსიკოს რობი კუხიანიძეზე... მოკლედ, კვლავ ხელოვნებას დავუბრუნდი და ამ გზას დავარქმევდი - "პაპსადან ხელოვნებამდე". ბოლო ხანს კინოს გადაღებით დავინტერესდი და ბევრი რამ შევისწავლე კიდეც. უჰ, რა მაგარი რამეა იცი, ფილმის გადაღება? ცხადია, ძნელია, მაგრამ - გენიალური. პრემიერა გვქონდა კომპანია "ჯეოსელისა" და შპს "დუტა პროდაქშენის" საქართველოზე ერთობლივად გადაღებული ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის კრებულისა - "იასამნისფერი ალმანახი - ...და მერე?!". მასში ჩემს ფილმს "37" ჰქვია. ამას გარდა, სამი თვის განმავლობაში მინსკში ვიყავი, ვალერი ტოდოროვსკის სერიალის - "ოტტეპელ"-ის გადაღებაში ვმონაწილეობდი... ყმაწვილობაში სპეცგეგმა დავისახე - 40 წლიდან მაქსიმალურად მხოლოდ შემოქმედებითად მემუშავა. მომიახლოვდა კიდეც ეს ხანა და რადგან 40 წელიწადი მამაკაცებისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდია, ვცდილობ, ისე შევუდგე ამ ასაკს, რომ ბოლომდე გავერკვე, რა მინდა. ვფიქრობ, დარჩენილი ცხოვრების საზრდოდ ყველაზე მეტად სწორედ თეატრი და კინო მჭირდება.

- ხშირად ახსენებ ასაკს.

- არ უნდა გავუსვა ხაზი? გამოდის, რომ 40 წლიდან დაახლოებით 25 წლის განმავლობაში თეატრის სცენაზე ვდგავარ. ცოტაა?

- არც ისე... რომელიმე ტელეპროექტში რომ მიგიწვიონ, მაინც დათანხმდები, თუ ამის დრო აღარ გექნება?

- ტელევიზიას დიდი დრო არ მიაქვს, ხალ-ხო! კვირაში ერთი დღე არაფერია, მე კი ენერგიის მეტი რა მაქვს!

- აბა, აქამდე რატომ არ ჩანდი თეატრში?

- რაღაც ხნით წამოვედი თეატრიდან. "თეატრალური სარდაფი" რომ აღარ იყო, სხვა თეატრებს თითქოს ვერ შევეგუე. სხვათა შორის, მარტში კვლავ გაიხსნება და მერე უწინდებურად აქტიურად "ვიცხოვრებ" იქ.

- შენმა ენერგიულობამ რაღაც დონეზე არცთუ სასიამოვნო სამსახური გაგიწია - სწორედ "სარდაფისა" და ტელეპროექტ "ვის უნდა ოცი ათასის" პერიოდში განსაკუთრებით უყვარდი მაყურებელს, მერე კი ზოგს ეკრანზე შენი ხშირი გამოჩენა აღიზიანებდა, ზოგს - შენი პოლიტიკური პასიურობა, უმოქმედობა და ასე შემდეგ.

- მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც სხვაგვარად იფიქრებს, რაღაცების კეთებას არ უნდა შეუშინდე. ცხოვრებაზე ქართული თვალსაზრისი კი ასეთია - საზოგადოებრივმა აზრმა შეიძლება პირადი ცხოვრებაც კი დაგინგრიოს. პირადი თვალსაზრისი ერთია, ხოლო შემოქმედებითი ცხოვრება, პროფესია და ხალხის სიამოვნებისკენ მიმართული შენი ენერგია - მეორე. ჩემს თვალსაზრისს ახლობლებთან დაუფარავად ვიტყვი, სახალხოდ კი შეიძლება სიმართლე არც გითხრა, ამიტომ მოტყუებას გაჩუმებას ვამჯობინებ. ან, იქნებ, გირჩევნია, მოგატყუო? მაგრამ მაშინ მატყუარა გამოვალ, არადა, არ მიყვარს ტყუილი, არც მითქვამს და არც ვიტყვი (ბრაზობს)! მაინც პოლიტიკამდე მივედით, არა? ხომ ვთქვით, არ ვილაპარაკებდით ამაზე? შორიდან კი მომიარე-შემომიტიე, მაგრამ კარგი ფსიქოანალიტიკოსი ვარ და ვერ გამომაპარებ.

- მაშინ პირდაპირ გკითხავ - რატომ გაღიზიანდა შენით მაყურებელი?

- იცი, რამდენი უკმაყოფილო ჰყავდა "ვის უნდა ოცი ათასს"? წელიწადში 48 ადამიანზე მეტს ვერ დაეხმარებოდი, თვეში კი 3000-მდე წერილი მოდიოდა, ამიტომ უამრავი ადამიანი უკმაყოფილო რჩებოდა. ასევე ხდებოდა "ჯეოსელის" გათამაშებისას - 3 კაცი იგებდა, დანარჩენი მე მაგინებდა. მგონი, სტადიონზე მსაჯს არ აგინებენ იმდენს, რამდენსაც მე მაგინებდნენ, - ჩემი ნომერი რატომ არ ამოიღეო. რაც შეეხება ტელევიზიით ხშირ გამოჩენას, ვიცი, რითაც დაიწყო გაღიზიანება: ერთ-ერთ გადაცემაში, ოღონდ არ დავასახელებ, თქვეს: შინ უთოც რომ ჩართო, იქაც დუტა იქნებაო და ეს ხალხმა აიტაცა. თორემ, თუ გაიხსენებ, მხოლოდ "ჯეოსელის" რეკლამებში ვიყავი და "ჯეოსტარში". დანარჩენი ერთმანეთს ენაცვლებოდა, პარალელურად არაფერი ყოფილა და მხოლოდ რამდენჯერმე დაემთხვა ერთ დღეს ორი პროექტი.

- თუნდაც შემეწინააღმდეგო, მაინც ვერ ავცდებით თელავის თეატრზე საუბარს. ყოველთვის ამაყობდი შენი თელაველობით, ფაქტობრივად, თელავის თეატრში გაიზარდე, რატომ დათანხმდი მის მართვას, თუკი ამ საქმეს ვერ გასწვდებოდი, თანაც რამდენი მოიმდურე?

- ვერ მიხვდნენ, რა მინდოდა და გამომიშვეს. ახლა კი იმ ხალხს დავპირდი: რაც იყო, იყო, ყველაფერი დავივიწყოთ და არც მე ვიტყვი რაიმეს, არც თქვენ ილაპარაკოთ ამაზე-მეთქი. ამიტომ თავს შევიკავებ და არაფერს გიპასუხებ, რადგან იქაურებს და ჩვენს სიტყვას პატივს ვცემ.

- მხოლოდ ის მითხარი, რას ვერ მიგიხვდნენ?

- თავიდანვე ვერ ავუხსენი კარგად, რისთვის ჩავედი. ეს ჩემი პრობლემა იყო. დირექტორად არ ჩავსულვარ მათთან, დასახმარებლად ჩავედი.

- ძალიან რომ დაგიპირისპირდნენ, მაშინვე წამოსულიყავი.

- წამოვედი კიდეც. მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველა არ დამპირისპირებია... მიხარია, რომ დღეს პაატა გულიაშვილი ხელმძღვანელობს იმ თეატრს და ვისურვებ, ბევრი კარგი რამის გაკეთება მოახერხოს. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი ჩასვლითაც მოვახერხე თელავის თეატრის ცხოვრებაში გარდატეხის შეტანა - თუნდაც ამით უძრაობის ხანა დასრულდა იქ. საკმაოდ საინტერესო პროექტი მქონდა დაწერილი, კონსულტაციებიც გავიარე. ბევრი რამეც გავაკეთე იქ საკუთარი ხელით, ძალით და ხარჯით, მაგრამ მაინც გამაკრიტიკეს...

- შეცდი, თეატრის თუნდაც დასახმარებლად მართვას რომ დათანხმდი?

- არა, რადგან დღეს ზუსტად ვიცი, ვისთან შეიძლება ურთიერთობა და ვისთან - არა. მარტო თეატრში არა, თელავშიც (იღიმის). ადრე ვერ წარმომედგინა, ახლა კი შევძელი, რომ ვიღაცას მივესალმო, ვიღაცას - არა.

- "რუსთავი 2"-დანაც წამოხვედი... არ ნანობ?

- არა. ცხელ გულზე არაფერი გადამიწყვეტია, ვიფიქრე და საღ, დაწყნარებულ გონებაზე გადავწყვიტე. სეზონი ბოლომდე რომ მივიყვანე, გამოვაცხადე, მივდივარ-მეთქი, გადავკოცნე მეგობრები და წამოვედი. ისე წყნარად და მშვიდად წამოვედი, ვერავინ დაიჯერა ჩემი წამოსვლა. მაგრად ეწყინათ და აღარ მელაპარაკებიან. არადა, დიდხანს შემიძლია მოთმენა, ვუფრთხი­ლდები ურთიერთობებს, მაგრამ თუ ყელ­ში ამომასხა, ძალიან რადიკალური ვარ.

- დუტა, ახლახან გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს მიერ 2012 წელს დაფინანსებულ პროექტთა სია და დახარჯული კოლოსალური თანხები...

- მეც წავიკითხე. მანდ პროექტების სატელევიზიო რეკლამების თანხებიცაა შესული. ეს კი ძალიან ძვირად ფასობს... თუმცა მაინც შოკისმომგვრელი ინფორმაციაა...

- გავიგე, ხეზე მუშაობამ გაგიტაცა.

- ამ ზაფხულს გამოფენასაც ვგეგმავდი, მაგრამ მინსკის გადაღებამ შემიშალა ხელი. მაგარ რაღაცას ვაკეთებ, ოღონდ ახლა ვერ გაგიმხელ. ვიმედოვნებ, წინ კარგი ამბები მელის. მთავარია, მთვარის ფაზების ცვლილებამ არ ამირიოს გუნება (იცინის). კირჩხიბი ვარ, წყლის ნიშანი და, თურმე, ეს ცვლილებები საგრძნობლად მოქმედებს ჩემზე - დავაკვირდი: ნახევარ თვეს კარგად ვარ, ნახევარ თვეს - ცუდად, საერთოდაც, ასტროლოგიის მჯერა (მეც წყლის ნიშანი ვარ-მეთქი, დასრულებული არ მქონდა, ამომიცნო: თევზები ხარო. ჩანს, მართლაც ერკვევა ფსიქოლოგიასა და ასტროლოგიაში - ი.ხ.)

- სამი შვილი გყავს, მსახიობობას აპირებს რომელიმე?

- უფროსი გოგონა 20 წლისაა, გერმანიაში ცხოვრობს და ინფორმატიკას სწავლობს. შუათანა - 14 წლის ნინი რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობდა, ვაჟი - ლუკა რვა წლისაა და ჩვენს ერთ-ერთ ფილმში გადავიღეთ მთავარ როლში. მგონი, კარგად გამოუვიდა. სიმართლე გითხრა, არც ველოდი, ამდენს თუ შეძლებდა. ცოტა უცნაური ბიჭია. თუ რაიმე ეწყინა, თავის ოთახში შეიკეტება და შეუძლია სამ საათს გაუნძრევლად და მდუმარედ იყოს. როგორც მე გამზარდეს თავისუფლად, ვცდილობ, შვილებიც დამოუკიდებლობას მივაჩვიო, ასე რომ, პროფესიასაც თვითონ შეირჩევენ, მე არ ჩავერევი...

ინტერვიუ: დუტა სხირტლაძე - "პაპსადან ხელოვნებამდე"

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება