ვინ უნდა მართოს ქართული თეატრი?

ვინ უნდა მართოს ქართული თეატრი?

ბოლო დღეებში ხალხმრავლობა და აჟიოტაჟია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში - ნაწილი ადამიანებისა სწორედ იქ, იმ შენობასთან და შენობაში აპროტესტებს თბილისის თეატრების მმართველობაში მომხდარ ცვლილებებს. ამასთან დაკავშირებული სჯა-ბაასი და დებატები არც ტელევიზიით ცხრება. საკადრო ცვლილებების პარალელურად, ბევრისთვის თვით ცვლილების ფორმაა მიუღებელი. ფაქტი კი ის არის, რომ რუსთაველის თეატრიდან წინა ხელისუფლების მიერ ხმაურით გაშვებული დიდი მაესტრო - რობერტ სტურუა ხმაურითვე და ულტიმატუმით დაბრუნდა თეატრში, რასაც მმართველის - ზაალ ჩიქობავას საკუთარი განცხადებით წასვლა მოჰყვა. განცხადება დაწერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველმა, დავით საყვარელიძემაც. უცნობია, ვინ იქნება შემდეგი და ვინ დაიკავებენ გათავისუფლებული მმართველების ადგილებს, ან საერთოდაც, დარჩება თუ არა თეატრებში მმართველის ინსტიტუტი, რადგან კულტურის სამინისტრო თეატრებთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტზე მუშაობს.

რა ტენდენცია გამოიკვეთა კულტურის სამინისტროს მხრიდან თეატრის პოლიტიკაში, აუცილებელია თუ არა სტრუქტურის ცვლილება და ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს თეატრს, ამაზე თეატრმცოდნე მანანა გეგეჭკორი გვესაუბრება:

- ამ საკითხებზე ბევრი მიფიქრია და არა მარტო, დღეს. უშუალოდ, თეატრალურ საზოგადოებაშიც, რომელსაც გოგი ქავთარაძე ხელმძღვანელობს, არაერთხელ შევკრებილვართ და ქართული თეატრის განვითარებაზეც გვისაუბრია. განვითარებაში არა მხოლოდ შემოქმედებით მხარეს - ფინანსურსაც ვგულისხმობ. თეატრისთვის აუცილებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ფული, უნარიანი ხელმძღვანელობა ანუ გამართული მენეჯმენტი. ჩვენი თეატრის უახლოეს ისტორიაში სახელმწიფოს პოლიტიკა თეატრებთან მიმართებაში, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ძველი კულტურის მინისტრი სპექტაკლებს არ ესწრებოდა. მას შეიძლება, ჯაზი უფრო მოსწონდა, მაგრამ როცა მინისტრი ხარ, ვალდებულიც ხარ, სპექტაკლებს დაესწრო. არც ერთი თეატრის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული სადადგმო ხარჯები. სამინისტრო და ქალაქის მერია მხოლოდ ერთჯერადად აფინანსებდა თეატრს, ამიტომ ამ უკანასკნელს თვითონ უხდებოდა სხვადასხვა საშუალებით თანხების მოძიება.

რაც შეეხება უახლოეს დღეებში მომხდარ ცვლილებებს: სიმართლე გითხრათ, ოპერის თეატრიდან დავით საყვარელიძის შესაძლო წასვლაზე მანამდე არაფერი მსმენია. აი, რუსთაველის თეატრზე კი უნდა ვთქვათ - რობერტ სტურუასა და ზაალ ჩიქობავას შორის ვერაფრით დამყარდა ის ურთიერთობა, რაც თეატრის ორ ხელმძღვანელს შორის უნდა დამყარებულიყო.

- შეიძლებოდა კი დამყარებულიყო მას შემდეგ, რაც რობერტ სტურუა მართლაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს თეატრიდან?

- პრობლემაც ეს არის. ჩვენ გვაქვს სამხატვრო ხელმძღვანელისა და მმართველის მშვენიერი მაგალითი მარჯანიშვილის თეატრში, რომელსაც ერთ პოზიციაზე მდგომი ადამიანები - ლევან წულაძე და ეკა მაზმიშვილი ხელმძღვანელობენ. "რუსთაველში" ასეთი რამ ვერ მოხერხდა და ვფიქრობ, ეს პიროვნულ დაპირისპირებას ეფუძნება.

- ზაალ ჩიქობავა თავის წასვლას პოლიტიკურ ზეწოლას უდებს სარჩულად. სხვათა შორის, ბატონმა გოგი ქავთარაძემ ბრძანა, თეატრის მმართველები პოლიტიკური ნიშნით დანიშნეს და ჩვენც პოლიტიკური ნიშნით ვხსნითო.

- თეატრი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. თუ ადამიანი საქმეს კარგად აკეთებს, უნდა აკეთოს კიდეც. მიუხედავად გოგი ქავთარაძისადმი დიდი სიყვარულისა, მის გამოთქმულ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. რაც შეეხება ზაალ ჩიქობავას, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, - თეატრის კაცია, მსახიობია, მაგრამ რეჟისორი არ არის. თეატრის ხელმძღვანელი სწორედ სარეპერტუარო პოლიტიკის წარმმართველი უნდა იყოს. ჩანს, ვერ აღმოჩნდნენ ერთ პოზიციაზე სტურუა და ჩიქობავა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ მრავალწლიანმა გაუგებრობამ რუსთაველის თეატრი დააზარალა. ვფიქრობ, წასვლაზე განცხადების დაწერით სწორი ნაბიჯი გადადგა ჩიქობავამაც და კულტურის სამინისტროც სწორად მოიქცა. ეს აუცილებლად წაადგება თეატრს. ჯერ არ ვიცით, რა გეგმები აქვს სტურუას, მაგრამ ვიმედოვნებ, ის მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს თეატრის ცხოვრებაში.

- ბატონმა რობერტმა ბრძანა, თეატრში დიქტატურას დავამყარებო...

- ქართველები კარგად ვიცნობთ დიდ რეჟისორს - გიორგი ტოვსტონოგოვს. ის ამბობდა, რომ თეატრი ნებაყოფლობითი დიქტატურაა და თუ თეატრში გინდა მუშაობა, ამ დიქტატურას ანუ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორს უნდა დაემორჩილოო. ალბათ სწორედ ასეთ დიქტატურას გულისხმობდა სტურუა, თორემ ვერაფრით დავიჯერებ, რომ ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შემოქმედებით ებრძოდა დიქტატურას - გაიხსენეთ "რიჩარდ III", "ყვარყვარე", "მეფე ლირი", - თვითონ გახდეს დიქტატორი. ამას მომავალში დრო გვიჩვენებს. ახლა ის უკვე თეატრის სრულუფლებიანი ხელმძღვანელია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- და მაინც, თქვენი აზრით, ვინ უნდა მართოს თეატრი?

- 1999 წელს მიღებულ კანონში "თეატრების შესახებ" (რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კანონია, რაც კი წამიკითხავს), 2006 წელს მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მმართველის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებდა. ამ კანონთან სერიოზული პრეტენზია მაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ თეატრის მმართველი უნდა იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, როდესაც მსახიობი რეჟისორის პროფესიასაც ითავსებს (როგორც ავთო ვარსიმაშვილისა და დათო დოიაშვილის შემთხვევაშია), მსახიობი სპექტაკლს ვერ დადგამს ან სხვის დადგმულშიც ვერ შეიტანს კორექტივებს. მსახიობ მმართველს თეატრის რეპერტუარის განსაზღვრა და რეჟისორების მოწვევაც გაუძნელდება. ჯერჯერობით მუშავდება ახალი კანონი "თეატრების შესახებ". მასზე ყველა სფეროს წარმომადგენელი, მათ შორის - თეატრის კრიტიკოსთა ასოციაციის წარმომადგენლები, თეატრმცოდნეებიც ვმუშაობთ და ჩვენი შესწორებები და წინადადებები შეგვაქვს კულტურის სამინისტროში. არის ვერსია, რომ თეატრს ხელმძღვანელობდეს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც მთლიანად ჩაიბარებს შემოქმედებით მხარეს. თეატრში იქნება დირექტორიც, რომელიც ფინანსურ მხარეს მოაგვარებს, რიგ საკითხებს კი ისინი ერთობლივად გადაწყვეტენ. ახალ კანონპროექტში არის ერთი პუნქტი, რომელიც მაშფოთებს: იქ წერია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში სამხატვრო ხელმძღვანელს შეუძლია, დირექტორის ფუნქციაც შეითავსოს. მაშფოთებს იმიტომ, რომ დაკონკრეტებული არ არის ეს "განსაკუთრებული შემთხვევები". ხომ შეიძლება, მაგალითად, სამხატვრო ხელმძღვანელმა თქვას, ჩემს დირექტორს სურდო აქვს და მე უნდა შევითავსო მისი ადგილიო? ამიტომ, ეს შემთხვევები პუნქტებად უნდა ჩამოიწეროს, რათა კანონმა დაგვიცვას დიქტატურისგან. მთელი არსებით ვეწინააღმდეგები ყველანაირ დიქტატურას, მაგრამ თუ ეს გარდაუვალია თეატრში, მაშინ აჯობებს, ისევ შემოქმედი ადამიანი იყოს დიქტატორი (იღიმის).

- ძალიან მძიმე ვითარებაა რეგიონულ თეატრებში. ახალ კანონპროექტში ალბათ რეგიონულ პოლიტიკასაც ეთმობა პუნქტები.

- ჩვენი - თეატრმცოდნეებისა და კრიტიკოსების დიდი შეცდომაა, რომ საუბარს ყოველთვის დედაქალაქის თეატრებით ვიწყებთ. ალბათ, რეგიონის შემთხვევაში არ გამოვა, ხელმძღვანელად სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავდეს თეატრს. საქართველოში 50-მდე თეატრია და სად არის ამდენი შემოქმედებითი ძალა, რეგიონში წავიდეს და ნორმალური ხელფასი და საყოფაცხოვრებო პირობები ჰქონდეს?! ჯერჯერობით ამ კანონში კონკრეტული არაფერი წერია რეგიონულ თეატრებზე, მაგრამ ალბათ ჩაიდება გარკვეული პუნქტები. ვიცი, რომ ბევრი კერძო პირისგან შედის წინადადებები კულტურის სამინისტროში და იმედია, ყველა მოსაზრება შეჯერდება. აუცილებელია, რომ კარგი კანონი მივიღოთ.

- ნუ მიწყენთ, და პროფესიონალთა შეფასება-კრიტიკაც აკლია ჩვენს თეატრალურ ცხოვრებას.

- კი, ბატონო, დავწერ, მაგრამ სად დავბეჭდო? ასპარეზი აღარ არის. ერთადერთი ჟურნალი არსებობს - "თეატრი და ცხოვრება". შეგვპირდა კულტურის სამინისტრო და იმედია, გამოაცხადებს კიდეც ტენდერს ჟურნალ "ხელოვნებაზე", სადაც ხელოვნების ყველა დარგის ცხოვრება გაშუქდება. სამწუხაროდ, თეატრებსაც აღარ აინტერესებთ, რას ფიქრობენ კრიტიკოსები, თეატრმცოდნეები მათ სპექტაკლებზე. თუ კრიტიკულს დაწერ რამეს, სწყინთ. აღარც სატელევიზიო გადაცემები არსებობს თეატრზე. კულტურის სამინისტრო სახელოვნებო ტელეარხის გახსნასაც აპირებს და ძალიან მიხარია.

- რას ფიქრობთ, უახლოეს ხანში კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ თეატრებში?

- არ ვიცი, რა გეგმები აქვს კულტურის მინისტრს, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცნობ მის მოადგილეს, მანანა ბერიკაშვილს, რომელიც ერკვევა თეატრის პრობლემებში. ეს მაიმედებს, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდება თეატრალურ სფეროში. ვფიქრობ, გაზაფხულზე "თეატრების შესახებ" ახალ კანონსაც მიიღებენ, რაც საორგანიზაციო ცვლილებებს გამოიწვევს და თეატრის ხელმძღვანელი მართლაც სამხატვრო ხელმძღვანელი გახდება.

- სწორად მიგაჩნიათ აღებული კურსი?

- მიჭირს ამაზე ლაპარაკი. მინდა, კონკრეტული შედეგების მიხედვით შევაფასო, ჯერ კი ცოტა დროა გასული. დავაცადოთ, რას გააკეთებენ. მოთმინება გვმართებს. თუმცა, კრიტიკულნი და მომთხოვნი უნდა ვიყოთ იმ ადამიანებისადმი, ვისზეც ჩვენი ბედია დამოკიდებული!

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება