რატომ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში სანდრო ქადაგიძეს

რატომ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში სანდრო ქადაგიძეს

მოგეხსენებათ, მუსიკალური პროექტის - "ახალი ხმა" ერთ-ერთი ფინალისტი სანდრო ქადაგიძე გახდა. ის ამბობს, რომ "ჯეოსტარის" წყალობით იმედგაცრუებულს არ ეგონა, ოდესმე სცენაზე გასვლის სურვილი თუ გაუჩნდებოდა, მაგრამ "ახალმა ხმამ" მას გარისკვისკენ უბიძგა და სურვილიც აუხდა.

- ათი წლიდან, მთელი ხუთი წლის განმავლობაში, სიმღერაზე თამრიკო ჭოხონელიძესთან დავდიოდი. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. შემდგომ უკვე სხვა მასწავლებლებთან გავაგრძელე სიარული... იმას ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ, მაგრამ ქალბატონი თამრიკოს კონცერტებზე ბევრჯერ მიმღერია და მის შვილთან - მარიამთან ერთადაც ვმდგარვარ სცენაზე. იმასაც გეტყვით, რომ ერთი წლის წინ, ბედობა დღეს სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, ლაშა ზაალიშვილმა დამირეკა, რომელსაც ჩემი შესრულებული ქართული სიმღერა მოუსმენია და მოსწონებია. მან შემომთავაზა, სიონში მივსულიყავი და მეგალობა. ცხადია, ამ შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს. საერთოდ, ვცდილობ, ტაძარში ხშირად ვიარო და ზოგჯერ, პატრიარქსაც ვხვდები, რაც ძალიან მახარებს.

- "ახალ ხმამდე" რომელიმე ქართულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობის სურვილი არ გაგჩენია?

- "ჯეოსტარზე" ვცადე ბედი, თუმცა 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის ვერ მოვხვდი. ამის შემდეგ აღარ მქონდა იმის ხალისი, რომ რომელიმე სხვა კონკურსზე გავსულიყავი. ვიფიქრე, - ვიდრე არ დავიხვეწები, სცენაზე არ გავალ-მეთქი... ერთხელ დათო არჩვაძემ გააკეთა გოგი დოლიძის საღამო, რომელსაც მე და ჩემი ოჯახიც ვესწრებოდით. იმ დღეს დათომ მითხრა, - შენც იმღერეო. სიმღერა მისივე აკომპანემენტით შევასრულე. ისე მოხდა, რომ დამსწრე საზოგადოებას ჩემი ნამღერი მოეწონა. აღნიშნულ საღამოს პროექტის - "ნუცას სკოლა" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მათ შემომთავაზეს, კასტინგზე მივსულიყავი. მოგეხსენებათ, "ნუცას სკოლაში" მოვხვდი და ფინალშიც გადავედი.

- შენი ოჯახის წევრებიც მღერიან?

- მამა, ბაბუა და ბებია მღერიან. უმცროსი ძმა მყავს, რომელიც კარტინგში საქართველოს ჩემპიონია. მას კარგი სმენა აქვს, მაგრამ არ მღერის, მხოლოდ სპორტით არის გატაცებული. მინდა გითხრათ, რომ ადრე ფეხბურთელობა მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, თვალებზე რაღაც პრობლემის გამოM, მითხრეს, - შენთვის თამაში არ შეიძლებაო. კიდევ, ცურვაზე დავდიოდი და სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, ბოლო სამი წლის გამოკლებით (იცინის). ახლა "გეპეიში", არქიტექტურულზე ვსწავლობ. თუმცა, მეცადინეობით თავს ნამდვილად არ ვიკლავ. ვფიქრობ, კონსერვატორიაში ხომ არ ჩავაბარო-მეთქი?!.

გარდატეხის ასაკში, როდესაც სიმღერა შევწყვიტე, ბილიარდსაც ვთამაშობდი და ამან ერთი პერიოდი სერიოზულად გამიტაცა, მაგრამ "ახალმა ხმამ" ბევრ რამეზე დამაფიქრა და ჩემი თავი მაპოვნინა; მივხვდი, რა უნდა გავაკეთო მომავალში, ეს კი მერაბ სეფაშვილის, რუსა მორჩილაძის, რუსა ბახტაძისა და ქეთი გაბისიანის დამსახურებაა. ამ ადამიანების წყალობით სიმღერას დავუბრუნდი.

- საინტერესოა, რატომ გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა, მით უმეტეს, რომ მომღერლის კარიერაზე აღარ ფიქრობდი?

- ადრე უცხოური "ხმა" მქონდა ნანახი და ძალიან მომწონდა. მომწონდა ის, რომ ამ პროექტში აფასებდნენ მომღერლის ხმას და არა - გარეგნობას. მერე მეგობარმა მითხრა, "ახალი ხმის" კასტინგი დაიწყო და ხომ არ დარეგისტრირდებიო? დავფიქრდი და მივხვდი, რომ მინდოდა, გამერისკა. თუმცა არც ველოდი, რომელიმე ტურში თუ გავიდოდი. გამოგიტყდებით და თავიდანვე მქონდა სურვილი, მერაბის გუნდში ვყოფილიყავი და გამიმართლა კიდეც.

- მერაბის დამსახურება თუა, ფინალში რომ გადახვედი?

- მისი დიდი დამსახურებაა, ყოველთვის ძმაკაცურად გვერდში მედგა. სხვა გუნდში არ ვიცი, რა როგორ ხდებოდა, მაგრამ ჩვენი გუნდის წევრები იმას ვმღეროდით, რაც ჩვენივე გულიდან მოდიოდა, რაც არა მარტო კონკურსანტებს, არამედ მწვრთნელსაც მოსწონდა... ნამდვილად მქონდა იმის სურვილი, რომ ფინალამდე მიმეღწია და მომეგო კიდეც ეს პროექტი, მაგრამ ჩემი სურვილი რეალობად თუ იქცეოდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი. ამ პროექტამდე მხოლოდ ქართულ სიმღერებს ვმღეროდი, "ახალმა ხმამ" კი უცხოური სიმღერების შესრულებაც შემაძლებინა.

- როგორი დამოკიდებულება იყო მონაწილეებს შორის?

- კონკურსანტებს მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, ერთმანეთს ვამხნევებდით კიდეც. გაგიკვირდებათ და კონკურენტებს ასე ვამხნევებდით: "შენ გადახვალ შემდეგ ტურში!" თავს დავდებ იმაზე, რომ ყველას გვსურდა, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოგვევლინა. მგონი, კარგი კონცერტი გამოგვივიდა.

- სანდრო, შეყვარებული გყავს?

- შეყვარებული არ მყავს. საერთოდ, არა მარტო გარეგნულად, სულიერადაც "ლამაზი" გოგონები მომწონს. ქალმა ჩემი გული რომ მოიგოს, ჭკვიანი და ღირსეული უნდა იყოს, ქართულ ტრადიციებს უნდა სცემდეს პატივს. პირადად მე, ტრადიციების მიმდევარი და ეკლესიური ვარ. რაღაცებს მოდის გამო არ ვაკეთებ...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ჯერჯერობით არანაირი სამომავლო გეგმა არ მაქვს. კლიპის გადაღებას და სიმღერის ჩაწერას არ ვაპირებ მანამ, ვიდრე კიდევ ბევრ რამეს არ ვისწავლი. ვნახოთ, რა იქნება.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება