ჩინური გარეგნობის ქართველი მოდელი

ჩინური გარეგნობის ქართველი მოდელი

ის პირველად "თბილისი ფეშენ ვიკზე" ვნახე და მაშინვე ვიკითხე, - სამოდელო სააგენტო "ნატალის" ჩინელი მოდელი ჰყავს-მეთქი? მიპასუხეს: ეს გოგონა ჩინური გარეგნობის ქართველი მოდელიაო. პოდიუმზე ძალიან ეფექტური იყო, მომეწონა. არადა, ნინა ფოცხიშვილი ჯერ მხოლოდ 13 წლის არის, მაგრამ მოდის სამყაროში (და არა მარტო მოდის სამყაროში) დიდი პოპულარობით სარგებლობს. გადაღებულია რამდენიმე ვიდეორგოლში, მოკლემეტრაჟიან ფილმში და ცოტა ხნის წინ, ნოდიკო ტატიშვილის კლიპშიც გადაიღეს.

- ნინა, პირველად რომ დაგინახე, ჩინელი მეგონე...

- ყველას ჩინელი ვგონივარ და ამას შეჩვეული ვარ... რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, დედა მყავს ჩინელი.

- რას საქმიანობ?

- ვსწავლობ სკოლაში "იბ მთიები". მერვე კლასში ვარ. ამასთან, ერთი წელია, რაც სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი გავხდი...

- შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

- დედა, როგორც უკვე გითხარით, ჩინელია, მამა - ქართველი. ოჯახში ვცხოვრობთ მამა, ბებო, ჩემი 10 წლის დაიკო და მე. რაც შეეხება დედას, ის ამერიკაშია. ჰო, სახლში კიდევ ორი ძიძა გვყავს. ისინი წლებია, ჩვენთან მუშაობენ... მე მექსიკაში ვარ დაბადებული. გარკვეული პერიოდის მანძილზე, მშობლებთან ერთად, ჩინეთში ვცხოვრობდი, შემდეგ კი მამამ საქართველოში ჩამომიყვანა. 3 წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი და მას მერე თბილისში ვცხოვრობ და ვიზრდები. შეიძლება ითქვას, რომ ბებოს გაზრდილი ვარ. მზრდიდნენ ძიძებიც... მამა პროფესიით ფიზიკოსია, დედა - ეკონომისტი. მათ ერთმანეთი ჩინეთში გაიცნეს და დაქორწინდნენ. მექსიკაში იმიტომ გავჩნდი, რომ მშობლები იქ დასასვენებლად იყვნენ ჩასულები და ჩემი დაბადების დრო რომ მოვიდა, ჩინეთში დაბრუნება ვეღარ მოასწრეს... აი, ჩემი და კი ჩინეთში დაიბადა... რაკი ბებომ გამზარდა, ამის გამო მას დედად მივიჩნევ და ის ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს.

- ქართველს, არაქართული გარეგნობა უხერხულ სიტუაციას ხომ არ გიქმნის?

- პატარაობიდანვე ყველა იმას მეკითხებოდა, - ჩინელი ხარო? ქუჩაში რომ მივდიოდი, ვგრძნობდი, ჩემს ზურგს უკან როგორ ჩურჩულებდნენ. ახლაც ასეა, მაგრამ ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ, ადრე კი ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა. თუმცა, სიმორცხვის გამო პროტესტს ვერ გამოვხატავდი... ბაღში 3 წლის ასაკში მიმიყვანეს, სკოლაში 6 წლისა წავედი. რა თქმა უნდა, ყველგან გაკვირვებულები მხვდებოდნენ... ჩინური სისხლი რომ თავისას შვრება, ამას თქვენც ხედავთ, მაგრამ საკუთარ თავში ქართველს უფრო მეტად ვგრძნობ; თვალები კი მაქვს დედის, მაგრამ სახის სხვა ნაკვთებით მამას და ბებოს ვგავარ... მამა უზომოდ მოწესრიგებული ადამიანია, პუნქტუალური. უყვარს, როდესაც ბავშვს სწორად გაწერილი დღის რეჟიმი აქვს და თავიდანვე მაქსიმალურად დამტვირთა. მან სკოლის პარალელურად, ისეთ სტუდიაში მიმიყვანა, სადაც სპორტში, სიმღერასა და ცეკვაშიც მამეცადინებდნენ. ამ სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება დღეს ძალიან მეხმარება.

- ე..ი. ცეკვავ, მღერი და სპორტულიც ხარ?

- ჰო. იმ სტუდიაში ტანვარჯიშში ვვარჯიშობდი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ჰარმონიულად ვიზრდებოდი, რაც მამაჩემის დამსახურებაა და ამისთვის მას მადლობას ვუხდი... მამა სულ იმას მეუბნება, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო სწავლა-განათლებას. მისთვის მთავარია: ბავშვი იყოს განათლებული, ჯანმრთელი და ჰქონდეს სწორი დღის რეჟიმი.

- მოდელი რომ ხარ, ეს თუ მოსწონს?

- ის სულ ბოლო საფეხურზე აყენებს ჩემს სამოდელო კარიერას. თავიდან, როდესაც მოდელობა დავიწყე, არ მოეწონა, მაგრამ მერე ეს საქმე რომ გამომივიდა და გარკვეული წინსვლაც მქონდა, მანაც შემაქო.

- სამომავლოდ, მამა რა პროფესიას გირჩევს?

- პროფესიას თავად ავირჩევ. ტექნიკური სფეროს პროფესიები მომწონს. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ სახლში ყველა ტექნიკური დარგის სპეციალისტი მყავს: ბიოლოგი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი... ძალიან მიყვარს მათემატიკა. ჯერ პატარა, სულ რაღაც 13 წლის ვარ, მაგრამ მაინც შემიძლია, გარკვეული რჩევა მივცე მათ, ვისაც ეს სჭირდება: მათემატიკის გარეშე ადამიანი ცხოვრებაში სერიოზულს ვერაფერს მიაღწევს. ჩემი აზრით, მათემატიკაა მთლიანად ცხოვრება, აზროვნება. თუ ეს საგანი კარგად იცი, ე.ი. სწორად აზროვნებ, ლოგიკა გაქვს და ცხოვრებას სწორად გეგმავ.

- პირველად პოდიუმზე "თბილისი ფეშენ ვიკზე" გნახე...

- სამოდელო სააგენტო "ნატალიში", ნატა სამადალაშვილთან შარშან მივედი. შემოდგომაზე "თბილისი ფეშენ ვიკის" კასტინგში ვმონაწილეობდი. არ მეგონა, თუ გავიდოდი, რადგანაც მოდელობა ახალი დაწყებული მქონდა, მაგრამ გამიმართლა, კასტინგზე "ფეშენ ვიკისთვის" შემარჩიეს. ისეთ გრანდიოზულ ღონისძიებაში, როგორიც "ფეშენ ვიკია", პირველად მომიწია გამოსვლამ. მოგეხსენებათ, ის ერთი დიზაინერის ჩვენება არ გახლავთ, მასში მოდის სფეროს უამრავი პროფესიონალი წარმომადგენელია ჩართული: დიზაინერი, მოდელი... ჰოდა, მოდელმა ამა თუ იმ დიზაინერის ნამუშევარი ღირსეულად უნდა წარადგინო. მოკლედ, უამრავ გამოცდილ მოდელს შორის ვიყავი ახალბედა და როგორც მითხრეს, თავი კარგად წარმოვაჩინე. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეშინოდა, მაგრამ ამ საქმისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე და ის შიში, რომელიც პოდიუმზე გასვლამდე მქონდა, სადღაც გაქრა... ამიტომაც ვაგრძელებ მოდელობას, მაგრამ ამ სფეროში საქმიანობას ბევრ დროს ვერ დავუთმობ, სწავლა-განათლების მიღებაზე სერიოზულად ვფიქრობ.

- როგორც ვიცი, ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ვიდეორგოლში, არაერთ ფოტოსესიასა და მოკლემეტრაჟიან ფილმშიც მიიღე მონაწილეობა. ბოლოს ნოდიკო ტატიშვილის ახალ კლიპში გიხილეთ, რომელიც ზაზა ორაშვილმა გადაიღო...

- კი, ასეა! თავიდან მგონი, ნოდიკომ "ფეისბუკზე" მნახა, მოვეწონე და მერე კრისტის სთხოვა, დამკავშირებოდა. მოკლედ, შემოქმედებით ჯგუფთან კრისტიმ მიმიყვანა.

- ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, არა?

- არც ისე ბევრი თაყვანისმცემელი მყავს...

- შეყვარებული არ ხარ?

- ჯერ არა... გათხოვებას 25 წლამდე არ ვაპირებ.

- როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს?

- პუნქტუალური, წყნარი, გაწონასწორებული ვარ და საკუთარი თავის კონტროლი შემიძლია. ვიცი, სად და როგორ უნდა მოვიქცე.

- როგორ ერთობი?

- გართობა მეგობრებთან ერთად მიყვარს. სხვათა შორის, ბევრი მეგობარი მყავს. ხალისიანი ბავშვები არიან. სულ ვმხიარულობთ. გვიყვარს ფეხით სიარული.

- რა გატაცებები გაქვს?

- მიყვარს ხატვა, სიმღერა. ნუცა ჯანელიძის მოსწავლე ვიყავი. ვგიჟდები ნუცაზე. "ნუცას სკოლაშიც" ვმონაწილეობდი. ბავშვობაში "ბასტი-ბუბუშიც" ვიყავი... მიტაცებს ფოტოების გადაღებაც.

- თავისუფალ დროს რას საქმიანობ?

- ვცდილობ, მხატვრული ლიტერატურა წავიკითხო. ისე, ძალიან დატვირთული კი ვარ, მაგრამ მაინც მინდა, ლიტერატურას მეტი დრო დავუთმო.

- შენი საყვარელი ფერი რომელია?

- ნაცრისფერი, ეს ხომ კლასიკური ფერია! საერთოდ, ჩაცმის კლასიკური სტილი მომწონს და როცა სტუმრად მივდივარ, ვცდილობ, ასე ჩავიცვა; სხვა დროს კი თავისუფალი სტილის სამოსსაც ვირგებ.

- პრანჭია ხარ?

- ზომიერად. გადაპრანჭვა არ მიყვარს. უპირატესობას სისადავეს ვანიჭებ. მიყვარს სამოსის ერთმანეთთან შეხამება.

- თინეიჯერი ხარ. რას იტყვი შენი თაობის ბავშვებზე?

- დღევანდელი თინეიჯერები მეგობრულები არიან. თუმცა, უფროსები ამბობენ, რომ ახალი თაობა არ ვარგა, მაგრამ ეს ხომ ყველა დროში ასე იყო... უბრალოდ, დღევანდელი თინეიჯერები, დროის შესაბამისად, სხვანაირად ვითარდებიან.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- მინდა, სასწავლებლად ლონდონში წავიდე.

- წარმატებებს გისურვებ!..

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება