რის მიხედვით ირჩევს მეგობრებს აჩიკო ნიჟარაძე?

რის მიხედვით ირჩევს მეგობრებს აჩიკო ნიჟარაძე?

"მთავარია, წიგნი საინტერესოდ იკითხებოდეს, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე და რუბრიკაში სტუმრობაზე სიამოვნებით მთანხმდება. მოგვიანებით დასძენს, რომ წასაკითხ ნაწარმოებებს ავტორების მიხედვით ირჩევს. ხშირად მეგობრების რჩევითაც ეცნობა. მისი საყვარელი მწერლები ვაჟა-ფშაველა და ნოდარ დუმბაძე არიან. სკოლის ასაკიდან მიდრეკილება ტექნიკური საგნებისადმი ჰქონდა, რამაც გავლენა პროფესიულ არჩევანზეც იქონია. ის ეკონომისტი, პროგრამისტია.

პრეამბულის მაგიერ

- პროზა უფრო გიყვარს თუ პოეზია?

- ორივე თანაბრად მიყვარს. როგორ შეიძლება, ქართველ კაცს პოეზია არ უყვარდეს? რომ გითხრა, ზეპირად ბევრი ლექსი ვიცი-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ სიმღერის ტექსტებს ადვილად ვიმახსოვრებ.

- წიგნი მოგიპარავს?

- არა, ოჯახში ყოველთვის კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა და რატომ უნდა მომეპარა?

- ბიბლიოთეკის განახლებაზე თავად თუ ზრუნავ?

- ახალ გამოცემებს ხშირად ვიძენ. ამ ბოლოს უმეტესად საბავშვო ლიტერატურას ვყიდულობ. ძალიან მინდა, ჩემი შვილი რომ გაიზრდება, წიგნები უყვარდეს. ჯერ იმდენად პატარაა, ზღაპრებსაც ვერ ვუკითხავ.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ამაზე არასდროს მიფიქრია, კონკრეტულად ერთის დასახელებას ვერ შევძლებ. ავირჩევ გმირს, რომელიც კეთილი და დადებითია.

- ცხოვრებაში მეგობრებს რა ნიშნით ირჩევ?

- ის ადამიანი აუცილებლად სამართლიანი და ერთგული უნდა იყოს.

- სკოლაში ყველაზე კარგად რომელ საგანს სწავლობდი?

- ტექნიკური საგნები მიზიდავდა, მათემატიკა, ფიზიკა...

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- ნორმალური. გააჩნია, რას შემეკითხები.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ არასდროს მითამაშია. უფრო სწორად, ახლა პირველად "ვთამაშობ" და ვღელავ.

- რადგან სკოლაში მათემატიკას კარგად სწავლობდი, პირველ კითხვას ამ საგნიდან დაგისვამ. რა არის მათემატიკაში წესიერი და არაწესიერი?

- წილადი.

- რომელ ჟანრს განეკუთვნება ცეკვა - "ქართული"?

- სატრფიალოს.

- რა ერქვა ოთარაანთ ქვრივს?

- სახელი არ ჰქონდა.

- რომელ უძველეს ხალხს მიაწერენ გამოთქმას: "ხელმა ხელთან ერთად სახლი ააშენა, მუცელმა მუცელთან ერთად სახლი დააქცია"?

- ზუსტად არ მახსოვს.

- ძველ შუმერებს.

- გეფიცები, ვფიქრობდი, შუმერები ხომ არ ვთქვა-მეთქი და რატომღაც გადავიფიქრე.

- ერთხელ კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ განაცხადა, რომ ეს არის მუსიკის ზოგიერთი სახეობის განუყოფელი ნაწილი და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რის შესახებ ლაპარაკობდა ვერდი?

- მინიშნებას ვერ მეტყვი?

- მას მომღერლები ხშირად იღებთ.

- აპლოდისმენტები?

- გამოიცანი. მოგზაურობა გიყვარს?

- ძალიან მიყვარს, მაგრამ საამისოდ თანხაა საჭირო, რომელიც არ მაქვს.

- რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

- 8 ქვეყანაში, მაგრამ ეს ცოტაა.

- საჭირო თანხა და დრო რომ გქონდეს, რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

- იტალიაში, იაპონიაში, ეგვიპტეში... ყველა ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს საოცრებებია.

- მოგზაურები ძველთაგანვე ცდილობდნენ, სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭელში შეენახათ. რატომ?

- მსმენია, რომ ვერცხლის ჭურჭელი წყალს კარგად ინახავს, ბაქტერიები ვერ მრავლდება.

- დიახ, წყლის გაუვნებლების მიზნით ინახავდნენ. საქართველოს რომელ რეგიონში მოგზაურობისას შეიძლება მოვინახულოთ ხახმატის, ახიელის, ლებაისკარის ციხეეები?

- ხევსურეთში.

- ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს. ყველაზე სწრაფად მოძრაობს. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- გულზე.

- ცდები.

- არ ვიცი.

- ენა. ეს მუსიკალური საკრავი ორნაირია - ენიანი და უენო.

- ხალხური საკრავია?

- დიახ.

- სალამური.

- რას უწოდა ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა "ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში"?

- არ ვიცი..

- მიგანიშნებ, ის გვხვდება ტელევიზიაში, პრესაში, ქუჩაშიც...

- რეკლამა?

- დიახ. 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციითა და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმის და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად. თავისი გამოსვლებით საბჭოთა საზოგადოების ზიზღი და სიძულვილი არაერთხელ დაიმსახურა... პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს. თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე" - ეს არის ამონაწერი გარიცხვის ოქმიდან. დაასახელე ეს მწერალი.

- კონსტანტინე გამსახურდია.

- ზესტაფონი, ქუთაისი, თბილისი, გორი: ამ ქალაქებიდან, რომელია ყველაზე ძველი?

- ქუთაისი.

- რომელ ნაწარმოებს უწოდებენ ბეთჰოვენის მუსიკალურ ანდერძს?

- მე-9 სიმფონიას, რომელიც მან დაყრუების შემდეგ დაწერა.

- ვის მიუძღვნა იგი?

- არ ვიცი.

- მის წერილებში ვკითხულობთ: "ჩემს ცხოვრებას ცოტა ხალისი შემატა ხალხში ყოფნამ, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ეულად, ნაღვლიანად გავატარე ბოლო 2 წელიწადი... აჩრდილივით მუდამ თან მდევდა ჩემი დაქვეითებული სმენა და გავურბოდი ხალხს. მიზანთროპს ვგავდი, სინამდვილეში სულაც არ ვარ ასეთი. ეს ცვლილება ჩემში მოახდინა საყვარელმა მშვენიერმა გოგონამ, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს". - ყველა ბიოგრაფის აზრით, ბეთჰოვენი აქ "ლაპარაკობს" ადამიანზე, რომელსაც მე-9 სიმფონია მიუძღვნა. ის მისი მოწაფე და მეგობარი იყო.

- სახელი და გვარი უნდა გითხრა? არ ვიცი.

- ჯულიეტა გვიჩარდი. "ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა წერია, ვინც"...

- "...მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".

- ვის უწოდებენ "ვალსების მეფეს"?

- შტრაუსს.

- რომელმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა ფილმისთვის - "მიმინო"?

- გია ყანჩელმა.

- როგორი ორკესტრი არ არსებობს - სიმფონიური, სასულე, ხალხურ საკრავთა, საორგანე თუ საესტრადო?

- საორგანე.

- "თქვენ ალბათ ფიქრობთ,/ კარგ ლექსს უკვე აღარავინ სწერს/ და რომ წუხილის ნავსადგურში ეშვება ღუზა./ მე ასე ვფიქრობ, ლექსის კითხვის ჟამს,/ მკითხველსაც უნდა სწყალობდეს მუზა". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ვერ ვიხსენებ.

- მორის ფოცხიშვილი. რამდენი პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო?

- 9 პლანეტა. სწორად მახსოვს?

- დიახ. რომელი ქვეყნიდან გავრცელდა სერენადა?

- იტალიიდან.

- სერენადა გიმღერია?

- წლების წინ, რამდენჯერმე მიმღერია.

- ცეცხლსასროლ იარაღში ერკვევი?

- არა, მაგრამ მაინც მკითხე, იქნებ გიპასუხო.

- რამდენ ტყვიას იტევს ნაგანის სისტემის რევოლვერის დოლი?

- მგონი 15-მდე, არა?

- მხოლოდ 7 ტყვიას იტევს. რა ფერის კოსტიუმი აცვია არლეკინს პოლ სეზანის სურათზე "პიერო და არლეკინო"?

- აუ!!! რაებს მეკითხები? არ მახსოვს.

- ნარინჯისფერი. რას ნიშნავს გერმანული წეს-ჩვეულება "ბრუდერშაფტი"?

- ვერ გეტყვი.

- ქეიფის დროს დამეგობრებას. ქართველებს ასე არაერთი მეგობარი გვყავს დამეგობრებული. ამ მდინარეზე 4 ევროპული ქვეყნის დედაქალაქი მდებარეობს.

- დუნაი.

- "მიცუბიშის" ლოგო გახსოვს?

- სამი რომბია.

- რას ნიშნავს სიტყვა "მიცუბიში" იაპონურად?

- არ ვიცი.

- სამ ბრილიანტს. თავად რომელი ფირმის ავტომობილით სარგებლობ?

- "ტოიოტას" ფირმის და უკმაყოფილო არ ვარ.

- დაბოლოს, დაასრულე აინშტაინის ცნობილი გამონათქვამი: "ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენოისები..."

- ვერ დავასრულებ.

- "...გენიოსები თავიდან იცილებენ".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება