პუერტო-რიკოში დაბადებული ქართველ-ჩინელი გოგონას ამბავი

პუერტო-რიკოში დაბადებული ქართველ-ჩინელი გოგონას ამბავი

მოდელი ნინა ფოცხიშვილი 13 წლისაა, თუმცა უფრო დიდის შეხედულება აქვს. სამი თვეა, რაც სამოდელო სააგენტო "ნატალიში" სიარული დაიწყო და მოდელის პროფესიას ეუფლება, თუმცა საბოლოოდ, ვინაიდან ტექნიკურ საგნებს კარგად სწავლობს და მის ნათესაურ წრეში თითქმის ყველა ტექნიკური საგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა, ძირითად პროფესიად ვერც მოდელობას ხედავს, ვერც სიმღერას, თუმცა კი "ნუცას სკოლაში" მონაწილეობდა და დღესაც ფიქრობს, რომელიმე მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.

ნინა ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპიდან გავიცანით, სადაც რუსა ჩაჩუასა და კრისტი ყიფშიძესთან ერთად მონაწილეობდა. ნოდიკოს მისი ფოტოები "ფეისბუქზე" უნახავს და მისი ეგზოტიკური გარეგნობით მოხიბლულა. ნინა ნახევრად ქართველია, ნახევრად - ჩინელი. დედა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ნინა კი 4 წლიდან საქართველოში მამასთან, კარლო ფოცხიშვილთან, ბებიასა და ძიძებთან იზრდება. ნინას პატარა და ჰყავს, რომელიც 10 წლისაა.

-  13 წლის ვარ, მაგრამ უფრო დიდს ვგავარ. ყველას 16-17 წლის ვგონივარ. ისე, აზროვნებითაც უფრო დიდი ვარ, ვიდრე 13 წლის გოგონას შეეფერება. პატარაობიდანვე ჩემს თანატოლებთან შედარებით ყოველთვის მაღალი ვიყავი.

-  სიმაღლის გარდა ისიც გამოგარჩევს, რომ ჩინელის გარეგნობა გაქვს.

-  ეს გარეგნობა დედის დამსახურებაა. დედა ჩინელია, მამა - ქართველი.

-  როგორ შეხვდნენ ერთმანეთს?

-  მამა ბიზნესმენია. ჩინეთში ჰქონდა ბიზნესი და იქ მუშაობდა. გაიცნო დედაჩემი, უფრო ვრცლად მათი სიყვარულის ამბავი არ ვიცი. მერე დაქორწინდნენ, ჯერ მე გავჩნდი, შემდეგ - ჩემი და. მე და ჩემი და მამასთან, ბებიასა და ძიძებთან ერთად ვცხოვრობთ (იღიმება).

-  საქართველოში დაიბადე?

-  არა, მექსიკაში, ქალაქ პუერტო-რიკოში. შემდეგ ჩინეთში ჩავედით, რადგან დედა ორსულად იყო. მერე კი, როდესაც 4 წლის გავხდი, საქართველოში ჩამოვედით.

-  იცი ჩინური?

-  არა. მინდა, ვისწავლო, მაგრამ ჯერ მინდა, რუსულსა და ინგლისურს დავეუფლო კარგად. მგონია, რომ ჩინურის სწავლა არ გამიძნელდება, რადგან მაინც გენეტიკაში მაქვს.

-  სკოლაში სწავლობ?

-  მერვეკლასელი ვარ. კერძო სკოლაში ვსწავლობ.

-  თავს უცხოდ არ გრძნობდი, როცა პატარა იყავი?

-  თავიდანვე ასე იყო, რადგან ხშირად მიყურებდნენ უცხოები, იყო კომენტარები, ცუდიც და კარგიც. ბავშვებს არასდროს არაფერი უთქვამთ, უფრო დიდებს. რომ დამინახავდნენ, ჩინელიო, ამბობდნენ და უსიამოვნოდ მიყურებდნენ. ეს ადრე ხდებოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ ხდება. სუფთა ჩინელის ტიპაჟი არც ვარ, რადგან ნახევრად ქართველი ვარ, უფრო სხვანაირი გარეგნობა მაქვს. ის ცუდი კომენტარები ხშირად არ უთქვამთ, ათასში ერთხელ იყო, მაგრამ მაინც დამამახსოვრდა. ხშირად მეუბნებოდნენ კომპლიმენტებს ჩემი გარეგნობის გამო. პატარაობიდან მიჩვეული ვარ, რომ განსხვავებული გარეგნობა მაქვს და ამაზე არასდროს მინერვიულია.

-  მამა რას საქმიანობს ამჟამად?

-  ახლაც ბიზნესშია. კარლო ჰქვია.

-  როგორი ტრადიციებით გაიზარდე?

-  მამა ჩვეულებრივად გვზრდი­და მეც და ჩემს დასაც, ქართული ტრადიციებით. ოჯახში ამაზე ყურად­ღებას არ ამახვილებდნენ, რომ განსხვავებული ვარ. მეც და ჩემი დაც მონათლულები ვართ. 3 წლის ვიყავი, როცა მომნათლეს.

-  მოდელობა როგორ გადაწყვი­ტე?

-  სანამ მოდელობით დავინტერესდებოდი, მანამდე სიმღერით დავინტერესდი. 7 წლის ვიყავი, პირველად ტელევიზიით რომ გამოვჩნდი. "ბასტი-ბუბუში" დავდიოდი და სიმღერა შევასრულე. "ბასტი-ბუბუში" სკოლიდან მოვხვდი, პატარების ასარჩევად იყვნენ მოსულები. "თბილისოს" ვმღეროდი. შემდეგ "ნუცას სკოლაში" მივიღე მონაწილეობა.

წინა წლის ზამთარს ფოტოგრაფ ქეთა გვინებაძესთან პირველი ფოტოსესია მქონდა. რადგან პირველად ვიდექი კამერის წინ, არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ კარგი ფოტოები გამოვიდა. როცა ფოტოები ახლობლებს ვაჩვენე, ყველას მოეწონა.

-  სააგენტოში რამდენი ხანია, რაც მიხვედი?

-  "ნატალიში" ჩემი სურვილით მივედი სამი თვის წინ. ჩემი ბიძაშვილი მეხმარებოდა სააგენტოს არჩევაში. რამდენიმე სააგენტოს პირობას გავეცანი და ბოლოს "ნატალი" შევარჩიე. 13 წლის რადგან ვარ, უკვე დრო დადგა, რომ სააგენტო მეპოვა. ყველაფრის გაკვეთილი გვაქვს, ცეკვის, დიზაინის, იმის, რაც მოდელს ყველაზე მეტად სჭირდება. გვასწავლიან, როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი.

-  შენ ალბათ განსხვავებული მაკიაჟი გჭირდება.

-  ვიზაჟისტებს უთქვამთ ჩემთვის, საინტერესო სახე გაქვს და სიამოვნებით ვიმუშავებდით შენთანო. ახლა ვიზაჟის გაკვეთილებზე ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთებას ვსწავლობთ, მალე უფრო რთულ მაკიაჟსაც გვასწავლიან, გამოსასვლელ და საღამოს მაკიაჟებს. მოდელმა ეს ყველაფერი უნდა იცოდეს.

-  ნოდიკო ტატიშვილმა როგორ გიპოვა?

-  ვიცი, რომ "ფეისბუქზე" ნახა ფოტოები, შემდეგ კრისტიმ დამაკავშირა ნოდიკოსთან. კამერის წინ პირველად არ აღმოვჩენილვარ. ერთ-ერთმა კომპანიამ გადამიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში, სახელად "ენტრე". მთავარი როლი მქონდა, ძველი თბილისის ქუჩებში ვიღებდით, პერსონაჟები გიორგი ქებურიას სამოსში ვიყავით გამოწყობილები. საშინელებათა ფილმია, მაგრამ ძალიან არ შეგეშინდებათ (იცინის). ოფიციალური პრემიერა არ ყოფილა, 5-წუთიანი ფილმი გამოვიდა.

-  ნოდიკოს კლიპის გადაღებებზე გავიგე, ტექსტი ვერ დაგიმახსოვრებიათ.

-  მართლა არ ვიცოდით. წინა საღამოს გამომიგზავნა ტექსტი, მეორე დღეს რომ მივედი, ნოდიკომ მითხრა, ახლა ტექსტი ჩამაბარეო. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, არა მარტო მე, არამედ რუსკასაც და კრისტისაც არ სცოდნიათ. მერე ნოდიკო კამერის უკან დადგა და სიტყვებს ხმამაღლა გვიყვიროდა. გადაღებებზე ძალიან გავერთეთ.

-  ნოდიკო ძალიან მოგიხიბლავს. თავად ასე გვითხრა.

-  ძალიან საყვარელია. ჩემთვის არაფერი უთქვამს.

-  სკოლაში კარგად სწავლობ?

-  კი, ნორმალურად (იღიმება). დავდივარ მათემატიკაზე. ტექნიკური საგნები უფრო მეხერხება.

-  პოდიუმზე გამოსულხარ?

-  დებიუტი მქონდა ახლანდელ თბილისის მოდის კვირეულზე. ძალიან მეშინოდა. პირველად გამოვდიოდი და ეგრევე მოდის კვირეულზე აღმოვჩნდი. ბევრ დიზაინერთან გამოვედი, მათ შორის ავთანდილთან. მეშინოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნერვიულობა არ ღირდა. პოდიუმზე თავი კომფორტულად ვიგრძენი. როცა პოდიუმზე გადიხარ, დიდ სიამოვნებას იღებ.

-  გინდა, მოდელი გახდე?

-  არა, მოდელობა ჩემი ძირითადი პროფესია არ იქნება. მინდა, ტექნიკური კუთხით წავიდე, მარკეტინგი, ბიზნესი... მინდა, მამის კვალს გავყვე. გენებში მაქვს, ყველა ჩემ გარშემო ან მათემატიკოსია, ან ბიოლოგი, ან ქიმიკოსი (იცინის).

-  მამას თუ მოსწონს, მოდელობით რომ დაინტერესდი?

-  არ უთქვამს, მაგრამ მგონია, რომ დიდად არ მოსწონს. პოდიუმზე რომ გამოვდიოდი, არ მოსულა, რადგან საზღვარგარეთ გახლავთ. ისე, აინტერესებს და ამბებს კითხულობს ხოლმე.

-  შენი და როგორი გოგოა?

-  ძალიან ჯიუტი. მე ასეთი ჯიუტი არ ვარ. დები ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ის ჩემი ცხოვრებაა, ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს ფოტოებს ათვალიერებს და მოსწონს. ერთადაც გვაქვს გადაღებული ფოტოები, მაგრამ მოდელობა არ უნდა, პატარა და პუტკუცაა (იღიმება).

-  არის რაიმე შენს გარეგნობაში, რაც არ მოგწონს?

-  მეტრი და 72 სმ. ვარ და სიმაღლე არ მომწონს. რომ არ გავიზარდო? მაგრამ მგონია, რომ არ იქნება პრობლემა. მინდა, რომ მაღალი ვიყო. გარდა ამისა, ყველას აქვს გარეგნობაში ის, რაც არ მოსწონს, მაგრამ არ მინდა გავთქვა (იღიმის).

-  მისაბაძი მოდელი თუ გყავს აქ ან საზღვარგარეთ?

-  ნაომი კემპბელს გამოვარჩევ ყველასგან, საქართველოში ბევრი კარგი მოდელია, მაგრამ მისაბაძად ვერავის დავასახელებ.

-  უცხოეთში აპირებ წასვლას?

-  ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. შეიძლება იმაზეც ვიფიქრო, რომ მოდელის კარიერაც იქ ავაწყო.

-  შენს გარეგნობასთან დაკავშირებით რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ გქონია?

-  ბევრი გაკვირვებული მიყურებს, ქართულად რომ ვიწყებ ლაპარაკს, ცოტა შოკია ხოლმე ბევრისთვის.

-  ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.

-  ბევრი არა, როგორც ყველა გოგონას, მყავს თაყვანისმცემლები. ყურადღება ყველა გოგონას უყვარს და მეც მიყვარს, მაგრამ სიუპრიზები არავის გაუკეთებია.

-  როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მოგეწონება?

-  ჭკვიანი. გარეგნობაზე მეტად ყურადღებას იმას ვაქცევ, როგორია შინაგანად, მაგრამ გარეგნულადაც კარგი უნდა იყოს, ასევე საყვარელიც (იღიმება).

-  რაც შეეხება სიმღერას, რა ჟანრს ანიჭებ უპირატესობას?

-  უფრო მეტად ჯაზს. ძალიან მიყვარს ემი უაინჰაუსი, სუფთა ჯაზი არ არის, მაგრამ მაინც მიყვარს.

-  მუსიკალურ კონკურსებში არ აპირებ მონაწილეობას?

-  ვფიქრობ, მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტე.

-  ცოტა ჩაკეტილი ადამიანი ხარ?

-  უცხო ხალხთან არ ვიხსნები და არც მინდა. ახლობლებსა და მეგობრებთან, რა თქმა უნდა, გახსნილი ვარ.

-  რაიმე ჰობი გაქვს?

-  სიმღერა, ხატვა.

-  რა ოცნება გაქვს?

-  მინდა, ჩემს ძირითად საქმეში წარმატებას მივაღწიო.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება