"დიდგორები" აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ

"დიდგორები" აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ

წინა კვირას, სანამ თავდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ იყო, საქართველოს პრეზიდენტმა ორი მარშ-ნახტომი განახორციელა. იგი ჯერ ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა გორში, ხოლო შემდეგ თბილისში "თბილავიამშენი" მოინახულა.

ამ მოულოდნელ ვიზიტებს ერთი ლაიტმოტივი გასდევდა - ახალი მთავრობა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" თავდაცვის სამინისტროდან გამოყოფას აპირებს, რაც საქართველოში საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის წარმოებას შეაჩერებსო.

არადა, ერთი თვის წინ, როდესაც "კვირის პალიტრა" თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ესაუბრა, მან მაგიდაზე მდგარ "დიდგორის" მოდელზე მიგვითითა და განგვიცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს იხმარდა, რათა "დელტას" მუშაობა უფრო ეფექტური გამხდარიყო.

ადრეც ვწერდით, რომ "დელტაში" თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იყო შესული და ბოლო წლების ფინანსურ ოპერაციებს იკვლევდა. შეიძლება, სწორედ ეს გახდა ზემოთ ნახსენები მარშ-ნახტომის ერთ-ერთი მიზეზი. მანამდე გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "დიდგორების" გაყიდვას, თურმე, არც მეტი და არც ნაკლები - სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში გეგმავდნენ...

შეიძლება პრეზიდენტს შეეშალა და ჩრდილო კორეის ნაცვლად სამხრეთ კორეა ახსენა? ვინც სამხრეთ კორეის სამხედრო მრეწველობას იცნობს, ვერ დაიჯერებს, რომ იქ ქართული "დიდგორების" შესყიდვით დაინტერესდებოდნენ, ჩრდილო კორეაში კი სამხედრო ტექნიკის გაყიდვა ხომ საერთოდ აბსურდია ამერიკელი პარტნიორების ხელში...

პრეზიდენტის გამოსვლამ როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ისე "თბილავიამშენის" საამწყობო საამქროში, "თბილავიამშენის" აქციონერები და ყოფილი პარტნიორები აღაშფოთა.

"კვირის პალიტრას" დაუკავშირდა სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი ნოდარ ბერიძე, რომელმაც დაუფარავად თქვა ის, რის თქმასაც ბოლო წლებში ვერც ერთი ოფიციალური პირი ვერ ბედავდა: "პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს "დიდგორები" თუ "ლაზიკები", რომლებითაც ასე ამაყობს, მხოლოდ აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ. დღემდე ეს ტექნიკა, რომელიც "თბილავიამშენმა" ააწყო, ისევ ჩვენს ტერიტორიაზე დგას და სააკაშვილის მოსვლის დროს საამწყობო საამქროში გამოფენენ ხოლმე. 2011 წლიდან მოყოლებული არც "დიდგორები", არც "ლაზიკები" თუ "გრადკრაზები" თავდაცვის სამინისტროს არ წაუღია და არც "თბილავიამშენისთვის" გადაუხდია თანხა.

შედეგად, საავიაციო ქარხანას დაუგროვდა ვალი - ბიუჯეტისა და ბანკების, რასაც ყოველთვიურად დაახლოებით 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობის საურავი და პროცენტი ერიცხება. პრეზიდენტს მინდა ვკითხო: როდესაც აცხადებს, ხელახლა შევქმენით დანგრეული და გაძარცული ქარხანაო, რატომ არ გვაძლევდა სახელმწიფო შეკვეთებს თუნდაც 2004 წლიდან და რატომ არემონტებდა თავდაცვის სამინისტრო შვეულმფრენებს უკრაინაში იმაზე ორჯერ ძვირად, ვიდრე "თბილავიამშენს" შეეძლო მათი გარემონტება? 2010 წლიდან, როდესაც "თბილავიამშენი" "დელტას" დაქვემდებარებაში გადავიდა, გამოჩნდა სამუშაო, მუშა-მოსამსახურეებს ხელფასი მოემატათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ქარხანამ დაკარგა საავიაციო პროფილი და რაც ყველაზე ცუდია, საერთაშორისო ხარისხის მართვის სერტიფიკატები. შეიძლება თვალს ახარებს აღლუმებზე "დიდგორისა" თუ "ლაზიკის" ჩავლა, მაგრამ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე