რა გამოსდის სიმღერაზე უკეთესად ანრი ჯოხაძეს

რა გამოსდის სიმღერაზე უკეთესად ანრი ჯოხაძეს

გასულ კვირას მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში ვერიკო ტურაშვილის კლიპში გადასაღებად ყველასთვის კარგად ნაცნობმა მსახიობებმა მოიყარეს თავი. კლიპს ანრი ჯოხაძე იღებდა. "ჰავა ნაგილას" და "რა კარგი ხარ, რა კარგის" შემდეგ ეს ვერიკოს და ანრის მესამე ერთობლივი ნამუშევარია. რეჟისორობა სიმღერაზე კარგად გამომდის და ამაში მაყურებელი მალე დარწმუნდებაო, ამბობდა ანრი. კლიპში კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ლეილა აბაშიძე, გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნინო ხომასურიძე და სხვა ბევრი კარგი მსახიობი მონაწილეობს. გოგი დოლიძის შემდეგ ამ სიმღერის შესრულებას თურმე ბევრი ერიდებოდა.

ვერიკო პირველი ქალი მომღერალია, ვინც ეს გაბედა. გადაღებაზე ყველაზე დიდი ხმაურით მამა-შვილი - ზურა და გიორგი ყიფშიძეები გამოცხადდნენ. ზურა ყიფშიძემ საგრიმიოროდან გურანდა გაბუნია და კლიპის ყველაზე პატარა მონაწილე ნინი დემინაშვილი გამოუშვა და ვერიკოს, ანრის და გადამღებ ჯგუფს ისეთ ამბებს უყვებოდა, მათი სიცილი მთელ თეატრში ისმოდა. გურანდა გაბუნია ხუმრობით ბრაზობდა, ეს ზურა ყიფშიძე ნეტავ ისეთს რას ჰყვება, მე რომ არ უნდა გავიგოო. თეატრში ისეთი ორომტრიალი იყო, ანრი ვერ მოვიხელთე და ამბები ვერიკოს გამოვკითხე:

- ვერიკო, ქართულ შოუბიზნესში ბოლო დროს თითქმის აღარაფერი ხდება. შენ კი ახალი წლის შემდეგ აქტიურად შეუდექი შემოქმედებით საქმიანობას.

- დაახლოებით რვა თვის წინ ანრის მოუვიდა იდეა, სიმღერის "რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს" ახლებური ვარიანტი გამეკეთებინა. ესაა მარიკა ლეკიშვილის სიმღერა. დარწმუნებული ვარ, სიმღერა, რომელსაც გოგი დოლიძე მღეროდა, ყველასთვის ნაცნობია. ბოლო სამი თვე სულ ვფიქრობდით, როგორ გადაგვეღო კლიპი. სიმღერის ახლებური ვერსიის ჩაწერის, კლიპის და ყველაფრის სულის ჩამდგმელი არის ანრი.

- ძალიან ბევრი კარგი მსახიობი მონაწილეობს კლიპში. რომელიმე მათგანის დათანხმება ხომ არ გაგიჭირდათ?

- ვერ ვიტყოდი, რომ ისინი მხოლოდ კარგი მსახიობები არიან, ჩემი აზრით, ისინი ლეგენდები არიან. არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. ერთი მათგანიც რომ ყოფილიყო კლიპში, ამითაც კი ბედნიერი ვიქნებოდი. ამ შემთხვევაში კი, როცა ამდენი ლეგენდა მონაწილეობს კლიპში, გადარეული ვარ ბედნიერებისგან. ყველა მათგანი ანრიმ უპრობლემოდ დაითანხმა.

- კლიპში როგორ განვითარდება მოვლენები?

- ყველა მსახიობი თავისი მოქმედებით გამოხატავს სიყვარულს. კლიპის მთელი იდეა და თემა სიყვარულია.

- კლიპში შენს გარეგნულ მხარეზე ვინ იზრუნა?

- ძალიან უბრალოდ ჩაცმული ვიქნები. კლიპისთვის განსაკუთრებული კაბა არ შემიკერავს. მეცმევა გრძელი, ნაქსოვი სვიტერი. კლიპის განმავლობაში ეს სვიტერი ირღვევა. ესეც ანრის იდეა იყო.

- საბოლოო ჩანაფიქრი როგორია? რატომ ირღვევა სვიტერი?

- (იცინის) არანაირი ეროტიკული კადრი არ იქნება.

- რადგან სვიტერი ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ ყველას სიყვარული ნელ-ნელა მთავრდება?

- ეს არ ვიცი. უბრალოდ, ანრიმ ასე გადაწყვიტა.

- ანრიმ რატომ გადაწყვიტა, რომ ეს სიმღერა მაინცდამაინც შენ შეგესრულებინა?

- რატომღაც ჩათვალა, რომ ამ სიმღერას ჩემი ხმა მოუხდებოდა. გოგი დოლიძის სიმღერის შესრულება ძალიან საპასუხისმგებლოა.

- კლიპის გადასაღებად დიდი თანხები დაიხარჯა?

- ბევრი ადამიანი მეგობრულად დათანხმდა კლიპში მონაწილეობას. დოიმ დაგვითმო თეატრი. მსახიობებიც მეგობრულად დაგვთანხმდნენ.

- როგორც ვხვდები, ქართულ შოუბიზნესში ან ძალიან დიდი თანხა უნდა დახარჯო, ან მეგობრები უნდა დაგეხმარონ...

- მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ ანრი და კიდევ ბევრი ნიჭიერი ადამიანი დამდგომოდა გვერდში ამ კლიპის გადასაღებად. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც ეს ფუფუნება არ აქვთ. ვფიქრობ, მე გამიმართლა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას.

- პრემიერას როდისთვის გეგმავთ?

- რადგან სიმღერა სიყვარულზეა, გვინდა, ტელეპრემიერა 14 თებერვალს შედგეს.

ბექა ხალათაშვილი, კლიპის ფინანსური მენეჯერი:

- კარგი კლიპის გადასაღებად, პირველ რიგში, კარგი აპარატურაა საჭირო. ქართულ შოუბიზნესში გამეფებული კრიზისის ფონზე, კახეთში მოღვაწე ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი დაგვიდგა გვერდში, ეს ადამიანი ყოველთვის ეხმარება ნიჭიერ ადამიანებს. მისი დახმარებით მოვახერხეთ კლიპის გადაღება კინოკამერით. ვფიქრობ, ისეთი სიმღერა გამოვა, მსმენელთა 95%-ს მოეწონება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება