ფრანგებმა პირველი რუსული "მისტრალის" მშენებლობა დაიწყეს

ფრანგებმა პირველი რუსული "მისტრალის" მშენებლობა დაიწყეს

საფრანგეთში, სან-ნაზარის გემთსაშენ ვერფებზე რუსეთის ფლოტისთვის განკუთვნილ პირველ "მისტრალს" საფუძველი ჩაეყარა. ამის შესახებ ხომალდის მშენებარე კომპანიის წარმომადგენელმა ემანუელ გოდეზმა განაცხადა. მისი თქმით, საფუძვლის ჩაყრით, ერთი წლის წინ დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა.

ფრანგული მხარის მტკიცებით, ხომალდის მშენებლობა გეგმით მიმდინარეობს. პირველი "მისტრალი" რუსებს 2014 წელს გადაეცემა, მეორე კი - 2015-ში. არსებული ცნობებით, ორივე მათგანი წყნარი ოკეანეს ფლოტში იმსახურებს.

რუსეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობებით, თავად რუსეთიც ხომალდის მშენებლობის მონაწილეა. პირველი "მისტრალის" შემთხვევაში, "გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის" წილი 20 %-ია. მეორე ხომალდზე ეს მაჩვენებელი 40 %-მდე იქნება გაზრდილი. რუსეთში, ხომალდისთვის განკუთვნილ სექციებს, ბალტიის გემთმშენებელ ქარხანაში აწყობენ. ქარხნის ხელმძღვანელობის თქმით, პირველი ხომალდისთვის კიჩოს ასაწყობად, ქარხანამ 120 სექცია უნდა დაამზადოს. შემდგომ ერთმანეთთან ჰერმეტულად შეადუღოს და დასრულებული სახით მიმდინარე წლის ზაფხულში საფრანგეთში გააგზავნოს.

"მისტრალის" ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდის წყალწყვა 21 ათასი ტონაა. კორპუსის 210 მ-იანი მაქსიმალური სიგრძისას, ის 33 კმ/სთ-ს ანვითარებს. ეკიპაჟი 160 კაცს ითვლის. დამატებით ხომალდს ბორტზე 450 კაცის მიღება შეუძლია. მისი საავიაციო ჯგუფი 16 შვეულმფრენზეა გათვლილი.

კონტრაქტი ორი "მისტრალის" მშენებლობაზე მოსკოვსა და პარიზს შორის გასული წლის ივნისში გაფორმდა. მისმა ღირებულებამ 1,2 მილიარდი ევრო შეადგინა. პირველ ხომალდს "ვლადივოსტოკი", მეორეს - "სევასტოპოლი" ერქმევა.

თავად რუსეთში ხომალდების შეძენის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა. 26 იანვარს, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა ეს შენაძენი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ფრანგული ხომალდები მხოლოდ -7 გრადუსიან ყინვაში მოქმედებენ. თუმცა რუსეთის კლიმატურ პირობებში ტემპერატურა გაცილებით დაბლა ეცემა.

სახელმწიფოსთვის საზიანოდ, ამ გადაწყვეტილებას რუსეთის მთავრობის სამხედრო-სამრეწველო კომისიის პირველი მოადგილე ივანე ხარჩენკოც მიიჩნევს. მისი თქმით, ეს ინიციატივა ექს-თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი უგუნური გადაწყვეტილებებით ქვეყნის სამხედრო მრეწველობას დიდი ზიანი მიაყენა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flotprom.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა