ჯინა ლოლობრიჯიდას ქმარი მსახიობს ცილისწამებაში ადანაშაულებს

ჯინა ლოლობრიჯიდას ქმარი მსახიობს ცილისწამებაში ადანაშაულებს

ესპანელი მეწარმე ხავერ რიგო ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯინა ლოლობრიჯიდას სასამართლოში უჩივლებს. მეწარმის თქმით, მსახიობმა მას საქორწინო აფერაში დასდო ბრალი  და ამით ”ჩირქი მოსცხო”.

რიგო, რომლის ქონება ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს, ადასტურებს, რომ მოხუც მსახიობზეა დაქორწინებული. იგი ასევე აცხადებს, რომ მეუღლესთან განქორწინებას აპირებს.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ 85 წლის მსახიობმა, გასული საუკუნის 50-60-იანი წლების სექს-სიმბოლომ ლოლობრიჯიდამ ყოფილ საყვარელს, 51 წლის ესპანელ ხავერ რიგო-ი-რაფოლსს სასამართლოში უჩივლა. მსახიობი ირწმუნება, რომ რიგო მასზე ნდობით აღჭურვილი პირის დახმარებით დაქორწინდა და ამით მისი ქონების განკარგვის უფლება მოიპოვა.

ლოლობრიჯიდას თქმით, საქორწინო ცერემონია, რომლის შესახებ მან არც კი იცოდა, ბარსელონაში 2010 წელს შედგა. ქორწინების მოწმობაში ნათქვამია, რომ რიგო კინოვარსკვლავის მთავარი მემკვიდრეა. "ეს უსინდისო მამაკაცი, ჩემი ფულის დასაკუთრების მიზნით, ჩემზე დაქორწინდა, ისე რომ არც კი ვიცოდი. ეს ბინძური აფერა საერთაშორისო პოლიციამ უნდა გამოიძიოს, მინდა ამ ამბავს ნათელი მოვფინო და ვამხილო ისინი, ვინც მასში მონაწილეობენ",- განაცხადა მხცოვანმა კინოვარსკვლავმა.

ლოლობრიჯიდა ირწმუნება, რომ რიგოს ხელთ ჰქონდა მისი მინდობილობა, რათა იურიდიული საკითხები მოეგვარებინა, რამაც მსახიობის აზრით, მას ყალბი საქორწინო ხელშეკრულების დადების საშუალება მისცა, რომელსაც მხოლოდ 8 ადამიანი დაესწრო.

ამ თაღლითობის შესახებ მსახიობმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ინტერნეტში მისი ქორწინების დამადასტურებელი საბუთები აღმოაჩინა. საბუთების მიხედვით, 2010 წლიდან ის ესპანელზე იყო დაქორწინებული.

"ვფიქრობ იმით ისარგებლა, რომ არ მესმის ესპანური", - აცხადებს აღშფოთებული მსახიობი.

რიგოსა და ლოლობრიჯიდას მართლაც ჰქონდათ რომანი 20 წლის წინ. წყვილი ერთმანეთს მონტე-კარლოში, ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა. 2006 წელს მსახიობი მართლაც ფიქრობდა მასზე გათხოვებას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

რიგო თავის მხრივ, ირწმუნება, რომ ლოლობრიჯიდა მასთან ქორწინებას შუამავლის მეშვეობით დათანხმდა. შუამავლად კი მათი საერთო მეგობარი მარია პილარ გუმერა გაბილონდო შეირჩა.

ნახევარი საუკუნის წინ ჯინა ლოლობრიჯიდა ერთ-ერთი ცნობილი იტალიელი ლამაზმანი იყო. ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული მსახიობმა ვიტორიო გასმანის ფილმში La donna piu bella del mondo ("მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი") მომღერალ ლინა კავალერის როლის შესრულებით მოიპოვა.

მომზადებულია NEWSru Israel-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება