დათო ხუჯაძის კონცერტმა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა

დათო ხუჯაძის კონცერტმა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა

მართალია, მოგვიანებით ინტერვიუებში დათო აღნიშნავდა, რომ კონცერტით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მომღერლის პირველმა გამოჩენამ ამდენი წლის შემდეგ თბილისის საზოგადოების წინაშე უღიმღამოდ ჩაიარა. კონცერტზე რამდენიმე ცნობილ სახეს მოვკარით თვალი, მათ შორის შორენა ბეგაშვილს, ლელა წურწუმიას, თიკა ჯამბურიას. "ნაით ოფისში" ამ კონცერტს ორგანიზება იუნა შაფათავამ გაუწია. მას მოგვიანებით შევეხმიანეთ, რათა გვეკითხა, რატომ არ მივიდა ხალხი დათოს კონცერტზე.

იუნა შაფათავა:

- დათო ხუჯაძის კონცერტი ხუთი დღით ადრე დაიგეგმა. მას შევეხმიანეთ, თბილისში აღმოჩნდა და შევთავაზეთ კონცერტის გაკეთება, რაზეც სიამოვნებით დათანხმდა. დათომ სულ 12 სიმღერა შეასრულა და კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისი სიმღერები კვლავ ახსოვთ.

ცუდი მომენტი ის იყო, რომ კონცერტს არ ჰქონია სატელევიზიო რე­კლამა, ვინაიდან ცოტა დრო იყო დარჩენილი და ვერ მოესწრებოდა. პრესამ თავად კონცერტი აქტიურად გააშუქა, ყველა ტელევიზია და ჟურნალი დაესწრო. გაგვიმართლა, რომ დათო თბილისში აღმოჩნდა და კონცერტზე დაგვთანხმდა, თუმცა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი კონცერტის გაპიარება და ხალხზე მუშაობა შეუძლებელია. ამ კონცერტს ერთადერთი ორგანიზატორი ჰყავდა ჩემი სახით.

დათო ხუჯაძეს დიდი ხანია, თბილისში არ უმღერია და ვთქვათ სიმართლე, არც ქართულ აუდიტორიაზე უმუშავია იმ წლების განმავლობაში, რაც მოსკოვშია. მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა თბილისში კლიპის გადასაღებად ძვალთან ერთად და შემდეგ კლუბ "ქალაქურში" მისი პრემიერა მოაწყო. დათო კარგი შემსრულებელია და ქართულ შოუბიზნესში ერთ დროს მისი ბუმი იყო.

ჯერ "სახის" შემადგენლობაში და მოგვიანებით სოლოკარიერისას, რომელიც პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ძალიან ჭკვიანურად წარმართა, დათო ხუჯაძე ერთ-ერთ შემოსავლიან მომღერლად იქცა საქართველოში, გვახსოვს პერიოდი, როდესაც სპორტის სასახლეს ავსებდა ხოლმე სოლოკონცერტით.

შემდეგ პარლამენტარობის მოსურნემ "აღორძინების" სიით საკანონმდებლო ორგანოს მიაშურა და ვარდების რევოლუციის მომსწრეც გახდა, ამ დროიდან მცირე ხანში დაჰკრა ფეხი და რუსეთში გაეშურა ბედის საძიებლად, სადაც ცოლიც შეირთო და მეტ-ნაკლებად კარიერაც აიწყო, თუმცა, რასაკვირველია, არა ისეთი წარმატებული, როგორიც საქართველოში ჰქონდა. დღეს დათო ცოლს გაშორებულია.

თუკი სამშობლოში კვლავ სურს პოპულარობის დაბრუნება, ალბათ, დრო არის, ქართული ბაზრისთვის ჩაწეროს ერთი სიმღერა მაინც, თორემ აქამდე რადიოები მისი რუსულენოვანი სიმღერებით იყო გაჯერებული.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება