ჯგუფი "სახე" პოლიტიკასა და "დაბლოკილებზე" - "სცენაზე ვინ და როდის გამოვა, ამას ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს!"

ჯგუფი "სახე" პოლიტიკასა და "დაბლოკილებზე" - "სცენაზე ვინ და როდის გამოვა, ამას ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს!"

მოგეხსენებათ, ქართველი მომღერლების ნაწილი წინა ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით "დაბლოკვაში" ბრალს სდებს. მათ შორის ერთ დროს პოპულარული მუსიკალური ჯგუფის - "სახის" წევრი - დათო ხუჯაძეც გახლავთ. გადავწყვიტეთ, ლეგენდარული "სახის" სამივე წევრს დავკავშირებოდით და პოლიტიზებული ქართული ესტრადის შესახებ მათი მოსაზრება გაგვერკვია...

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთში მცხოვრები დათო ხუჯაძე თბილისს ისევ ეწვია და ამ ცოტა ხნის წინ კონცერტიც გამართა:

- ჩემი კონცერტით კმაყოფილი ვარ: ხალხი გაერთო, იმხიარულა... ახლა გრანდიოზული კონცერტის გამართვას ვგეგმავ: რუსეთიდან ჩემს ბენდს ჩამოვიყვან, აქაურ ბენდსაც გამოვიყენებ... ამ ეტაპზე, სპონსორებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ.

- საქართველოში თქვენი დაბრუნების სურვილი ხელისუფლების ცვლილებას უკავშირდება?

- კი, ბუნებრივია, რადგან 10 წლის განმავლობაში, საქართველოში კონცერტის ჩატარების საშუალება არ მქონდა - არასასურველი ვიყავი. ახლა შემიძლია, როგორც ქართველმა მომღერალმა, ჩემს ქვეყანაში რაღაც გავაკეთო. იმედია, შემსრულებლების პოლიტიკური ნიშნით "დაბლოკვა" აღარ გაგრძელდება. სცენაზე ვინ და როდის გამოვა, ამას ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს.

- ანუ სამთავრობო კონცერტებში მომღერლების მონაწილეობა გამართლებულად მიგაჩნიათ?

- სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობა არაფერს ნიშნავს. მუსიკოსმა საკუთარ საქმე უნდა შეასრულოს, მაგრამ თუ ამბიციები აწუხებს და პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, შეუძლია, ამ სახის ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი თქვას.

- მართალია, ამბობენ, - მომღერლები პოლიტიკური ნიშნით აღარ "დაიბლოკებიანო", მაგრამ იმასაც ამბობენ, - სამთავრობო კონცერტები საერთოდ აღარ გაიმართებაო. ამ ფონზე, შეძლებთ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სიმღერა თქვენი შემოსავლის წყარო იყოს?

- დიდი ხანია, რაც სიმღერა ჩემი შემოსავლის წყარო გახლავთ. საქართველოში დაბრუნება იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს "მიწას მივაყრი", რასაც 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდი და რუსეთთან ან ევროპასთან კონტაქტს გავწყვეტ. ისევ აქტიურად ვმუშაობ. უბრალოდ, მსურს, რომ ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრო.

- წლების წინ, პოლიტიკაში წასვლის მცდელობა გქონდათ. შეიძლება, ამ სფეროში ისევ გიხილოთ?

- პარლამენტარობა რომ შემომთავაზონ, არ დავთანხმდები, მაგრამ კულტურის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, რადგან ამ სფეროში ბევრი რამ ვიცი.

- ამბობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით "გბლოკავდნენ". ეს თქვენსა და "სახის" ერთ-ერთი წევრის - გოგა ხაჩიძის (რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელი გახლდათ) ურთიერთობაზე უარყოფითად ხომ არ აისახა?

- რომ გითხრათ, მე და გოგა ყოველდღე ერთმანეთს ვხვდებოდით-მეთქი, მოგატყუებთ. მასთან ჩვეულებრივი ურთიეთობა მაქვს. იმ ხალხის მიმართ ცუდად განწყობილი რატომ უნდა ვიყო, ვისთან ერთადაც სცენაზე 4 წელი ვიდექი?

- გოგა ხაჩიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას როგორ შეაფასებთ?

- ჩემთვის გოგა "სახის" წევრი გახლავთ. მის პოლიტიკურ კარიერას თვალყურს არ ვადევნებ...

გოგა ხაჩიძე, პარლამენტარი:

- "სახემ" თავისი საქმე ძალიან კარგად დაიწყო, განაგრძო და სწორ მომენტში დაასრულა. ჯგუფის წევრები მეგობრულ ურთიერთობას მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებთ. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკა და ძველი ურთიერთობები ერთმანეთში მე არ ამირევია. ალბათ, ნახეთ, პროექტ "ახალ ხმაში" დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ იმღერეს. სცენაზე მათ გვერდით რომ არ ვიყავი, ეს ჩემი შეგნებული არჩევანი გახლდათ: არ მსურდა, მოქმედი პოლიტიკოსის იქ ყოფნით სიტუაცია დამემძიმებინა. "სახის" ყოფილ წევრებს ინტელექტი გვყოფნის, რომ დელიკატურები ვიყოთ. ჯგუფის პოპულარობის პერიოდში, სამივე "ასკეტურად" ვცხოვრობდით: სტუდიიდან თითქმის არ გავდიოდით, ერთად ვფიქრობდით, ვმუშაობდით... ჩემთვის ის საქმე ცხოვრების წესი იყო, პოლიტიკაში ყოფნა კი პასუხისმგებლობის და მოვალეობის კომბინაცია გახლავთ.

- პოლიტიკური ნიშნით მომღერლების "დაბლოკვაზე" რას ფიქრობთ?

- ასეთი რაღაცებიც ხდება, მაგრამ ეს უფრო მიზეზია ხოლმე: როცა "სახე" არსებობდა, ჩვენც შეგვეძლო გვეთქვა, - "გვბლოკავენ"-თქო, რადგან არც ერთ სამთავრობო ღონისძიებაზე არ გვეპატიჟებოდნენ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იმ დროისთვს ყველაზე პოპულარულები არ ვიყავით. თუკი ადამიანი რაღაც ღირებულს აკეთებს და მართლა პოპულარულია, პოლიტიკური კი არა, ვერანაირი ნიშნით ვერ "დაბლოკავენ", მით უმეტეს - თანამედროვე პირობებში, როცა შეგიძლია, რაღაც გენიალური გააკეთო, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუქტურის გარეშე, უბრალოდ, "იუთუბზე" ატვირთო და მთელმა მსოფლიომ გაგიცნოს. მერე პოლიტიკოსებმა "გსდიონ" - ვინ "დაგბლოკავს", მაგასაც ვნახავთ. როცა ამბობენ, - პოლიტიკური ნიშნით "გვბოლოკავენო", ეს ხშირად თავის მართლების "პოზა" გახლავთ. ბუნებრივია, ეს ასე იყო, არის და ყოველთვის იქნება, რადგან საქართველოში თითქმის ყველა მღერის და ვისაც სამთავრობო ღონისძიებაზე არ გამოიყვანენ, ისინი იტყვიან, - პოლიტიკური ნიშნით "გვბლოკავენო"...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება