ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები - "ბითლზი" "იავნანას" ნაცვლად და "ბაი ბაი" გათიშვამდე

ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები - "ბითლზი" "იავნანას" ნაცვლად და "ბაი ბაი" გათიშვამდე

ერთად გამოვიდნენ თეატრიდან. რაღაცაზე კამათობდნენ. გადაღებასა და კადრს ახსენებდნენ... ძალიან ჰგავდნენ მეგობრებს, თუმცა მამა და შვილი გახლდნენ - ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები.

მერე, როცა გიორგისთან ვიჯექი და ვუსმენდი, მენიშნა: ჩვილი რომ ყოფილა, "იავნანას" ნაცვლად "ბითლზის" ფირფიტას ურთავდნენ და ისე აძინებდნენ. გიორგი დღესაც თვლის, რომ "ბითლზი" ყველა დროის გენიალური და მისთვის ყველაზე ახლობელი ჯგუფია. თუმცა, ცოტა რომ წამოიზარდა, თურმე, იმის გამო, რომ მამისგან განსხვავებული გემოვნება გამოემჟღავნებინა, დაჟინებით ამტკიცებდა, "ქვინი" მირჩევნიაო... იმ პერიოდმა გაიარა...

ახლა ღიმილით ამბობს, რომ ზურას მსგავსად, მძიმე როკს არ უსმენს, მაგრამ შანსონის გარდა, ყველაფერი მოსწონს, ცხადია, ღირებული. კლასიკური მუსიკიდან განსაკუთრებით უყვარს რახმანინოვი. მუსიკის სფეროდან რომ გამოვიდეთ და ყველაფერი ოდნავ განვაზოგადოთ, ალბათ მთავარ სიმართლეს ვაღიარებთ: გიორგი ყიფშიძე თავისი წინაპრების ორგანული ნაწილია, სწორედ ისე, როგორც მამამისი... მართალია, არც ერთს მარტივად არ გაუვლია ჩამოყალიბების გზა, მაგრამ ორივემ ისე იარა, რომ ორიენტირის - კულტურისა და ზნეობის არსებობა არ დავიწყებიათ... ერთი შეხედვით ურჩი, გზასაცდენილი ბიჭების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ... და მაინც: მერე ყველაფერი თავისი ადგილისკენ მიდიოდა, "მაჭარი დუღილს ამთავრებდა" და საინტერესო ცხოვრება გრძელდებოდა.

გიორგი ყიფშიძეს იმ ადამიანებზე ველაპარაკე, ვინც უმნიშვნელოვანესი იყო მის ცხოვრებაში.

ელენა

არ უყვარდა, ბებოს რომ ვეძახდი: - ეგ სიტყვა მაბერებს, ნუ მეძახი, თორემ ნაოჭები გამიჩნდებაო, თუ მაინცდამაინც - ლენა დამიძახე და ბებო ჩუმად მოაყოლეო. ისე მიმაჩვია, რომ ბებო არც დამიძახია. შაბათ-კვირას მასთან ან ქეთოსა და ნინასთან ვრჩებოდი. ქეთო და ნინა მისი დები იყვნენ - მამაჩემის გამზრდელი დეიდები.

ლენას რომ ვახსენებ, ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც, ცხადია, მხოლოდ გადმოცემით ვიცი. 1978 წელია. პატარა ვიყავი, სიარულიც კი არ ვიცოდი. ვფოფხავდი. ლენამ წამიყვანა თავის მეგობართან, სოლოლაკში. ვინც იცნობდა, ყველამ იცის, როგორი ლაპარაკი იცოდა, ნაზი, თან დაბნეული... საუბრისას ყურადღება ეფანტებოდა... ჰოდა, დაიწყო მეგობართან ლაპარაკი და დავავიწყდი. გამოვსულვარ ფოფხვით სახლიდან და რუსთაველზე "გაიშნიკებს" დავუნახავვარ: პატარა უპატრონოდ მივფოფხავ! იმათ ავუყვანივარ. ამ დროს ლენას მიმოუხედავს: სად არის ბავშვიო, - ჯერ ნაზად უკითხავს და რომ ვერ დავუნახავვარ, ბოხი ხმით უღრიალია, - სად არის ბავშვი!!! გამოვარდნილა და "გაიშნიკებთან" ვუპოვივარ, თურმე ორასი მეტრი მიფოფხია...

ლენა ყიფშიძეზე შეიძლება ბევრი რამ იციან, მისი ნათამაშები როლებიც ახსოვთ, მაგრამ არა მგონია, ვინმემ იცოდეს, როგორი სადილის მომზადება იცოდა. სამზარეულოში ნამდვილად არ "დაქროდა", მაგრამ თუ აკეთებდა რამეს, დიდებულად აკეთებდა. მისი მსგავსი ქათმის ჩახოხბილი არსად მიგემია.

იცით, ლენა როგორ მაძინებდა? "ბაი ბაი", - მეტყოდა ჩურჩულით თავისი საწოლიდან... "ბაი, ბაი", - ვპასუხობდი... ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე არ გამთიშავდა...

სცენაზე როგორიც იყო, სწორედ ისეთი ბებია იყო ცხოვრებაშიც - ხალისიანი, მოულოდნელი... არასოდეს დამავიწყდება მისი "ძუნწი"... მახსოვს ლენას ბენეფისიც. პირველ რიგში ვიჯექი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

რატომღაც გიორგაშას მეძახდა.

პატარა რომ ვიყავი, ხშირად ვეკითხებოდი ქეთოს და ნინას, თქვენ რატომ არ გათხოვდით-მეთქი. ლენამ ერთხელ დამისვა და: გიორგაშა, ქეთოს და ნინას ნუღარ ჰკითხავ, რატომ არ გათხოვდნენ, მაგათ მაგივრად მე გავთხოვდი სულო...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება