"ბერლინალეს" ფარგლებში ორ ქართულ ფილმს აჩვენებენ

"ბერლინალეს" ფარგლებში ორ ქართულ ფილმს აჩვენებენ

საერთაშორისო კინოფესტივალ "ბერლინალეზე" ორი ქართული ფილმი იქნება წარდგენილი.

როგორც "ამბები.გე"-ს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელმა, ნინია ახვლედიანმა განუცხადა, 63-ე "ბერლინალე" ხვალ იხსნება და საქართველოს მას ორი სექციით მასპინძლობს.

რეჟისორ ზაზა რუსაძის მხატვრული დებიუტი "ჩემი საბნის ნაკეცი" ოფიციალურ პროგრამაში "პანორამა" მონაწილეობს და 7 თებერვალს ეს სექცია სწორედ ქართული ნამუშევრით გაიხსნება.

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის "გრძელი ნათელი დღეები" კი "ფორუმის" ფარგლებში იქნება ნაჩვენები.

- როგორ შეირჩა ქართული ფილმები "ბერლინალესთვის"?

- ქართველი რეჟისორების ორივე სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი. ფილმების შერჩევა 2012 წლის ოქტომბერში, "ბერლინალეს" დელეგაციის თბილისში, წინასაფესტივალო ვიზიტის დროს მოხდა.

- რისი თქმა შეგიძლიათ ქართული ფილმების შესახებ?

- "ჩემი საბნის ნაკეცი" ეროვნული კინოცენტრის 2011 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმის მოქმედება ახლო მომავალში, პატარა ქართულ ქალაქში ვითარდება. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ, დიმიტრი სამშობლოში ბრუნდება და სასამართლოში იწყებს მუშაობას. სამსახურის ერთფეროვან დღეებს მისი გატაცება, კლდეზე ცოცვა, ცვლის. მის წინ ბუნების ულამაზესი ხედი იშლება და დიმიტრი მშობლიური ქალაქის კლაუსტროფობიისგან განთავისუფლებას ცდილობს. ასეთია ფილმის მოკლე სიუჟეტური ხაზი, თუმცა ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი მაყურებელს უჩვეულო კინოთხრობას და ბევრ დამაინტრიგებელ სურპრიზს სთავაზობს.

ფილმში თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი ნაკაშიძე, ავთანდილ მახარაძე, ზურა ყიფშიძე, ლუდმილა მღებრიშვილი-არტიომოვა, მარინა ჯანაშია, მაკა მახარაძე, დარეჯან ხარშილაძე, შოთა ქრისტესაშვილი, აკაკი ხიდაშელი და გიორგი გიორგანაშვილი მონაწილეობენ.

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი "გრძელი ნათელი დღეები" ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა.

ფილმს სუბსიდირება გაუწია საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა. ფილმის კოპროდიუსერები არიან გერმანიისა და საფრანგეთის ტელეარხები ZDF და ARTE; ასევე ფილმი დააფინანსეს გერმანიის და საფრანგეთის კულტურის სამინისტროების სახელმწიფო ფონდებმა.

ფილმის ოპერატორია ცნობილი რუმინელი ოპერატორი ოლეგ მუტუ, რომლის ნამუშევრებს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვება აქვს მოპოვებული. ესენია "ბორცვებს მიღმა" (რეჟ.კრისტიან მუნჯიუ (2012წ); "ჩემი ბედნიერება" (რეჟ. სერგეი ლოზნიცა (2010წ) და სხვა.

ფილმის მოქმედება გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება და ფილმის მთავარი პერსონაჟები ორი თოთხმეტი წლის გოგონა - ეკა და ნათია არიან. მათი ცხოვრება სახლს, სკოლას, ქუჩას და პურის რიგს არ სცდება. ისინი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, კლასელები და საუკეთესო მეგობრები არიან და თითოეულის ოჯახური ცხოვრებაც თავისებურად სირთულეებითაა სავსე.

თუმცა იმ დროს, როცა უფროსი თაობა ყოველდღიური პრობლემებით არის დაკავებული, გოგონებს თავიანთი ცხოვრება აქვთ. ისინი იმ დროინდელი ყოფის ფონზე, როცა საზოგადოებაში გადარჩენის უხეში კანონები მოქმედებს, ცდილობენ იმაში გაერკვენენ, რა პრინციპით და კანონით ფუნქციონირებს ურთიერთობა ორ საპირისპირო სქესს შორის. მათ, პირველად ცხოვრებაში, ისეთ საკითხებთან უწევთ შეხება, როგორებიცაა მეგობრობა, სიყვარული, შურისძიება. მთავარ როლებს ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია ასრულებენ.

- იმედია, ქართული ფილმები წარმატებას მიაღწევს "ბერლინალეზე".

- წარმატება ვუსურვოთ ფილმებსაც და მათ შემქმნელებსაც.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება