თაღლითებმა საკრედიტო ბარათებიდან 200 მლნ დოლარი მოიპარეს

თაღლითებმა საკრედიტო ბარათებიდან 200 მლნ დოლარი მოიპარეს

აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრედიტო ბარათების აფერა გამოაშკარავეს. აფერის შედეგად, თაღლითებმა მინიმუმ 200 მლნ დოლარის მოპარვა შეძლეს. საქმე 18 ადამიანის წინააღმდეგაა აღძრული.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, თაღლითები 2007 წლიდან მოქმედებდნენ. დანაშაულებრივი დაჯგუფება დაახლოებით 7 000 ყალბ პირადობის მოწმობას იყენებდა და მათი დახმარებით 25 000-ზე მეტი საკრედიტო ბარათი ჰქონდათ აღებული.

საკრედიტო ბარათების მისაღებად თაღლითები არა მხოლოდ ყალბ პირადობის მოწმობას, არამედ კომუნალური გადასახადების ყალბ ანგარიშს და სხვა დოკუმენტებს იყენებდნენ, რომლებიც ვითომდა მათ გადახდისუნარიანობას ამტკიცებდა. ბარათების მიღების შემდეგ თაღლითები მათ მცირე თანხების გადასახდელად იყენებდნენ და ვალს დროულად ფარავდნენ, რომ საკუთარი საკრედიტო ისტორია გაეუმჯობესებინათ.

შემდეგ საკრედიტო სააგენტოს ეგზავნებოდა ცრუ ანგარიში, რომელიც ასეთი ბარათის მფლობელის გადახდისუნარიანობას ამტკიცებდა. მსესხებლის საკრედიტო რეიტინგი იზრდებოდა და ბანკი მისთვის საკრედიტო ლიმიტს ზრდიდა. მაგრამ მაშინვე, როგორც კი ყალბი მსესხებლები მნიშვნელოვან თანხაზე წვდომას მიიღებდნენ, ხარჯავდნენ ან ბარათიდან ფულს ხსნიდნენ.

დანაშაულებრივი დაჯგუფება 28 შტატის ტერიტორიაზე მოქმედებდა. თაღლითობით მოპოვებული ფული პაკისტანში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, კანადაში, რუმინეთში, ჩინეთსა და იაპონიაში იგზავნებოდა.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ბრალდებულების ვინაობას ჯერჯერობით არ ახმიანებენ. ცნობილია მხოლოდ, რომ 18-დან ოთხი გარკვეული ხნის წინ დააპატიმრეს, სამმა მათგანმა დანაშაული უკვე აღიარა. დარჩენილი 14 - აშშ-ის მოქალაქეა. ისინი სასამართლოს წინაშე 5 თებერვალს წარსდგნენ, სადაც მათ ბრალი თაღლითობაში წაუყენეს. ბრალდებულებს მაქსიმალური სასჯელი - 30 წელი თავისუფლების აღკვეთა და მილიონი დოლარი ჯარიმა ელით.

გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ თაღლითობის მონაწილეთა მიყენებულმა ფინალურმა ზარალმა 200 მლნ-ს გადააჭარბოს.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა