რატომ დაშორდა შეყვარებულს ნუკი კოშკელიშვილი

რატომ დაშორდა შეყვარებულს ნუკი კოშკელიშვილი

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება ის თემაა, რომლითაც საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის ინტერესდება. რამდენიმე დღის წინ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილზე გავიგე, რომ ისინი შეყვარებულებს დაშორდნენ. ისიც თქვეს, - ნინა წკრიალაშვილი ნუკის ყოფილი შეყვარებულისგან ფეხმძიმედ არისო... ხალხი იმასაც ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ, მომღერალ თიკა ჯამბურიას სიყვარული ისევ ეწვია - მან რომანი რეპერ მასტერთან გააბაო. იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ეს ყოველივე სიმართლეს, თავად გიორგის, ნუკისა და თიკას დავუკავშირდი.

- ნუკი, შენთან შეკითხვა მაქვს, რომელიც შენს პირად ცხოვრებას ეხება...

- რა გაინტერესებს?

- გავიგე, ნუკი შეყვარებულს - ოთო მარგოშვილს დაშორდაო. მართალია?

- კი, ვადასტურებ, რომ სიმართლეა! ამაზე არსად მილაპარაკია და შენ როგორ გაიგე?

- ამას ვერ გეტყვი.

- დაშორების გადაწყვეტილება ახლახან მივიღეთ, მაგრამ მეგობრებად ვრჩებით. არ გვიჩხუბია, ერთმანეთისთვის ცუდი არაფერი გვიკადრებია.

- თქვენ ოჯახებითაც მეგობრობთ, არა?

- დიახ. წლებია, ჩვენი ოჯახის წევრები ერთმანეთს იცნობენ.

- დაშორების მიზეზი რა იყო?

- ეტყობა, რაღაცებისთვის მზად არ ვიყავით. მასაც ჰქონდა პრობლემები... მოკლედ, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ.

- თქვენი დაშორების მიზეზი ვინმე მესამე ხომ არ იყო?

- არა.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთოსგან ნინა წკრიალაშვილია ფეხმძიმედ.

- ეს ტყუილია. მე და ნინა არ ვმეგობრობთ, მაგრამ ერთმანეთს ვიცნობთ. ის ძალიან კარგი ადამიანია. გული მწყდება, როცა ნინაზე ცუდ რაღაცეებს ამბობენ. მერწმუნე, ესეც მორიგი ჭორია.

- რამდენჯერმე ვცადე ნინასთან დაკავშირება, მაგრამ არ მიპასუხა. ოთო და ნინა ერთმანეთს არ იცნობენ?

- არა.

- იმ ადამიანთან დაშორებას, რომელიც გიყვარს, ყოველთვის ტკივილი ახლავს. გაგიჭირდა ამის გადატანა?

- სიმართლე გითხრა, ახლაც არ ვარ სახარბიელო მდგომარეობაში. ეს მართლაც დიდი ტკივილია, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისთვის ძვირფას ადამიანებად ვრჩებით.

- პროფესიულ საქმიანობაში სიახლე ხომ არ გაქვს?

- ამ მხრივ მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. "შუა ქალაქში" ვთამაშობ. სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან ურთიერთობა ძალიან მიხარია და თითოეული მათგანი მიყვარს. გადაღებების დროს კარგად ვერთობი; იმდენს ვიცინი, მგონი, 10 წლის სიცოცხლე მომემატა.

- პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაშიც წარმატებას გისურვებ!

- გმადლობ!

დაახლოებით 1 თვეა, რაც მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს - მსახიობ თამთა შალამბერიძეს დაშორდა. მათ ერთმანეთი "ოცნების ქალაქის" გადაღებაზე გაიცნეს. "მოვიხიბლე უბრალოდ ნათქვამია, იმ საღამოს "გავჭედე". იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა, გადავირიე", - ამბობდა გიორგი ერთი წლის წინ მოცემულ ინტერვიუში. ამჯერად კი თამთასთან შეწყვეტილ ურთიერთობაზე გველაპარაკება.

- გიორგი, ბოლო პერიოდში ინტერვიუს ჩასაწერად რამდენჯერმე შეგხვდი. ყოველ ჯერზე თამთა გახლდა და არ მეგონა, ერთმანეთს ასე მალე თუ დაშორდებოდით.

- ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თამთას "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ დავშორდი.

- სხვა გოგო შეგიყვარდა?

- არა.

- აბა, რატომ ამბობენ, - თამთას სალომე ჭაჭუას გამო დაშორდაო?

- ეს სრული სისულელეა! ჩვენი დაშორების მიზეზი სალომე ნამდვილად არ არის.

- აბა, რა ან ვინ არის?

- უბრალოდ, რაღაცებზე ვერ შევთანხმდით.

- შეყვარებულები დიდი ხნის მანძილზე იყავით და ერთმანეთი ახლა გაიცანით?

- არ მინდა, ამ თემას ჩავუღრმავდე. დაშორების გადაწყვეტილება ორივემ ერთად მივიღეთ. მივხვდით, ჩვენთვის ასე აჯობებდა.

- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ადამიანური, ცივილიზებული, მეგობრული...

- მახსოვს, მითხარი, - თამთას პროფესიული არჩევანი არ მომწონსო. მისი მსახიობობა არ გინდოდა. დაშორების მიზეზი ეს ხომ არ იყო?

- არა. არც ამის გამო დავშორებულვართ...

- სალომესთან მეგობრობას აგრძელებ?

- რა თქმა უნდა, მასთან ვმეგობრობ. ოღონდ, განსხვავება ისაა, რომ პროექტში მონაწილეობისას ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობდით, ახლა კი - უფრო იშვიათად.

- რატომ ალაპარაკდნენ შენი და სალომეს რომანზე?

- მსგავსი ჭორი არაერთხელ გამიგონია, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. უბრალოდ, ასეთ რაღაცებზე მეცინება. 21 თებერვალს თეატრში "ანტიგონეს" პრემიერა მაქვს და ახლა თავიდან ბოლომდე ჩემს საქმეზე ვარ გადართული. სულ რეპეტიციები მაქვს. კარგია, რომ დაკავებული ვარ. თამთასთან დაშორების გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ ორივესთვის ასე ჯობდა....

- მოგებული მანქანა უკვე გაყიდე?

- არა, ვყიდი და იქნებ დამეხმაროთ, კლიენტს ველოდები.

- რაიმე კონკრეტული მიზნისთვის ყიდი?

- რაღაც გეგმები მაქვს და ფული მჭირდება.

- ბიზნესმენობას ხომ არ აპირებ?

- ღმერთმა მაგის ნიჭი არ მომცა.

დაბოლოს, არც თიკა ჯამბურიამ აარიდა თავი ჩემთან ლაპარაკს:

- რეპერ მასტერთან რომ "მაქვს" რომანი, ეგ მეც მითხრეს, მაგრამ ეს ამბავი სიმართლე არ არის. ამ ჭორზე მეც და მასტერმაც ბევრი ვიცინეთ. ხალხმა ჩვენი სიყვარულის ამბავი მას მერე "ააგორა", რაც მასტერთან ერთად 2 დუეტი ჩავწერე. სხვათა შორის, პირველ დუეტზე, მალე კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ.

- შენკენ რაიმე საინტერესო სიახლე ხომ არ არის?

- მალე შოთიკო ტატიშვილთან (ექიმი და შოუმენი ოთარ ტატიშვილის ვაჟი. - ავტ.) ერთად, რადიოში წავიყვან გადაცემას, რომელსაც "FMსტატუსი" ერქმევა. ჩვენ სოციალურ ქსელებში ცნობილი ადამიანების მიერ დადებულ სტატუსებს განვიხილავთ და ალბათ, ჭორაობაც იქნება. იმედია, საინტერესო გადაცემა გამოგვივა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება