რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ დუმაში კანონი შეიტანა, რომელიც უცხოელებს რუსეთში ფილმების გადაღებას უკრძალავს.
სათათბიროში შეტანილმა კანონმა, "სახელმწიფო კინემატოგრაფიის მხარდაჭერის" შესახებ არსებული კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც 1996 წელს მიიღეს.
დოკუმენტის ავტორი, დეპუტატი დმიტრი ლიტვინცევი, კონცეფცია "ნაციონალური ფილმის" დანერგვით გამოდის. ასეთ ფილმად შეიძლება ჩაითვალოს სურათი, რომელზეც მომუშავე ადამიანების 70% რუსეთის მოქალაქეები არიან, ხოლო უცხოური ინვესტიციები 40%-ს არ აღემატება.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შემუშავებული კანონის ერთ-ერთი მუხლი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ "ნაციონალური ფილმების" გადაღება შეიძლება.
პარტიაში აცხადებენ, რომ საკუთარი კანონით რუსეთის კინემატოგრაფისტთა მხარდაჭერა სურთ. პარტიის საიტზე ნათქვამია, რომ ამჟამად რუსეთში ნაჩვენები ფილმების 85% უცხოურია. კანონის ავტორებს უცხოური ფილმების ჩვენებაზე 20%-იანი შეზღუდვის შემოღებაც უნდათ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.