კეიტ ბლანშეტი: "ჩემთვის პრემიერა ნამდვილი წამებაა!"

კეიტ ბლანშეტი: "ჩემთვის პრემიერა ნამდვილი წამებაა!"

პიტერ ჯეკსონის ფილმმა "ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა" უკვე მოახდინა დიდი ფურორი და გასული წლის ბოლოს ეკრანებთან უამრავი ადამიანი შეკრიბა. ქალის მთავარ როლს სურათში ოსკაროსანი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ასრულებს - ის ელფების დედოფალია.

-  კეიტ, აღიარეთ, გაგიხარდათ, როცა კვლავ შემოგთავაზეს გალადრიელის სახის მორგება? თუ გაგიელვათ აზრმა, რომ მოგბეზრდათ ჰობიტები და ელფები?

-  არავითარი ეჭვი არ მქონია, მაშინვე დავთანხმდი. ვგიჟდები პიტერ ჯეკსონზე და არანაირად არ ვაპირებდი უარის თქმას მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრაზე. ის ნამდვილი ჯადოქარია, ყოველთვის მიხარია მასთან გადასაღებ მოედანზე ახალ-ახალი ილეთების ნახვა. თანაც, ამ პროექტს კოლოსალური აუდიტორია ჰყავს. მეორეხარისხოვანმა როლმა "ბეჭდების მბრძანებელში" გაცილებით მეტი პოპულარობა მომიტანა, ვიდრე ყველა სხვა პროექტმა.

-  როდის გაეცანით ტოლკიენის წიგნებს?

-  "ჰობიტი" მოზარდობიდან ვიცოდი. "ბეჭდების მბრძანებელი" კი საგანგებოდ მუშაობის პროცესში ავითვისე.

-  რით დაგამახსოვრდათ გადაღებები?

-  საოცარი გარემოთი! პიტერმა გადასაღებ მოედანზე ფანტასტიკური გარემო შექმნა და გვაიძულა, დაგვეჯერებინა მისი რეალურობა.

-  მაგარია, ცხოვრება ზღაპარში!

-  რა თქმა უნდა, მაგრამ მერე უნდა მოახერხო ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება. რაც ჯეკსონს არც გამოუვიდა. ჩემი აზრით, მან მეტი იცის ფილმის გმირების შესახებ, ვიდრე თავის მეგობრებსა და ახლობლებზე! მაგალითად, თუ ჰკითხავთ: "რას მიირთმევენ ელფები საუზმეზე?" - მაშინვე გიპასუხებთ და ეს ისე გაიჟღერებს, თითქოს მის ძველ მეგობრებზეა ლაპარაკი.

-  ფილმი დაგეხმარათ, ცოტა ხნით მაინც დაბრუნებულიყავით ბავშვობაში?

-  სერიოზულად არც არასდროს გავზრდილვარ. სიდნეიში დღემდე ველოსიპედით დავქრი და ერთ ადგილზე მიჭირს გაჩერება, თუმცა კი ვცდილობ. მაგალითად, როცა როლისთვის ვიწყებ მზადებას, გულმოდგინედ ვალაგებ ფურცლებს მაგიდაზე, მაგრამ საბოლოოდ რატომღაც მაინც იატაკზე აღმოვჩნდები ხოლმე, ფურცლები კი მთელ კაბინეტში ყრია. ნებისმიერ ცელქ და ურჩ ბავშვს გავუსწრებ!

-  ადრე მოგინდათ მსახიობობა?

-  დიახ, დღეც კი მახსოვს, როცა ეს მოხდა. ხუთი წლის ვიყავი და დედამ კომიკურ ოპერა "მიკადოზე" წამიყვანა. ერთი ნახვით შემიყვარდა ერთ-ერთი პერსონაჟი - კაცი გრძელი ულვაშით. მორიგი არია რომ იმღერა, მისი ულვაშები იატაკზე აღმოჩნდა. მაყურებლები აჩურჩულდნენ. მსახიობმა კი მშვიდად თქვა: "აი ხედავთ, არ უნდა ენდოთ ჩინურ საქონელს!" ყველამ ტაში დასცხო, მე კი ისე მომინდა მის ადგილზე ყოფნა!

-  ნორჩ ასაკში კიდევ სხვა, უფრო საშინელი გაკვეთილიც მიიღეთ...

-  დიახ, 10 წლის ვიყავი, როცა მამა მომიკვდა. ჩემი ბოლო მოგონებაა, როცა ფორტეპიანოზე ვუკრავდი, მამამ ფანჯარასთან ჩაიარა, მე ხელი დავუქნიე. სამუშაოზე წავიდა და იქ გულის შეტევა დაემართა. დღემდე ვნერვიულობ, რომ იმ დღეს არ მოვეფერე. მას მერე სახლიდან ისე არ გამოვდივარ, სანამ ყველას არ ვაკოცებ.

-  თქვენ ახლა სამი შვილი გყავთ. ეს თუ აისახება სამუშაოზე (ბლანშეტს ჰყავს ქმარი, სცენარისტი და რედაქტორი ენდრიუ აპტონი, რომელსაც სამი ვაჟი გაუჩინა - მთარგმ.)...

-  ბიჭების გაზრდა ძალიან საინტერესოა. მათგან საოცარი ენერგიით ვივსები, ადრენალინით, სიხალისით! თუმცა რასაკვირველია, რაღაცაზე უარის თქმაც მიწევს. ადრე, როცა სცენარის მიგზავნიდნენ, მაშინვე ვკითხულობდი: "ვინ არის რეჟისორი?" ახლა კი პირველ რიგში ის მაინტერესებს, სად და რამდენ ხანს იქნება გადაღებები. წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი დრო მაქვს სამუშაოსთვის, პროდიუსერები კი ყოველთვის როდი არიან მზად, რომ მელოდონ.

-  ამბობენ, არ გეშინიათ ხოლმე გადასაღებ მოედანზე თქვენი აზრისთვის ბრძოლას და კონფლიქტზეც არ ამბობთ უარს, თუ ეს გარდაუვალია...

-  გინდათ თქვათ, რომ ანჩხლი ვარ? რაღაც გაგებით, ასეც არის (იცინის). მაგრამ ამით ხომ არავინ ზარალობს? აქ ისეა, როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში - ჯობს ქვიშაში კი არ ჩარგო თავი, არამედ მაშინვე თქვა სიმართლე და გადაწყვიტო ყველა პრობლემა. ბოლოს და ბოლოს - კამათში იბადება ჭეშმარიტება! ხანდახან სასარგებლოა ადამიანების შეჯანჯღარება, აიძულო ისინი, სიტუაციას სხვა კუთხიდან შეხედონ, ცოცხალი რეაქცია მიიღო.

-  გიყვართ თქვენი ფილმების პრემიერაზე მისვლა?

-  არა! ჩემთვის ეს ნამდვილი წამებაა - ყველაზე უარესი რამ, რაც არის მსახიობის სამსახურში. თითქოს შინ გადაღებულ ვიდეოს უყურებ, თანაც სრულიად უცხო ადამიანების კომპანიაში. გამუდმებით გიჩნდება განცდა, რომ რაღაც გაგიჭუჭყიანდა და ვერ შენიშნე, როდის მოახერხე ეს... მაგრამ ალბათ ასეთ ემოციებსაც აქვს რაიმე სარგებელი. უკეთ ქცევის სურვილი არ გვაიძულებს, რომ წინ ვიაროთ?!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება