ავთო ვარსიმაშვილი: "ვერ გავიგე, რატომ ვითვლები მიშას ფავორიტად"

ავთო ვარსიმაშვილი: "ვერ გავიგე, რატომ ვითვლები მიშას ფავორიტად"

"ახლა ვხედავ ხალხში გულწრფელ იმედს და იმის მოლოდინს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც რადიკალურად უკმაყოფილოა და პირიქით, მაგრამ მათთან ურთიერთობისას ვგრძნობ, რომ მოთმინებით არიან გამსჭვალული", - აცხადებს "თავისუფალი თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი ავთო ვარსიმაშვილი, რომელსაც ბოლოდროინდელ აქტუალურ მოვლენებზე ვესაუბრეთ. რა შეიცვალა პოლიტიკური ცვლილების შემდეგ მის ცხოვრებაში, ამაზე რეჟისორი თავად გვიამბობს.

-  ბატონო ავთო, რა ხდება თქვ­ენს შემოქმედებით საქმიანობაში?

-  "თავისუფალ თეატრში" გარ­კ­ვეული სიახლეები გვაქვს. ახლახან შედგა პრემიერა სპექტაკლისა "ვალსი ძილის წინ". ეს არის ჩემი პიესა, რომელიც თვითონ დავდგი და მასში "თავისუფალი თეატრის" მსახიობ ქალთა უმეტესობა მონაწილეობს ერთადერთ მამაკაცთან, კახა მიქიაშვილთან ერთად.

-  ქალბატონები ვინ არიან?

-  მაია დობორჯგინიძე, მარიამ ჯოლოგუა, თამუნა ნიკოლაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, თიკო კორძაძე, სალომე ჭულუხაძე, ნათია კვაშალი... ეს სპექტაკლი ჩვენს დედებს, ბებიებსა და მათ მეგობრებს მივუძღვენი. სულ სამჯერ იხილა მაყურებელმა და უკვე დიდი სიყვარულით სარგებლობს.

-  წლების განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ ავთო ვარსიმაშვილი წინა ხელისუფლების ფავორიტი ხელოვანი იყო. პო­ლიტიკური ცვლილების შემდეგ რა შეიცვალა თქვენთვის?

-  როცა ამას ამბობენ, ყველას მინდა გულწრფელად ვთხოვო, ერთხელ და სამუდამოდ ამიხსნან, რაში გამოიხატებოდა ჩემი პრივილეგირებული მდგომარეობა იმ ხელისუფლების დროს? ერთი ფაქტი მაინც დამისახელონ, რითიც მე სააკაშვილის გუნდმა წამახალისა. ამას რომ ვამბობ, ვერავინ ვერაფერს მისახელებს. ამ ცხრა წლის განმავლობაში არ არსებობს სატელევიზიო გადაცემა, სადაც მე გამოვედი და მათი პოზიცია დავიცავი. ვერავინ მეტყვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რაიმე მაღალი თანამდებობა მეჭირა, იმიტომ, რომ ამ ადგილზე შევარდნაძის დროიდან ვმუშაობ და ყველა პრემია, მათ შორის სახელმწიფო, მისი პრეზიდენტობის დროს მაქვს მიღებული. შევარდნაძის მმართველობის დროს მივიღე ყველა სიგელი და მაინც ვერ გავიგე, რატომ ვითვლები მიშას ფავორიტად... თუ ჩუმად ავიღე მისგან რაღაც თანხა, ისიც "შემახსენონ", იქნებ არ მახსოვს...

-  ინაუგურაციას შეგახსენებენ...

-  ამაზეც მაქვს პასუხი, - ეს ჩემი ბოლო შეხება იყო იმ სახელისუფლებო გუნდთან. წლების განმავლობაში არც ერთ სახელმწიფო პროგრამაში არ მიმიღია მონაწილეობა და არც სახელმწიფო კონცერტი დამიდგამს.

-  როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამ აზრის გავრცელების საფუძველი?

-  ისევ და ისევ ინაუგურაცია და კიდევ ის, რომ მე არ ვაკრიტიკებდი მათ, ისევე, როგორც არც ერთ სხვა ხელისუფლებას, როგორც მის წინამორბედს, ასევე მის შემდგომს. არ არის ეს ჩემი საქმე და მიმაჩნია, რომ ხელოვანი ადამიანი არც უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას და არც კოჭს უგორებდეს. თავისი პოზიცია რეჟისორმა სპექტაკლებში უნდა გამოხატოს. თუ ვინმეს ჩემი პოზიციის გაგება უნდოდა, ენახა ჩემი სპექტაკლები და გაიგებდა. ბევრჯერ მქონდა კარგი თანამდებობების მიღების შანსი, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ჩემს საყვარელ საქმეს ვერ შეველიე.

-  პოლიტიკაში გთავაზობდნენ ადგილს თუ კულტურის სფეროში?

-  ორივეგან. ინაუგურაციის შემდეგ ვთქვი, რომ მე არ გავმხდარვარ პრეზიდენტის მეგობარი, ჩემი მეგობარი გახდა პრეზიდენტი-მეთქი, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია, სამაგიეროდ, ინაუგურაცია შემახსენეს უამრავჯერ... არ ვაპირებ იმის დამალვას, რომ წინა ხელისუფლების გუნდთან ვმეგობრობ, მაგრამ ეს არასდროს გამომიყენებია. არადა, სურვილი რომ მქონოდა, დეპუტატიც გავხდებოდი და სხვა, საკმაოდ მაღალ თანამდებობასაც მპირდებოდნენ. თუმცა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, მე არ მინდა პოლიტიკური თამაში, რადგან ვერასდროს გავხდები ისეთი პოლიტიკოსი, როგორებიც ლევან ბერძენიშვილი ან გიგა ბოკერი არიან. ამ სფეროში ყოველთვის მეშვიდე პლანზე ვიქნები და ბოლო ადგილზე ყოფნის სურვილი არ მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე პოლიტიკოსი არ ვარ. საკუთარ თავს ხელოვან ადამიანად მივიჩნევ და რაიმე ღირებულის შექმნის ამბიცია მაქვს. რაც შეეხება იმას, რა შეიცვალა ჩემთვის ახალი ხელისუფლების პირობებში, ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ხელისუფლებას, ახლა იმედს მაინც გვაძლევენ.

სააკაშვილის მოსვლამდე "თავისუფალი თეატრი" მერიისგან გრანტს იღებდა, შემდგომ სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში გვქონდა დაფინანსება და გიგი უგულავას მოსვლის შემდგომ შეგვიწყდა... გრიბოედოვის თეატრთან დაკავშირებით დაგვპირდნენ, რომ მარტიდან დაფინანსებას გაგვიზრდიან. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგოშვილი შეგვპირდა, რომ დამოუკიდებელ თეატრებს დააფინანსებენ. ასე რომ, ოპტიმისტური განწყობა მაქვს. თუ ბოლო სამთვიან მუშაობას შევაჯამებთ, ვიტყვი, რომ წინა ხელისუფლების "ფავორიტ" რეჟისორზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. პირიქით, ყურადღებას ვგრძნობთ იმ კუთხით, რომ კულტურის მინისტრი ორჯერ დაესწრო გრიბოედოვის სახელობის თეატრში გამართულ სპექტაკლს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან წინა მინისტრები, არც ნიკა რურუა და არც გოკა გაბაშვილი, არ მინახავს ჩვენს სპექტაკლებზე. რაც შეეხება "თავისუფალ თეატრს", აქ ძალიან უცნაური შემთხვევა მოხდა, მოპატიჟების გარეშე, საკუთარი სურვილით მოვიდა ალექსანდრე მარგოშვილი, ჩემს სპექტაკლს "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" საკუთარი სურვილით დაესწრო. როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ისე მოვიდა. ცოტა სივიწროვე ყოფილა, ჩემმა დირექტორმა სკამები ჩაუდგა თურმე და ახალგაზრდებთან ერთად დამჯდარა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რადგან წინა მინისტრების მოადგილეებისგან ასეთი ყურადღებით განებივრებული არასდროს ვყოფილვართ. არ ვიცოდი, თორემ უზრდელი ხომ არ ვარ, მივიდოდი და გავესაუბრებოდი. ერთადერთი, ვინც კულტურის სფეროდან სპექტაკლებს ესწრებოდა, მახსოვს, ვალერი ასათიანი იყო.

-  ბატონო ავთო, თქვენს საყვარელ რუსთაველის თეატრზეც გკითხავთ, რომლის მმართველადაც რობიკო სტურუა დაბრუნდა. ამაზე რას ფიქრობთ, რა ცვლილებებს ელოდებით თეატრში მისი დაბრუნების შემდეგ?

-  უნდა ვაღიარო, რომ ამ ეტაპზე ბატონ რობიკო სტურუასგან მაინცდამაინც არაფერს ველოდები. იმიტომ, რომ ბატონი სტურუა, ეს ერთი წელი კი არა, ბოლო რამდენიმე ხანია თავისი შემოქმედებით მაყურებლის მოთხოვნას სცილდება. მან დაკარგა ის, რასაც ჩვენ მუდმივად გვასწავლიდა - მუდმივად გედოთ ხელი მაყურებლის მაჯისცემაზე და თქვენი სპექტაკლები ამის პასუხი უნდა იყოსო. სწორედ ეს არის რეჟისორის უმთავრესი თვისება, თუმცა ვაღიარებ, რომ როგორც ოსტატი, ახლა უფრო დახვეწილია, ვიდრე 30 წლის წინ იყო, როდესაც დგამდა შედევრებს - "კავკასიურ ცარცის წრეს" და "რიჩარდ III"-ს. ახლა ის უფრო დამაჯერებელია, მაგრამ ვერ გრძნობს მაყურებლის მაჯისცემას.

-  რას გულისხმობთ?

-  მის შეცვლას სხვადასხვა მიზეზი აქვს, ერთ-ერთი ის არის, რომ ის, როგორც ხელოვანი, დაწყნარდა და აგიხსნით, რატომ. როდესაც რობიკო თავისი სპექტაკლებით დისიდენტი იყო და მისი ნამუშევარი მაყურებლის გულებამდე მიდიოდა, ძალიან კარგ ფორმაში იყო. როგორც კი მას პოლიტიკური პლაცდარმი გამოეცალა, მოეშვა. ეს მხოლოდ რობერტ სტურუას დრამა არ არის. იმ თაობის ყველა დიდ რეჟისორს ასე დაემართა. ვგულისხმობ საბჭოთა სივრცეში მოღვაწე რეჟისორებს, მათ შორის ლუბიმოვს, რომელთაც მთელი თავიანთი შემოქმედება პოლიტიკურ თეატრზე ჰქონდათ აწყობილი. როდესაც მაყურებელი ასჯერ მეტს ისმენს ტელევიზიასა და რადიოში, გაცილებით მძაფრ სიუჟეტებს კითხულობს ჟურნალ-გაზეთებში, რეჟისორს შემოქმედებითი მუზა ეცლება. ასე იცხოვრეს და იმუშავეს მათ წლების განმავლობაში და ამასობაში ის გამორჩათ, რაც დღეს უფრო მნიშვნელოვანია.

-  რა არის დღევანდელი მაყურებლისთვის უფრო მნიშვნელოვანი?

-  ადამიანური ურთიერთობები, სოციალური საკითხები, კომუნიკაცია. ახლა ზეპოლიტიკური პრობლემები სცენაზე არავის სჭირდება. ვაღიაროთ, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში ჩვენ რაღაც დოზით მაინც გავხდით დემოკრატიულები და ხალხს რაც აწუხებს, ამბობს კიდეც. ის, რასაც დღეს ტელევიზიით ვისმენთ, საბჭოთა კავშირის დროს წარმოუდგენელი იყო. ერთ მაგალითს მოგვიყვებით, "რიჩარდ III"-ში იყო მომენტი, როდესაც გოგი გეგეჭკორი მოსასხამს სწევს და შიგნით ჩანს წითელი სარჩული, რომელსაც გვერდზე მდგომს თავზე აფარებს. ამის დანახვაზე შოკში ჩავცვივდით - კომუნისტური პარტია მიწაში ჩადოო. ეს მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. გარდა ამისა, ეს რაღაც მიგნების დიდი სიმბოლო იყო, დღეს კი ეს ყველაფერი სასაცილოა. თუ გინდა, სცენაზე დაწვი საბჭოთა დროშა, ტაშსაც არავინ დაგიკრავს, რადგან ეს თემა უკვე ყველას მოჰბეზრდა.

მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ საქმეს და ვგრძნობ, რომ ეს იმ თაობის ყველაზე მკვეთრი პრობლემაა. ამას ისიც დაემატა, რომ იმ პერიოდის მართლაც გენიალური რეჟისორები იმდენად მიეჩვივნენ საყოველთაო აღიარებას, რომ იმავე რობიკო სტურუასთვის და სხვებისთვისაც დრამაა, მათ სპექტაკლებზე ხალხი რომ არ გიჟდება. სულ რაღაც 10-15 მაყურებელი მოდის და პარტერიც არ ივსება.

-  ამის მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ, მიზეზთა გამო, სპექტაკლის დაანონსება არ ხდებოდა და კიდევ ის, რომ ადამიანებს თეატრისთვის არ ეცალათ?

-  ამას ვერ დავიჯერებ. გთხოვთ კრიტიკაში ნუ ჩამომართმევთ, რადგან ჩემი ღრმა რწმენითა და დაკვირვებით, რობიკო სტურუა ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეჟისორია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღესაც დგამს ისეთ სპექტაკლებს, რომლის მიმართაც საზოგადოებას ცხოველი ინტერესი აქვს. ჩვენდა საბედნიეროდ, ქართული თეატრის ძირითადი მაყურებელი არის ახალგაზრდა თაობა და თუ ეს თაობა ვერ ხედავს იმ პრობლემებს სპექტაკლებში, რომელიც მას აღელვებს, არც ინტერესდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაყურებლის მაჯისცემა.

-  თუმცა ხშირად გვესმის, რომ ახალი თაობა მაინცდამაინც მაღალი კულტურული გემოვნებით არ გამოირჩევა...

-  თაობათა შორის ბრძოლა ყოველთვის იყო და მოდით, დროს მივანდოთ ყველაფერი. დღევანდელი საზოგადოება ისედაც პოლიტიზებულია და მე რა უნდა გითხრათ იმაზე მეტი სცენიდან, რაც თქვენ მეგობრებისგან, კოლეგებისა და ახლობლებისგან გესმით. და თუ მაინც წახვალთ ასეთ სპექტაკლზე, მაშინ თქვენი ინტერესის სფერო არც ისე მრავალფეროვანი ყოფილა... ასე რომ, რობიკო სტურუას მოსვლის შემდეგ ჩემს საყვარელ რუსთაველის თეატრში სიახლეს არ ველოდები, ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო. ასე მხოლოდ ჩვენთან კი არა, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში ხდება, სახელმწიფო აკადემიური თეატრები თანდათან სამუზეუმო თეატრებად იქცევიან, რომელთაც ჰყავთ არა მაყურებელი, არამედ დამთვალიერებელი. მე ხშირად დავდივარ პარიზში, მაგრამ არასდროს ვესწრები "კომედი ფრანსეზის" სპექტაკლებს. არც ერთი ნორმალური თეატრალი იქ არ დადის, ისინი პატარა თეატრებში უფრო დადიან. დაახლოებით ასეთ ჭრილში გადავა რუსთაველის თეატრიც, და ეს არც ცუდია და არც კარგი.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება