ლონდონში BAFTA-ს გამარჯვებულები გამოავლინეს

ლონდონში BAFTA-ს გამარჯვებულები გამოავლინეს

ლონდონში ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის - BAFTA-ს - ყოველწლიური დაჯილდოების 66-ე ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაზე პრიზი საუკეთესო ფილმისთვის ბენ აფლეკის "არგოს" გადაეცა, რომელიც ირანში ამერიკელი მძევლების გათავისუფლების ოპერაციაზე მოგვითხრობს.

ბენ აფლეკის დრამა, რომელიც მანამდე "ოქროს გლობუსზე" აღიარეს საუკეთესოდ, 7 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. საბოლოოდ "არგომ", რომელშიც მთავარ როლსაც თავად რეჟისორი ბენ აფლეკი ასრულებს, სამ ნომინაციაზე გაიმარჯვა - "საუკეთესო რეჟისორი", "საუკეთესო ფილმი" და "საუკეთესო მონტაჟი", რომლისთვისაც პრიზი უილიამ გოლდენბერგს გადაეცა.

"არგოსთან" ერთად საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის "საბრალონი", "პაის ცხოვრება", "ლინკოლნი" და "მიზანი ნომერი ერთი" იბრძოდნენ, საუკეთესო რეჟისორის პრიზის მოსაპოვებლად კი ბენ აფლეკს კონკურენციას კეტრინ ბიგელოუ, მიხაელ ჰანეკე, ენგ ლი და კვენტინ ტარანტინო უწევდნენ.

"მადლობელი და ამაყი ვარ ამ პრიზისთვის. ეს ჩემთვის პრიზის მოპოვების მეორე მცდლეობა იყო. ამიტომ მინდა ის მივუძღვნა ყველას, ვინც მეორეჯერ ცდილობს გამარჯვების მიღწევას, რადგან თქვენ შეგიძლიათ ეს", - აღნიშნა ბენ აფლეკმა.

"საუკეთესო მსახიობი მამაკაცის" ნომინაციაში BAFTA გადაეცა ბრიტანელ მსახიობს დენიელ დეი ლუისს, რომელმაც აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის როლი შეასრულა ბიოგრაფიულ ფილმში "ლინკოლნი". სტივენ სპილბერგის ფილმი 10 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა BAFTA მას მხოლოდ დენიელ დეი ლუისმა მოუტანა.

"არ ვიცი, დავიმსახურე თუ არა გამარჯვება, თუმცა ვიცი, რომ თითოეული თქვენგანიც იმსახურებდა მას", - მიმართა დენიელ დეი ლუისმა "საუკეთესო მამაკაცი მსახიობის" ნომინაციაზე წარდგენილ ბენ აფლეკს, ბრედლი კუპერს, ჰუ ჯეკმანსა და ხოაკინ ფენიქსს.

ნომინაციაში "საუკეთესო ქალი მსახიობი" ბრიტანული კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის პრემია ემანუელ რივას გადაეცა მიხაელ ჰანეკეს "სიყვარულში" შესრულებული როლისთვის. ავსტრიელი რეჟისორის დრამა საუკეთესო არაინგლისურენოვან ფილმადაც აღიარეს.

BAFTA-ს 66-ე დაჯილდოების ლიდერი პრემიების მოპოვების მხრივ, მიუზიკლი "საბრალონი" გახდა, რომელმაც ერთბაშად 4 ნომინაციაში გაიმარჯვა: - "საუკეთესო გახმოვანება", "საუკეთესო გრიმი", "საუკეთესო მხატვარი" და "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი ". ამ უკანასკნელ ნომინაციაში პრემია ენ ჰეთევეის გადაეცა.

პრიზი ნომინაციაში "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი" კრისტოფ ვოლცს გადაეცა კვენტინ ტარანტინოს "ჯანგოში" შესრულებული როლისთვის. ტარანტინოს ვესტერნმა პრიზი აიღო საუკეთესო სცენარისთვისაც.

ბრიტანული კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის ცერემონიაზე ბონდიანას უკანასკნელი ფილმი "სქაიფოლი" საუკეთესო ბრიტანულ ფილმად აღიარეს. სემ მენდესის ფილმმა "საუკეთესო საუნდთრეკის" ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის BAFTA გადაეცა 68 წლის ბრიტანელ რეჟისორს ალან პარკერს, რომელიც ცნობილია ფილმებით "შუა ღამის ექსპრესი", "ევიტა" და "პინკ ფლოიდი - კედელი".

ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემია 1947 წლის 16 აპრილს დაფუძნდა "ბრიტანეთის კინო აკადემიის" სახელწოდებით. პირველი BAFTA 1948 წელს გაიმართა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება