თიკა ჯამბურია საზოგადოების დამოკიდებულებამ დათრგუნა

თიკა ჯამბურია საზოგადოების დამოკიდებულებამ დათრგუნა

"ახალ ხმაში" თიკა ჯამბურიას გამოჩენას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ფინალამდე სმს-ლიდერის სტატუსით მივიდა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებისგან იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნო, რომ ფინალის დღე ტირილში გაატარა. საბოლოოდ სცენაზე მაინც გავიდა და იმღერა. როგორც ინტერვიუს დროს შევატყვე, ამ ყველაფრით ძალიან დათრგუნვილი და დაღლილია, ეგვიპტეში აპირებს დასვენებას, რის შემდეგაც პირადი ურთიერთობების ასაწყობადაც იქნება მზად. "ჩემ ირგვლივ ყველამ აიწყო პირადი ცხოვრება, მათ შორის ჩემმა ქმარმაც, მე კი ამაზე არ ვფიქრობ, არადა, ნელ-ნელა ვხვდები, რომ დროა, მეც მივხედო ამ საქმეს", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

- კონკურსის შედეგით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, სამართლიანად ჩატარდა ყველაფერი და ღირსეულმა მოიგო. მე სალომეს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი გახლდით და ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ მან გაიმარჯვა. ჩემი აზრით, ფინალში მოხვედრა გამარჯვების ტოლფასია, როდესაც შვიდი ათასი კაციდან ოთხეულში ხვდები, ეს უკვე დიდი წარმატებაა.

- თუმცა საზოგადებაში განსხვავებული მოსაზრება გაჩნდა გამარჯვებულთან დაკავშირებით. ამ კონკურსის იდეა ახალი ხმის აღმოჩენა იყო, სალომე კი ტურების განმავლობაში არ შეცვლილა. შენ რას ფიქრობ?

- ყველა ქვეყანაში ამ კონკურსის უცხოურ ანალოგებს ჰქვია "ვიოსი", ანუ ხმა და არა "ახალი ხმა". პროექტის ბრიტანულ ანალოგში მონაწილობს ქალი, რომელსაც უამრავი ალბომი აქვს გამოცემული, წარდგენილი იყო "გრემის" ნომინაციაზე, მაგრამ მაინც მონაწილეობს, რადგან ჰქონდა გრძელვადიანი პაუზა და უნდა, საზოგადოებას თავი შეახსენოს. პროექტის ფორმატი გულისხმობს იმას, რომ მონაწილეობა შეუძლია როგორც ცნობილ და წარმატებულ მომღერალს, ასევე სრულიად უცნობსაც. ჩემი აზრით, შეცდომა იყო ის, რომ ხაზი არ გავუსვით ამ დეტალს.

- კონკურსის დასრულების შემდეგ საკმაოდ ხმამაღლა ალაპარაკდნენ კონკურენციაზე, თავად რას გვეტყვი ამაზე?

- კონკურენცია იგრძნობოდა არა მონაწილეებს, არამედ მწვრთნელებს შორის, მონაწილეები დღემდე ვმეგობრობთ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- ფინალისტი ნინი ცნობილაძე ჩვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა არსებულ კონკურენციაზე და გულდაწყვეტილიც იყო...

- არ ვიცი, ნინის შემთხვევაში როგორ იყო საქმე, მაგრამ პირადად მე მსგავსი არაფერი მიგრძნია. კონკურენციის რა მოგახსენოთ, მაგრამ კრიტიკა ნამდვილად არ დაუშურებიათ ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, თიკა ჯამბურია რომ არ ვყოფილიყავი, ასე არ გამლანძღავდნენ. ლაპარაკობდნენ ჩემს უნიჭობაზე, ჩემს წონაზე, ხაზს უსვამდნენ ჩემს ყველანაირ მინუსს. ხან მაგდა ვასაძეს მადარებდნენ, ხან სალომე ქათამაძეს, რაც, ჩემი აზრით, უხერხულია, რადგან ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ და ყველას თავისი სტილი აქვს. მივხვდი, რომ ხალხი ძალიან გაბოროტებულია, ის, რაც ჩემზე სოციალურ ქსელებში იწერებოდა, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. საბედნიეროდ, ეს საკითხი იმით გადავაგორე, რომ ჩემი ფანებისგან ოფიციალურ გვერდზე დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი, ისეთი თბილი მესიჯები მომდიოდა, უფლება არ მქონდა, ამ ადამიანების იმედი გამეცრუებინა და თავი კარგად არ წარმომეჩინა.

- ყველაზე მეტად რამ გატკინა გული?

- ფინალის დღე იყო პიკი, ახლაც მიკვირს, როგორ ვიდექი სცენაზე და როგორ ვმღეროდი, მთელი დღე ვტიროდი, რადგან ბოლოს გაჩნდა გვერდები, სადაც წერდნენ, რომ მე ვიყავი სახელმწიფოს მტერი, რომ მამაჩემს დიდი ფული აქვს და სწორედ მისი ფულებით მივედი ფინალამდე. არადა, ოჯახში ერთადერთი ვარ, რომელიც მუშაობს. ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ბოროტება და კრიტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ ყველა მე მამშვიდებდა. სიმართლე გითხრათ, გამარჯვება აღარც კი მინდოდა.

- გამარჯვების იმედი გქონდა?

- როგორ გითხრათ, ალბათ მართლა მე რომ მომეგო, ჩემი სახლის წინ მიტინგი გაიმართებოდა. ამიტომ ჩემს გვერდზე დავწერე, რომ ჩემთვის აღარავის დაემესიჯებინა.

- რაც შეეხება პრიზებს, რით დაგასაჩუქრეს?

- (იცინის) ნინომ გამიკეთა კარგი საჩუქრები. ლეპტოპი, აქსესუარები და კიდევ ისეთ რამ, რასაც არ გეტყვით (იღიმის), და რაც მთავარია, სამსახური რადიოში. ცოტა ხანში "აფხაზეთის ხმის" ეთერში გავა გადაცემა სახელწოდებით "FM სტატუსი", რომელსაც მე და შოთიკო ტატიშვილი წავუძღვებით. ცნობილი ადამიანების "ფეისბუქის" სტატუსებზე ვისაუბრებთ და ავტორებთან გადავამოწმებთ ჭორებს.

- ამ ვნებათაღელვის შემდეგ როგორ აგრძელებ ცხოვრებას?

- ძალიან მჭირდებოდა სიმშვიდე და დასვენება, რადგან დიდი სტრესი მივიღე. მართალია, ცოტა ხნის წინ ვთქვი, ყველაფერს გავუძლებ, ოღონდ ისევ დაბრუნდეს კონკურსის პერიოდი-მეთქი, მაგრამ მართლა რთული აღმოჩნდა ყველაფერი. საზოგადოების მხრიდან ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება რომ არ წამოსულიყო, უფრო მეტსაც გავაკეთებდი, მაგრამ ასეთმა მიდგომამ ძალიან დამთრგუნა. გარდა ამ ყველაფრისა, "ახალმა ხმამ" შეიწირა ჩემი თმა, რომელსაც წლების განმავლობაში სიმწრით ვიზრდიდი. ვარცხნილობის ყოველდღიურად გაკეთების გამო თმა დამეწვა და შევიჭერი. შეიძლება ითქვას, რომ კონკურსის პერიოდში ჩემს შვილს ვერ ვხედავდი, დილით ადრე გავდიოდი და შინ მაშინ ვბრუნდებოდი, როცა ნინას ეძინა, ბავშვი ძალიან მენატრებოდა, ახლა კი მთელ დროს მასთან ვატარებ. წლის და რვა თვისაა ჩემი შვილი, უკვე კარგად ლაპარაკობს და რაც მთავარია, მღერის, სულ ღიღინებს, ჩემი რეპერტუარი ზეპირად იცის (იღიმის).

- მამასთან რამდენად ხშირად აქვს ურთიერთობა?

- როცა ახერხებს, ბექა მაშინ ნახულობს შვილს.

- კონკურსის განმავლობაში ბექა თუ გგულშემატკივრობდა, ლაივშოუებზე თუ მოდიოდა ან თუ გირეკავდა?

- ლაივშოუებს ნამდვილად არ ესწრებოდა, მას ახალი ცხოვრება აქვს და იმითაა დაინტერესებული. ჩემი დედამთილი ხათუნა მედგა ყველანაირად გვერდში, მიხარია, რომ მე და ჩემს ყოფილ დედამთილს ბექას გარეშეც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბევრ ისეთ რამეს ვუყვები, რასაც მხოლოდ მეგობრებთან ვამბობ.

- პირადი ცხოვრების დეტალებსაც უზიარებ?

- გარკვეული დოზით კი.

- თიკა, მზად ხარ ახალი ურთიერთობებისთვის?

- ცოტას დავისვენებ და მერე უკვე ნამდვილად მზად ვიქნები. კონკურსის რამდენიმე მონაწილე - მე, საშა პრიშვინი, მაკო კვიტაიშვილი, იაკო ტომაში - ეგვიპტეში მივდივართ ათი დღით, იქ ისე განვიტვირთები და დავისვენებ, რომ მერე ყველაფრისთვის მზად ვიქნები. ჩემ ირგვლივ ყველამ აიწყო პირადი ცხოვრება, მათ შორის ჩემმა ქმარმაც, მე კი ამაზე არ ვფიქრობ, არადა, ნელ-ნელა ვხვდები, რომ დროა, მეც მივხედო ამ საქმეს.

- ბექა ხომ არ დაოჯახდა?

- ჯერ არა, მაგრამ, როგორც ვიცი, ახლო მომავალში აპირებს.

- ეს შენზე უარყოფითად არ მოქმედებს?

- როცა ბექაზე ვნერვიულობდი, მეუბნებოდნენ, ცოტა ხანში ისე იქნები, თავად გაგიკვირდება, როგორ ცხოვრობდი ბექასთანო. მაშინ არ მესმოდა, რას ამბობდნენ, მაგრამ უკვე იმდენად გავუცხოვდით, ვერც კი ვიხსენებ, როგორ გვიყვარდა მე და ბექას ერთმანეთი და როგორ ვცხოვრობდით ერთად.

- ბავშვის გამო გიწევთ ურთიერთობა?

- იქიდან გამომდინარე, რომ ბექას ახალი ცხოვრება აქვს, მიმაჩნია, არ არის აუცილებელი, ხშირი კონტაქტი გვქონდეს და ამით მისი მეორე ნახევარი გავაღიზიანო.

- იცნობ ბექას შეყვარებულს?

- არა, ის გოგო ჩემზე უფროსია და ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია.

- როგორც მივხვდი, ამ ეტაპზე შენს ცხოვრებაში არ არის საყვარელი მამაკაცი...

- არა, ალბათ უნდა გამოჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილას, რომ მისით დავინტერესდე, ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა, ან შეიძლება, ვერ გავუგეთ ერთმანეთს.

- ოჯახის დანგრევის შემდეგ ვინმესთან რომანტიკული ურთიერთობის აწყობის მცდელობა თუ გქონია?

- კი, იყო შემთხვევა, როცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ასეთი ადამიანი, მაგრამ ურთიერთობა ვერ ავაწყვეთ, თუმცა იმისი კომპლექსი ნამდვილად არ მაქვს, რომ ოჯახი დამენგრა და ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა "ჰეფიენდით" არ დასრულდა. უბრალოდ, არ აეწყო ან ვერ დამაფასეს, როგორც ხშირად ხდება... მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, უზარმაზარი სიყვარული გასცეს, მაგრამ იმავეს ვითხოვ საყვარელი ადამიანისგანაც. როდესაც საპასუხოდ იმავეს ვერ ვიღებ, ურთიერთობის სურვილს ვკარგავ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება