მაია ჯაბუას ტკივილი და სიძლიერე

მაია ჯაბუას ტკივილი და სიძლიერე

ინტერვიუს თავს არიდებდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად ჩვენი და მკითხველების ერთობლივმა თხოვნამ გაჭრა და იოლად დავიყოლიე.

მომღერალი მაია ჯაბუა კარგა ხანია, არც სცენაზე გამოჩენილა, არც - პრესაში. კანტიკუნტად თუ წააწყდებოდით მის ინტერვიუს და მაშინაც, განსაკუთრებული გულახდილობით არ გამოირჩეოდა. ალბათ უცნობებისთვის გულის გადაშლა არც არის აუცილებელი, თუმცა ცნობისმოყვარე მკითხველები საწინააღმდეგოს ფიქრობენ. მგონი, ამჯერად გაუმართლათ: მაიამ განვლილ ცხოვრებასა და დღევანდელობაზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრა. მისი თუთიყუში კოკოშა კარგა ხანს გვისმენდა ყურადღებით და ბოლოს, გულმა რომ არ მოუთმინა, "საკუთარი მოსაზრებებიც გაგვიზიარა". ეგ კი არა, ლამის მაიას გადააჭარბა მასპინძლობაში - სულ სიმღერ-სიმღერით გამომაცილა...

მაია:

- პირველ რიგში, ჩემს მსმენელს ვეტყვი დიდ მადლობას, ასეთი სიყვარულისთვის. მომღერლის ფასი არაფერია, თუკი მას მსმენელი არ ჰყავს; თუკი არ იცის, ვისთვის მღერის.

- არადა, მსმენელს აშკარად მოანატრეთ თავი. წინა ხელისუფლებისთვის არასასურველ ხელოვანთა რიგებში ხალხისთვის საყვარელი ბევრი მომღერალი აღმოჩნდით...

- ისე არაჯანსაღად, არასწორად შეერია პოლიტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის - ხელოვნებასაც, რომ ბევრი რამ გააფუჭა; ამით ვიღაც აღზევდა, ვიღაც კი უგულებელჰყვეს. პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ღიად არავის დავპირისპირებივარ. ერთადერთი, როდესაც მივხვდი, რომ გაჩუმება აღარ შეიძლებოდა, - ანუ 2007 წლის ნოემბრის აქციებისას, ჩემს ხალხს გვერდით დავუდექი. დღემდე ვერ ვივიწყებ ორ კადრს - მომიტინგეთა შორის მდგომ წარმოსადეგ ქართველ მამაკაცს, ხურდა ფულს რომ იღებს ჯიბიდან და გვიჩვენებს: აი, ამით ვარ რაჭიდან ჩამოსულიო და სიმართლის საძებნელად ქუჩაში გასული, პარკინსონით დაავადებული ქალბატონის მოკანკალე სხეულს (ეცადა დაემალა, მაგრამ მაინც შევნიშნე ცრემლი. - ავტ.). იმ წამს დედაჩემი დამიდგა თვალწინ - მასაც პარკინსონის დაავადება ჰქონდა. იქ, მიტინგზე იყო ჩემი მშობლების თაობა, რომელიც სამსახურებიდან უბრალოდ კი არ დაითხოვეს, არამედ უთხრეს: თქვენი დრო წავიდაო და, "გადაყარეს". ამიტომ ვერ დავრჩებოდი შინ. თუმცა პოლიტიკური განცხადებები არც მაშინ გამიკეთებია, მხოლოდ ადამიანურად თანავუგრძნობდი ჩემს ხალხს. როგორც ჩანს, იმ ხელისუფლებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მოწინააღმდეგედ მივეჩნიე.

- რას ელით ახალი ხელისუფლებისგან?

- ვფიქრობ, რომ ზოგადად, ძალიან ობიექტური ვარ და (ამას საკუთარ შვილებთან ურთიერთობითაც ვხვდები) ამასთან - უანგაროც: არაფერს ვითხოვ ან ველი პირადი გამორჩენისთვის, არც ილუზიებს ვიქმნი, ფანატიზმს კი საერთოდაც, პათოლოგიად მივიჩნევ. ასე რომ, ხელისუფლებასაც ობიექტურად ვაფასებ. ღმერთმა შესანიშნავი ქვეყანა მოგვცა და მჯერა, უპირველესად ჩვენ - აქ მცხოვრები ადამიანები უნდა გავხდეთ ღირსეული მოქალაქეები; უნდა ვივარგოთ და მხოლოდ 100 დეპუტატს ან 10 მინისტრს არ უნდა დავაბრალოთ ქვეყნის უკეთურება და უბედურება. ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა და თითოეულს საკუთარი წილი საქმე გვაქვს საკეთებელი, საკუთარი წილი პატიოსნება და პროფესიონალიზმი გვჭირდება. თუ ამ ყველაფერს გავიაზრებთ და ჩვენს მოვალეობას მაღალ დონეზე შევასრულებთ, სხვასაც, ხელისუფალი იქნება თუ რიგითი ადამიანი, იოლად მოვთხოვთ ანალოგიურის გაკეთებას, ეს კი აუცილებლად წაადგება ქვეყანასაც და ხალხსაც. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ინტერესი ხელოვნების სფეროსადმი მაქვს. ჯერჯერობით არ ვიცი, რა პრიორიტეტები აქვს კულტურის სამინისტროს, შორიდან არაფერი ჩანს, ჩვენი - მომღერლების ცხოვრებაში კი ჯერ არაფერი შეცვლილა. შეიძლება, დასაწყისისთვის თეორიულად მუშაობენ მიმართულებებზე, პროექტებზე, ვერაფერს გეტყვით. თანახმა ვარ, კონცერტები და ღონისძიებები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდეს, რაც ხალხის სოციალურ მდგომარეობას დაეტყობა სიკეთე. მინდა დავინახო, რომ პენსიონერი 2 აბ წამალს კი არ ყიდულობს ხელის კანკალით, არამედ მთელი სამკურნალო კურსის სამყოფს; მინდა დავინახო, რომ დაუსაქმებელმა ადამიანებმა მუშაობა დაიწყეს; მსურს ყველა განეწყოს საკონცერტოდ და მასზე დასასწრები ბილეთის შესაძენი ფულიც ჰქონდეთ.

- დიდი ხნის წინ მსგავს პრობლემებზე ცოტა თუ ფიქრობდა, ბავშვების უმრავლესობაც ლაღად ცხოვრობდა, მით უფრო - თქვენ, პოპულარული ანსამბლის - "მზიური" ერთ-ერთი პოპულარული წევრი. როგორი იყავით მაშინ, როგორ ცხოვრობდით?

- დაბადებიდან უცნაური ბუნება მქონდა. ბავშვობაში თითქმის არ ვტიროდი, არც რაიმეს ყიდვას ვითხოვდი, არც არაფერს ვაფუჭებდი და არც არავის ვერჩოდი, მოწესრიგებული და მშვიდი ვიყავი, ოღონდ - თავისებური: ძალიან პატარა ასაკიდან, ყოველგვარი ჩხუბის, ტირილისა და ფეხების ბაკუნის გარეშე "მოვითხოვდი", დამლაპარაკებოდნენ ისე, როგორც ზრდასრულს. ასეც მექცეოდნენ, ყველაფერში ანგარიშს მიწევდნენ (იცინის). ადამიანი ძალიან უნდა მომწონებოდა, მასთან დალაპარაკების და დამეგობრების სურვილი რომ გამჩენოდა. ბევრ დროს ვატარებდი ეზოში. სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ვთამაშობდი, მაგრამ გოგონებზე მეტად ბიჭებს ვუმეგობრდებოდი. დიდი ასაკის ბიჭებიც კი მანდობდნენ თავიანთ საიდუმლოებებს, რადგან დარწმუნებული იყვნენ, არავისთან დამცდებოდა. ჩემი ორი დისგან - ნინოსა და რუსოსგან ბუნებითაც განვსხვავდებოდი და გარეგნობითაც. საკუთარი გარეგნობა არასდროს მომწონდა. ვფიქრობდი, რომ ულამაზო ვიყავი. დიდთმიანი დავბადებულვარ და ბავშვობიდან "ჩოლკას" ვატარებდი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ბებიამ თმა საშინლად ამიქაჩა და დამიმაგრა. გაბრაზებული აბაზანაში შევვარდი, შიგნიდან ჩავიკეტე და სარკეში დიდხანს ვუყურე საკუთარ თავს; მერე რეზინი მოვიგლიჯე და დავიქადნე: არა უშავს, გავიზრდები და მე ვიქნები-მეთქი! დღემდე ვერ ვხვდები, რას ვგულისხმობდი იმ "მე ვიქნებიში" (იცინის)... დედა ამბობდა ხოლმე: ამ მაიას ვერაფერი გავუგე - მასთან არც გაბრაზება ჭრის და არც მოფერებაო. თითქოს პატარაობიდან დიდი ვიყავი. ამიტომაც იყო, რომ მამის გარდაცვალების და დედის ავადმყოფობის დროს საოჯახო საქმეები მე გადმომაბარეს.

- შორიდან მეტისმეტად სერიოზული და კუშტი ჩანხართ. ასეთი მოცინარი მაია ჯაბუა კი არასდროს მინახავს.

- ახლოს რომ გამიცნობენ, ბევრისთვის მართლაც აღმოჩენაა ჩემი იუმორი, სიცილი. სხვათა შორის, გარეგნობით - არა, მაგრამ იერით დედას ვგავარ. ის მეც ბრაზიანი მეგონა კარგა ხანს (იღიმის). აი, მამა კი ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე იყო.

- თქვენ როგორი დედა ხართ?

- ერთხელ ჩემმა გოგონამ, ლიზამ მითხრა: სხვა დედებივით ენის მოჩლექით რომ დამელაპარაკო და მომესიყვარულო, გავგიჟდებიო. ეს არც დედაჩემს შეეძლო და არც მე შემიძლია. სამი შვილი მყავს: 24 წლის თორნიკე, 15 წლის ლიზა, 7 წლის ნიკუშა. სამივეზე ვგიჟდები, მაგრამ მთლად "ჩიტუნიებსა და მერცხლებს" ვერაფრით დავუძახებ. კარგად მესმის, შვილები რომ იზრდებიან, თითქოს, ნელ-ნელა გვშორდებიან - ეს ბუნებრივი პროცესია. ვფიქრობ, გონიერი მშობელი უნდა მიხვდე, რომ სასურველია, ასევე ნელ-ნელა "გაუშვა" შვილი შენგან, გაუშვა მშვიდად და უმტკივნეულოდ. შვილის გარდატეხის ასაკს პირველად რომ შევეჯახე, როდესაც ვიგრძენი, თორნიკე ჩემგან "მიდიოდა", რაღაც ძალიან მეტკინა სულში. იოლი არ იყო მისი დაგვიანებების ატანა, მის მოლოდინში ღამეების თენება, პირველი დათრობა, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. მთავარი ის იყო, რომ იცოდა, იქვე ვიყავი და რა წამსაც დავჭირდებოდი, შეეძლო დაეძახნა. შვილმა შეიძლება წაიფორხილოს, წაიქცეს კიდეც, მაგრამ მე იმისთვის ვარ, რომ წამოვაყენო... როცა მამა გარდამეცვალა, უკვე დიდი ვიყავი, შვილებიც მყავდა; რამდენიმე წელიწადში დედაც გარდამეცვალა და იცით, რა ვიგრძენი? ზურგს უკან მციოდა - კედელი, რასაც ჩემი მშობლები წარმოადგენდნენ, თითქოს გაქრა, თითქოს ხერხემალი გამომეცალა. მერე, რაღაც პერიოდი გავიდა და თავად გავხდი კედელი ჩემი შვილებისთვის. თორნიკე უკვე კაცია. მგონი, ცოლის შერთვასაც აპირებს (იღიმის). ნიკუშა პატარაა, ახლა სჭირდება ჩემი მოფერება და კოცნა. აი, ლიზა კი სწორედ იმ ასაკშია, ჩემგან წასვლას რომ ცდილობს.

სწორედ ამ მომენტში ოთახში ძალიან მოხდენილი და ლამაზი ლიზა შემოვიდა. ის დაბადების დღეზე წასვლის ამბავს უთანხმებდა დედას. მაიამ ორი წუთით დაგვტოვა და მეც, შემთხვევით ვისარგებლე:

- როგორი დედაა მაია?

- სამაგალითო! ის ყველაზე კარგი მრჩეველია. მართალია, კითხვებს ხშირად არ ვუსვამ, რადგან დედაა და ჩემთან სიმკაცრესაც იჩენს, მაგრამ თავად მაინც მაძლევს ხოლმე რჩევებს. მეგობრულიც არის, ოღონდ, რატომღაც - სხვებისთვის. მე თითქოს, ისე კარგად ვერ ვემეგობრები.

- იქნებ ეგ შენი ასაკის ბრალია? ალბათ, მეგობრებს უფრო ენდობი.

- ეგ მომენტიც არის, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემი მეგობრები უფრო ახლოს არიან თავიანთ დედებთან. ალბათ დედაჩემი მათგან განსხვავებულია ან მე ვერ შევეწყვე... მაგრამ მართლა სამაგალითოა და ვცდილობ, მაქსიმალურად მივბაძო.

- განსაკუთრებულად რა მოგწონს მის ხასიათში? რითია სამაგალითო?

- ძალიან მიზანდასახულია, მშრომელი და მინდა, მეც ასეთი ვიყო (ამასობაში მაიაც დაგვიბრუნდა. - ავტ.).

- ლიზა, სამომავლოდ რას აპირებ? მახსოვს, ბავშვობაში მღეროდი.

- ახლაც ვმღერი. მინდა, მსახიობი მომღერალი გამოვიდე.

ლიზას დავემშვიდობე და საუბარი კვლავ მაიასთან განვაგრძე:

- თქვენი ცხოვრება თითქოს, ერიხ-მარია რემარკისეულს ჰგავს. სწორედ მან თქვა: ადამიანის სიცოცხლე მეტისმეტად ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვისო. თქვენს ცხოვრებაშიც თითქოს, ასე მოხდა: რამდენიმე სიყვარულს სამჯერ ოჯახის შექმნა, სამი შვილი და ორჯერ ოჯახის დანგრევა მოჰყვა. რა იყო ეს - შეცდომა, სიყვარულის დასასრული, იმედგაცრუება თუ ყველაფერი ერთად?

- ოჯახი ძალიან რთული მექანიზმია. თუ წყვილს შორის დიდი სიყვარული, ურთიერთგაგება არ არის, ერთად ცხოვრება ძნელია. სულ ვამბობ: ყოველთვის იმდენი გაქვს, რამდენიც გსურს და სადაც სურვილი მთავრდება, იქ ან ნელ-ნელა იმსხვრევა ყველაფერი, ან ერთბაშად ქრება-მეთქი.

- პირველ მეუღლესთან - ლევან ბერიკაშვილთან საკმაოდ დიდხანს იცხოვრეთ, არა?

- ექვს წელიწადს... საერთოდ, ბევრი რამ კონკრეტული ადამიანის მოთმინების უნარზე, ნებისყოფაზეა დამოკიდებული. ვიღაცას ოჯახის დანგრევა ტრაგედია ჰგონია, ვიღაცას ამ ნაბიჯის უბრალოდ ეშინია, ვიღაცისთვის კი ეს ყველაფრის დასასრულს ნიშნავს... ერთი რამ ვიცი: რაც ჩემი გასაკეთებელია - განსაცდელია, საშრომი თუ საწვალებელი, მარტომ უნდა გავაკეთო. ოდესღაც მივხვდი, რომ ვიღაცებს რაღაცები იოლად გამოსდით, მე კი ცოტა სხვაგვარად მაქვს ყველაფერი. თუმცა ამაზე არ ვწუწუნებ. ყველა ჩემი გადაწყვეტილება თავად მივიღე და ამიტომაც, არავისზე ვბრაზობ. თანაც, ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს. რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.

- ბევრს დაამახსოვრდა თქვენი ოჯახური და სასცენო დუეტი ლიზას მამასთან - აჩიკო ყენიასთან. მას გაცილებით მოკლე ხანში დაშორდით.

- იყო ლამაზი პერიოდი, მაგრამ ასეთია ცხოვრება: რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება. არაფერს მივტირი, რადგან ზუსტად ვიცი: იმ ურთიერთობისას არ მიცრუია. როცა ვიგრძენი, რომ ყველაფერი დამთავრდა, ეს დასასრულიც ვაღიარე. მერე დაიწყო კიდევ ახალი ამბავი და ვარ ბედნიერი... თან, ძალიან კარგი შვილები მყავს. ღმერთს მათ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვთხოვ.

- დღეს ბედნიერი ხართ?

- ძალიან ბედნიერი ვარ! ამ ქვეყნად ტყუილად არაფერი ხდება. განსაცდელიც შენი გამოცდაა; იმის მიხედვით, თუ რამდენად სწორად და ღირსეულად იქცევი ამა თუ იმ სიტუაციაში, შესაბამის საფასურს იღებ იმავე ღმერთისგან, რომელმაც განსაცდელი მოგივლინა. არც ერთ განსაცდელს არ დავმალვივარ და ისე ვხვდებოდი, როგორც ამას ჩემი ზნეობა მკარნახობდა. არ ვიცი, ვინ რას გულისხმობს ადამიანის სიძლიერეში, ჩემთვის კი პიროვნება მაშინ არის ძლიერი, როცა მძიმე ვითარებაშიც არ იკადრებს იმას, რაც ღირსეულ ადამიანს არ ეკადრება.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება