15 თებერვლის დილას ურალის ფედერალური ოლქის რამდენიმე რაიონის მოსახლეობამ ცაში მოძრავი განათებული ობიექტი იხილა. დიდი სიჩქარით მოძრავი ობიექტი ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე აფეთქდა, რასაც დიდი ნათება მოჰყვა. წარმოქმნილმა ძლიერი დარტყმის ტალღამ ქალაქის შენობებში მინები ჩაამტვრია. არსებული ცნობებით, დაშავებულთა რიცხვი 400 ადამიანს აღწევს. ოფიციალური ვერსიით, რუსეთის ამ რაიონში მეტეორიტების წვიმა დაფიქსირდა.
თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლებში ნათლად ჩანს ცაზე მოძრავი განათებული ცეცხლოვანი ობიექტი. ატმოსფეროში შემოსვლისას, ჰაერთან ხახუნისგან დამწვარი ობიექტის კვალი ჩელიაბინსკის გარდა, სვერდლოვსკის, კურგანის, ტიუმენის ოლქებში და ასევე ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში დაინახეს.
ინტერნეტში თვითმხილველების დადებულ რამდენიმე ვიდეორგოლზე, გადაღების დროა დაფიქსირებული. ჩელაბინსკის ერთ-ერთ მოედანზე არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერს თუ ვენდობით, მეტეორიტი ადგილობრივი დროით 09:20-ზე აფეთქდა.
მოხდარს მოსახლეობაში დიდი პანიკა არ გამოუწვევია. თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ბავშვები სკოლებიდან დაითხოვეს. პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულებზე ცნობების გავრცელება დაიწყო. ძირითადად, მოსახლეობა დარტყმის ტალღის შედეგად ჩამსხვრეული მინების ნამსხვრევებმა დააზარალა. ინტერნეტში გავრცელებულ მრავალ ფოტოზე, ნათლად ჩანს შენობებში ჩამსხვრეული მინები. ზოგიერთ შენობაზე ფანჯრების ჩარჩოებიცაა ამოგლეჯილი.
ინციდენტმა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაშველების მტკიცებით, მეტეორიტი 7-8 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა და მისი ფრაგმენტების მოძიება ვერ მოხერხდა. პოლიციის განმარტებით კი ჩელაბინსკის ცინკის ქარხნის საწყობი სწორედ მეტეორიტის ფრაგმენტებმა დააზიანეს. გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ საწყობის სახურავი და ერთი კედელი დანგრეულია.
გაურკვეველია, იცოდნენ თუ არა მოახლოებული მეტეორიტების წვიმის შესახებ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების თანახმად, კოსმოსური სივრცის კონტროლის სისტემა, რომელიც კოსმოსური თავდაცვის ჯარებს ემორჩილება, მეტეორიტს ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შემოსვლამდე აკონტროლებდა.
ყველაზე ორიგინალური განცხადება პოლიტიკოსმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გაავრცელა, რომელმაც ჩელაბინსკში მეტეორიტების წვიმის მოსვლა ამერიკელებს დააბრალა.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხედვით.