რა პრობლემა შეექმნა კონკურსში მონაწილეობისას ნინი ცნობილაძეს

რა პრობლემა შეექმნა კონკურსში მონაწილეობისას ნინი ცნობილაძეს

"ახალი ხმის" მონაწილემ - ნინი ცნობილაძემ მაყურებელს განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და შესრულების მანერით პირველსავე ტურში დაამახსოვრა თავი. როგორც იცით, ამ კონკურსზე ის მეორე ადგილზე გავიდა და საკმაოდ სოლიდური პრიზებიც ერგო: 20 ათასი ლარი და ინგლისში მოგზაურობა. ნინი ბავშვობაზე, "ახალ ხმასა" და მომავლის გეგმებზე გვესაუბრა.

- მუსიკასთან ადრეული ასაკიდან "ვახლობლობ". პირველ კლასში ვიყავი, როდესაც მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე... თავიდან სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ გარდატეხის ასაკში გავზარმაცდი. თუმცა, ბოლოს, სკოლა მაინც ფრიადებზე დავამთავრე.

- შენს ოჯახზე მოგვიყევი. სიმღერის ნიჭი ვისგან გამოგყვა?

- დედა კონსერვატორიაში მუშაობს, ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის. მთელი ბავშვობა მუსიკოსების გარემოცვაში გავატარე. რაც შეეხება მამას, ის სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. ერთი ძმა მყავს, 22 წლის. ახლახან დაოჯახდა. ფორტეპიანოზე ძალიან კარგად უკრავს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან სულ სხვა გზა აირჩია.

- როგორც ვიცი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობ...

- ასეა! მესამე კურსზე ვარ. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ხალხთან ურთიერთობა, აქტიური ცხოვრება მიყვარს და ჩანახატებსაც ვწერ ხოლმე.

- რატომ არ განაგრძე კონსერვატორიაში სწავლა?

- კლასიკური მუსიკის მოსმენა კი მსიამოვნებს, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ სულ სხვა პროფესიის დაუფლების სურვილი გამიჩნდა. მშობლებსაც არ დაუჟინიათ, - გინდა თუ არა, ეს პროფესია უნდა აირჩიოო. მათ ჩემი ესმით და ჩემს არჩევანს პატივს სცემენ.

- საქართველოში ბევრი მუსიკალური კონკურსი ჩატარდა. მაინცდამაინც "ახალ ხმაში" მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- ყველა პროექტს აქვს თავისი მოთხოვნები კონკურსანტის მიმართ, "ახალ ხმაში" კი სტილს გინარჩუნებენ. ადრე, მთელი 3 წლის მანძილზე უცხოურ "ხმას" ვადევნებდი თვალყურს და ძალიან მომწონდა. საქართველოში კასტინგი რომ გამოცხადდა, გადავწყვიტე, ბედი მეცადა. საბედნიეროდ, გამიმართლა და ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება მომეცა. ძალიან მომწონდა გადაცემის ფორმატი, - ანუ ის, რომ თავიდანვე ფასდება მომღერლის ხმა და არა - გარეგნობა. ამ პროექტის წყალობით დამწყებ მომღერალს გამოცდილების მიღების შანსი ეძლევა.

- რატომ აირჩიე მაიასა და სტეფანეს გუნდი?

- მათში თავიდანვე ბევრ ადამიანურ თვისებას ვხედავდი და ამიტომაც მინდოდა, ჩემი მწვრთნელები ყოფილიყვნენ. თან - მაიას შემოქმედებას კარგად ვიცნობდი. რაც შეეხება სტეფანეს კარიერას, ამ პროექტის შემდეგ მასზე უფრო მეტი რამ შევიტყვე და უფრო მეტად დავაფასე. ძალიან გამიხარდა, ეს წყვილი ჩემკენ რომ შემოტრიალდა. ჩემთვის, როგორც დამწყები მომღერლისთვის, ბევრს ნიშნავს ის, რომ დიდ სცენაზე ვიდექი და ამის არ მეშინოდა. მუსიკალურადაც, რა თქმა უნდა, გავიზარდე და გემოვნებაც შემეცვალა, დამეხვეწა.

- კონკურსანტებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებდით და მხარს ვუჭერდით. სხვა გუნდებშიც მგონი, ასეთი სიტუაცია იყო, რაც სასიხარულოა... როგორც იცით, სალომემ 7%-ით მაჯობა. ის ძალიან კარგი მომღერალია და თქვენი ჟურნალის საშუალებით, კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებას. ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას. სამწუხაროდ, ბევრ მათგანს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალება არ მიეცა.

- ნახევარფინალის დროს ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ რაღაც პრობლემა გქონდა და ასეთ სიტუაციაში სიმღერა გმირობის ტოლფასი იყო. საინტერესოა, რა პრობლემაზე ლაპარაკობდნენ?

- ვფიქრობ, რომ შემოქმედმა ადამიანმა, სცენაზე გასვლის წინ, საკუთარი პრობლემები კულისებში უნდა დატოვოს. რაც შემეხება მე, იმ პერიოდში, როცა პროექტში ვმონაწილეობდი, ბებია გარდამეცვალა და ის "ლაივ შოუს" წინადღეს დავკრძალეთ. სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი, თან - იმ დღეებში რეპეტიციების გაცდენაც მომიხდა.

- ინგლისში როდის მიდიხარ? და კიდევ, მოგებული 20 ათასი ლარით რის შეძენას აპირებ?

- ინგლისში ივნისში წავალ და მთელი ორი კვირა დავრჩები. დასვენების პარალელურად, იქ ოთხი არაჩვეულებრივი მომღერლის კონცერტზე დასწრების შანსი მომეცემა. რაც შეეხება მოგებულ თანხას, ჯერ არ ვიცი, რაში დავხარჯავ. ალბათ, შემოქმედებას მოვახმარ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ვაპირებ წასვლას და პარალელურად, კარიერასაც მივხედავ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება