გოგა ბარბაქაძე სიყვარულზე, ტკივილსა და იმედგაცრუებაზე

გოგა ბარბაქაძე სიყვარულზე, ტკივილსა და იმედგაცრუებაზე

მსახიობს დაბადების დღე ახლახან ჰქონდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თებერვალი მისი თვეა. ამბობს, რომ ბედნიერი კაცია, რადგან ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და სიყვარულის ნაყოფი - გაბრიელი. გოგა ბარბაქაძეს ინტერვიუს ჩასაწერად რუსთაველის თეატრში შევხვდი. მსახიობმა ჩემ მიერ შეთავაზებული წინადადებები ასე დაასრულა...

- დაბადების თარიღი...

- ...1981 წლის 1-ლი თებერვალი. ამ დღეს "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლი გვქონდა, რის შემდეგაც, ჩემი იუბილე ყველამ ერთად აღვნიშნეთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ბებიამ. ის ჯერ ცეკვაზე მატარებდა, მერე - "ბერიკებში". ეს ძალდატანებით არ ხდებოდა, ინტერესი თავადაც მქონდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი: ჩემი მაიკო, გაბრიელი და გამზრდელი ბებია, რომელიც ახლა ჩემს შვილს ზრდის. ბებია სპექტაკლებსაც ესწრება ხოლმე. მისგან კრიტიკული აზრიც მომისმენია, მაგრამ უმეტესწილად მაქებს, - კარგად ითამაშეო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...თითოეული მეგობარი გულწრფელად და ძალიან მიყვარს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად არ მომწონს...

- ...ძალიან მიმნდობი ვარ, ამიტომ იმედგაცრუება არაერთხელ მქონია. ადამიანთან ურთიერთობისას ბევრს არ ვფიქრობ; თუ ვინმე მომეწონება, ბოლომდე ვენდობი, ეს კი კარგი თვისება არ არის.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რა კარგი ბიჭიაო. ვიცი, ბევრს ვუყვარვარ. ისე, საკუთარ თავზე რატომ მალაპარაკებ?..

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ.

- ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია...

- ...მატყუარა ადამიანს. გამიზნული და ბოროტი ტყუილის პატიება არ შემიძლია!

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ამ წინადადებას ვერ დავასრულებ. მსახიობობა მინდოდა და დღეს ეს ჩემი პროფესიაა. ტროლეიბუსის მართვის სურვილი არასდროს მქონია.

- მეზარება...

- ...არანაირი საქმე არ მეზარება. პირიქით - უსაქმურობას ვერ ვიტან. ვგიჟდები, როცა გარშემო სიჩუმეა. ახლა "კომედი-არხზე" ვარ და პერიოდულად, სკეტჩებს ვიღებთ. სამწუხაროდ, "ალუბლების ქუჩა 12" დაიხურა. ეს მაშინ მოხდა, როცა სერიალის რეიტინგი თანდათან იმატებდა და ცხადია, გული დამწყდა. ამ პერიოდისთვის სხვა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მაქვს. საქართველოში ასე ხდება: თუ უკვე პოპულარული ხარ, აღარ გიღებენ, უცნობებს უფრო აძლევენ როლს. თეატრშიც მნიშვნელოვანი სიახლე არაფერია. ბატონი რობერტი ახლახან დაბრუნდა (პრინციპში არც არსად წასულა), მალე დასის შეკრება გვექნება და სამომავლო გეგმებსაც გაგვაცნობენ. აპრილში უკრაინაში გასტროლი გვექნება, იქაურ მაყურებელს სპექტაკლს - "ნადირობის სეზონი" ვუჩვენებთ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სიტყვას - "მინდა", წინ "არა" რომ მივუწეროთ, არ შეიძლება? არ მინდა ვიყო "პახმელიაზე". მინდა სახლში ვიყო. მეც და მაიკოც შინ ცოტა დროს ვატარებთ, ამას კი გაბრიელი აპროტესტებს; როცა ხედავს, სახლიდან გავდივართ, თავჩაღუნული და მოწყენილი დგას ხოლმე, მაგრამ როცა შინ ვბრუნდებით, ბედნიერია...

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ არ ვიყო მიმნდობი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაღიარებ.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...შინ ისეთი დაღლილი ვბრუნდები, რომ ძილის დროს სიზმარსაც ვეღარ ვნახულობ... (პაუზის შემდეგ) ისე, ცოტა ხნის წინ ჩემი პედაგოგი, შალვა გაწერელია მესიზმრა. ის არა მხოლოდ ჩემი პედაგოგი, არამედ საუკეთესო და ძალიან ახლო მეგობარი იყო.

- ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...შალვა გაწერელიას.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ ბატონი შალვა გავაბრაზე: სპექტაკლზე ვმუშაობდით და როლზე ბევრი ვიკამათეთ. ცოტა ზედმეტიც მომივიდა. თავისთან მიხმო და გაშლილი ხელისგული მიჩვენა, მერე მეორე ხელის თითები ზემოდან გადაუსვა და მითხრა, - აღარაფერი აღარ იქნები, გაქრები. ჩათვალე, არაფერი გაგიკეთებია, ყველაფერი თავიდან იწყებაო. იმ პერიოდში რამდენიმე მთავარი როლი მქონდა ნათამაშები და ბატონმა შალვამ მიმანიშნა, - არ დაიჯერო, რამეს წარმოადგენ, წარმატება თავში არ აგივარდესო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ახლა ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ ბევრი ფული რომ მქონდეს, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. სიკეთის კეთების საშუალება მექნებოდა და ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...იმას, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გავაკეთებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ხანდახან მეშინია, რადგან ჩემი პროფესიის კაცი სულ ვიღაცაზეა დამოკიდებული. საკუთარი ბიზნესი არ გამაჩნია. არადა, ბიზნესმენობას სულ ვაპირებ. მინდა სტაბილური შემოსავალი მქონდეს... ისე კი, ჩემი მომავალი ჩემი შვილია. როცა მაიკო ფეხმძიმედ იყო, ვამბობდი: მნიშვნელობა არ აქვს, გოგო დაიბადება თუ ბიჭი-მეთქი. ბოლო დროს კი მომინდა, გოგოს მამაც ვიყო. მგონია, რომ მამისთვის გოგოს სიყვარული რაღაც სხვანაირი იქნება.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...ჩემს ოჯახზე, პირად ცხოვრებაზე.

- ჩემი ჰობია...

- ...ნადირობა, თევზაობა და მსახიობობა. მართალია, მსახიობობა პროფესიაა, მაგრამ ჰობიც არის. ნადირობა და თევზაობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. რამდენიმე დღის წინ მწყერზე ვინადირე. ახლო მომავალში ვასო ფხაკაძესთან ერთად, სათევზაოდ წასვლას ვაპირებ. სანდრო მარგალიტაშვილთან და ჩემს ძმასთან ერთადაც ხშირად ვნადირობ. ტახზე და დათვზე სანადიროდ რომ მიდიხარ, უკვე საფრთხის ქვეშ ხარ, მაგრამ ნადირობის მუღამიც ამაშია. ჯერ დიდი ცხოველი არ მომიკლავს. ფრინველზე ნადირობა მირჩევნია.

- ჩემი კარგ ხასიათზე მოყვანა ყოველთვის შეუძლია...

- ...ჩემს მეგობრებს. სახლში იცი, როგორი ვარ? - ცუდი ხასიათი მაქვს, უჟმური გახლავართ. მგონი, ეს იმის ბრალია, რომ გარეთ ვიღლები და შინ დაბრუნებულს ლაპარაკიც აღარ მინდა.

- მეშინია...

- ...არ მიღალატონ და მომატყუონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მიყვარს და ვენდობი. უკვე გითხარი, ასეთი შემთხვევა მქონია და აღარ მინდა, განმეორდეს.

- სიყვარული ეს...

- ...დიდი ბედნიერებაა. როცა სიყვარულში გაგიმართლებს და მერე ამ სიყვარულის ნაყოფიც გეყოლება, ეს უფლისგან ბოძებული დიდი საჩუქარია. ამ სიყვარულს გაფრთხილება და მოფერება უნდა.

- ვალენტინობის დღესასწაულს...

- ...ყოველთვის აღვნიშნავთ. მე და მაიკო ერთმანეთს სიურპრიზებს ვუწყობთ, საჩუქრებს ვჩუქნით (და არა მხოლოდ ამ დღეს). არც ერთი 14 თებერვალი ერთნაირი არ არის. მაიკო ის ადამიანია, რომელიც ხშირად, თან - სასიამოვნოდ მაოცებს. მეც ვცდილობ, გავახარო. წლევანდელი ვალენტინობისთვისაც რაღაც მაქვს მოფიქრებული, მაგრამ ახლა ვერ გეტყვი, რას ვგულისხმობ, რადგან ეს მისთვის სიურპრიზი აღარ იქნება. საერთოდ, თებერვალი მიყვარს. ჩემი თვეა.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ. ჩემი პროფესია რისკი არ არის? თუ კარგად ვერ ითამაშებ, არავის ეყვარები, აღარავინ შემოგხედავს და ყველაფერი დამთავრდება...

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...ნიკო გომელაურისა და შალვა გაწერელიას გარდაცვალებაა. მათი სახით ერთგული მეგობრები დამაკლდნენ. ისინი ჩემს შვილსაც დააკლდნენ. ნიკო ჩემი მეჯვარე იყო. მისმა მეუღლემ - ნინამ და შალვა გაწერელიამ გაბრიელი მონათლეს.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილის თქმა. ვერ ვიტყუები, არ გამომდის. შეიძლება, კითხვა გაგიჩნდეს, - ამაში მსახიობური ნიჭი არ გეხმარებაო? ტყუილის თქმას და მსახიობობას საერთო არაფერი აქვს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...საყვედურები რატომ უნდა მივიღო? ცუდი ბიჭი არ ვარ.

- ვერ დავიჯერებ, რომ...

- ...დედამიწა ოთხკუთხედია.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ჩემი ოჯახით. მარტო რომ ვიყო, ცხოვრებას რა აზრი ექნება?

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ყველანი ძალიან მიყვარხართ. მიყვარს თქვენი მკითხველი და ყველა ადამიანი, ვისაც ჩემი ნახვა უხარია. როცა მაყურებლის კეთილგანწყობას და სიყვარულს ვგრძნობ, კარგ ხასიათზე ვდგები, ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება