კირა ნაიტლი - "როცა მიყვარს, მეც თავს ვკარგავ!"

კირა ნაიტლი - "როცა მიყვარს, მეც თავს ვკარგავ!"

"ანა კარენინას" მორიგი ეკრანიზაცია რეჟისორ ჯო რაიტის ნამუშევარია. მთავარ როლზე მან კირა ნაიტლი შეარჩია და იმის მიუხედავად, რომ ამ არჩევანს დიდი კრიტიკა მოჰყვა, საბოლოოდ მაყურებლების დიდმა ნაწილმა კირას ანა კარენინა დადებითად მიიღო.

"ანა მაშინებდა..."

-  პირველად როდის წაიკითხეთ ლევ ტოლსტოის ეს რომანი?

-  დაახლოებით 20 წლისამ. მახსოვს, ვიტირე კიდეც ანას გამო. ის მსხვერპლად მეჩვენებოდა, ლამის წმინდანად, ყველა მის გარშემო კი - უგრძნობ და დაუნდობელ ნაძირალებად. ხოლო როდესაც გადაღებების წინ გადავიკითხე ხელახლა, სულ სხვა სახე წარმომიდგა - უფრო მგრძნობიარე და იდუმალი ქალის, რომელიც წინააღმდეგობრიობებითა და ვნებებით იყო სავსე.

-  ეს გმირი თქვენთან რაიმეთი იყო ახლოს?

-  ანა მაშინებდა კიდეც... მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მე მასზე არაფრით ვარ უკეთესი! ჩემთვის ეს პროექტი ძალიან პირადული აღმოჩნდა. როცა გონებით ვხვდებოდი, რომ ანა არ იყო მართალი, აღვშფოთდებოდი და ვკიცხავდი, სადღაც გულის სიღრმეში მიჩნდებოდა შეკითხვა: "ნუთუ მე სხვანაირად მოვიქცეოდი?" ჩვენი ხასიათების საოცარი მსგავსები მაშინებდა კიდეც და თან მაჯადოებდა.

-  მაშ თქვენც გჯერათ, რომ ნამდვილი ვნების გამო ნებისმიერი სიგიჟის ჩადენა შეიძლება?

-  27 წლის ასაკში უკვე არ მაქვს ურთიერთობებზე მსგავსი მოზარდული წარმოდგენები. მაგრამ, სამწუხაროდ, სიყვარული ისეთი რამ არის, ჩვენს აზრს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ღრმა განცდას სიტყვებით ვერ აღწერ. იქ ბევრი ტკივილი და შეკითხვაა, თანაც უპასუხო. თავადაც ვარიგებ რჩევებს, როცა სხვათა რომანებს ეხება საქმე. მაგრამ როცა თავად ვმიჯნურდები, თავს ვკარგავ. ტოლსტოიც, ჩემი აზრით, იმ სტიქიაზე წერს, რომელიც ადამიანის განსჯაზე მაღლა დგას. რაც ანას თავს ხდება, ეს არ არის რომანტიკული თავგადასავალი, მას სხვა ზეძალა ამოძრავებს, რომელსაც გაბედნიერებაც შეუძლია და განადგურებაც. ადამიანები, რომლებიც გადაღებებში მონაწილეობდნენ, მერე ამბობდნენ: "რა ნაცნობია ყველაფერი". ცხოვრებაში ყველას დამართვია რაღაც ასეთი.

"ბრილიანტებზე არ ვიტყოდი უარს..."

-  კრიტიკოსებს ჰქონდათ ბევრი შენიშვნა, სანამ სურათი გამოვიდოდა ეკრანებზე. მაგალითად, უნდობლად მოეკიდნენ იდეას, რომ მოქმედებები თეატრალურ დარბაზში გადატანილიყო...

-  სამაგიეროდ, ჩვენ გამოგვივიდა ერთადერთი და განუმეორებელი "ანა კარენინა". მე მთლიანად ვუჭერდი მხარს რეჟისორს, რომელიც ჩემი მეგობარია. თანაც, ეს მნიშვნელოვანი იყო, რომ მასალის ტრადიციული აღქმის ჩარჩოებს გავცდენოდით, თამამი გადაწყვეტილება იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვცადეთ!

-  ყველა აღიარებდა იმას, რომ ფილმში შესანიშნავი კოსტიუმებია...

-  მე მგონია, ძალიან სიმბოლური კოსტიუმებია. ეს ხომ არის ამბავი ოქროს გალიაზე, იმაზე, გმირის გარშემო როგორ ვიწროვდება სიკვდილის რგოლი. მის თმაში არიან ფრინველები, რომელთაც ფრენა არ უწერიათ, ყელზე - ბრილიანტები, რომლებიც თითქოს ნებისმიერ მომენტში მზად არიან, ყელში წაუჭირონ. ძირითადად იმ ეპოქის სამოსზე გავაკეთეთ აქცენტი, თუმცა კოსტიუმი, რომლითაც ანა ბოლო კადრებში ჩნდება, ბაბილონელი ცდომილის გამოსახულებით არის შთაგონებული. ერთიანობაში, საკმაოდ სანახაობრივი, ეროტიკული და სიმბოლური სურათი გამოვიდა.

-  რომელიმე კაბის დატოვება არ მოგინდათ?

-  არა, თუმცა ბრილიანტებზე კი არ ვიტყოდი უარს - სამწუხაროდ, არავის შემოუთავაზებია!

-  პარტნიორებზე რას იტყვით?

-  ჯუდ ლოუ შესანიშნავი კარენინია. ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ. მართლა ლამაზია და უბრალოდ შექმნილია "მძაფრხასიათიანი" როლებისთვის. სურათში ის საოცარია - უჩვეულოდ დიდი და ძლიერი ჩანს. ჩვენს ვრონსკის კი - აარონ ჯონსონს - მუშაობის უჩვეულო მეთოდი ჰქონდა. მე და ჯუდი მაგიდას ვუსხედით, წიგნს ვკითხულობდით, შენიშვნებს ვაკეთებდით და პერსონაჟების მოტივებს საათობით განვიხილავდით... აარონი კი დღევანდელი დღით ცხოვრობს - იმპროვიზებას მიმართავს და აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს თავს ნებისმიერ სიტუაციაში, რომელსაც რეჟისორი სთავაზობს. მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს.

-  ახლა თუ გიღებენ რომელიმე ფილმში?

-  დიახ, თანაც სრულიად საპირისპირო ხასიათის პროექტში, რომელსაც "ჯეკ რაიანი" ჰქვია. ცოტა ხნის წინ უცებ გავაცნობიერე, რომ ყველა ჩემს სურათში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ან ვკვდები, ან რაღაც საშინელება მემართება... მომინდა ერთი წელი ტრაგედიის გარეშე ცხოვრება, რაღაც ოპტიმისტურის, პოზიტიურის გაკეთება.

დასაწყისისთვის ვითამაშე ფილმში "შეუძლია სიმღერას გიხსნას?" - ძალიან ნათელი ამბავია მეგობრობაზე. "ჯეკ რაიანი" კი ჰოლივუდური გასართობი ტრილერია. "ანა კარენინას" მერე ეს ნამდვილი ზეიმია!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება