არტურო სანდოვალი თბილისს ესტუმრება

არტურო სანდოვალი თბილისს ესტუმრება

8 მარტს ქალებისთვის და არა მარტო მათთვის შესანიშნავი მუსიკალური საღამო გაიმართება. კომპანია "თაგის-არტი" უკვე მერამდენე ამგვარ ღონისძიებას სთავაზობს ქართველ მსმენელს. როგორც კონცერტის ორგანიზატორი ანი ლაღიძე ამბობს, სანდოვალის კონცერტზე დასწრების სურვილი ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც გამოთქვეს, ვინაიდან მუსიკოსი, ტურნეს ფარგლებში, კავკასიიდან მხოლოდ საქართველოს ესტუმრება.

არტურო სანდოვალი ცნობილი კომპოზიტორია, ლეგენდარული კუბელი მესაყვირე. ის თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ექვსკაციან ჯგუფთან ერთად წარდგება, სადაც ასევე შესანიშნავი მუსიკოსები შედიან. სანდოვალი, რომელიც 64 წლისაა, ბრწყინვალე ფორმაშია და ახალგაზრდა მუსიკოსებსაც აძლევს იმის საშუალებას, რომ მის გვერდით გამოჩნდნენ. სხვათა შორის, კონსერვატორიის სტუდენტები მასთან შეხვედრით ისიამოვნებენ და სტუდენტთა ნაწილი კონცერტსაც დაესწრება. არტურო სანდოვალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს - "გრემის" რვაგზის მფლობელი გახლავთ. ამ პრემიაზე 17-ჯერ იყო ნომინირებული, ასევე ფლობს "ბილობორდის" ექვს და "ემის" ერთ ჯილდოსაც.

მისი განსაკუთრებული კერპი გახლდათ დიზი გილესპი, რომელსაც 1977 წელს შეხვდა კიდევაც. ასევე, როდესაც სთხოვენ, დაასახელოს ის მუსიკოსები, რომელთა გავლენაც დიდია მის შემოქმედებაზე, გილესპისთან ერთად ჩარლი პარკერსაც მოიხსენიებს.

არტურო სანდოვალი თბილისში 7 მარტს ჩამოფრინდება. მას ქალაქს დაათვალიერებინებენ და ღირსშესანიშნაობებს გააცნობენ, შემდეგ იქნება შეხვედრა სტუდენტებთან. როგორც კონცერტის ორგანიზატორი ამბობს, მას განსაკუთრებული არაფერი მოუთხოვია და ეს ყოველთვის ასე ხდება, რადგან ჯაზ-მუსიკოსები თავმდაბალი ადამიანები არიან და არასდროს ზედმეტს არ ითხოვენ. მე დაველოდები კონცერტს და აუცილებლად გიამბობთ იმ შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც, ზუსტად ვიცი, რომ დაუვიწყარი იქნება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება