თეა დანელიამ მომავალი მეუღლე მკერდით მოხიბლა

თეა დანელიამ მომავალი მეუღლე მკერდით მოხიბლა

მუსიკოსი თეა დანელია დაოჯახდა. თეასთვის ეს მეორე ქორწინებაა და პირველი ქორწინებიდან 9 წლის ზუკა ჰყავს, რატის - 12 წლის იკუნა. თეამ ტელეოპერატორი რატი ბუაძე "ღამის შოუს სტუდიაში" გაიცნო. პირველი შეხვედრის შემდეგ ერთად დალიეს, ამას მოჰყვა მეგობრობა, ურთიერთგაგება და ბოლოს სიყვარული. ხელის მოწერა რომ გადაწყვიტეს, პირველ ცდაზე ორივეს ჩაეძინა. მეორედ პატარძალი საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა და კინაღამ საკუთარ ხელისმოწერაზე დაიგვიანა.

თეა:

-  ჩემი რჩეული რატი ბუაძე ტელეოპერატორია. ხელი ოფიციალურად 22 ოქტომბერს მოვაწერეთ, მაგრამ სექტემბრის ბოლოს ერთ სახლში გადავედით საცხოვრებლად. რატი "ღამის შოუს" სტუდიაში გავიცანი. ტელეოპერატორი გახლავთ. "იმედში" სამუშაოდ შარშან მარტში მოვიდა.

რატი:

-  თეა პირველად 2007 წელს ერთ-ერთ ბარში ვნახე, სადაც მღეროდა. მახსოვს, ჯგუფში სამნი იყვნენ. ადრე "რუსთავი 2"-ში ვმუშაობდი, "ღამის შოუში" 2011 წელს მივედი. თეა იქ უკვე ახლოს გავიცანი.

თეა:

-  პირველ შეხვედრაზე დავლიეთ. ყველაფერი ხომ დალევით იწყება. ადამიანს მთვრალს რომ ხედავ, ხვდები, შენიანია თუ - არა. "ღამის შოუს" გუნდს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად ვიკრიბებით. იმ კლუბებში მოდიოდნენ, სადაც "ფარენგეიტი" ვუკრავდით და შემდეგ ვქეიფობდით.

-  ყველაფერი ალბათ მეგობრობით დაიწყო.

რატი:

-  მე და თეა, პირველ რიგში, კარგი მეგობრები ვართ.

თეა:

-  და ხანდახან ცოლი, თუ არ მეძინება. რატის სულ ვეკითხები, რა გაძლება მოგცა ღმერთმა, რომ ცოლად მე ამირჩიე და თან ამით ბედნიერი ხარ-მეთქი. კაცი რომ ვიყო, ჩემნაირ ქალთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი. რატი ჩემი დიდი მკერდით მოიხიბლა (იცინიან).

-  რატი, თეას სიყვარული როგორ აუხსენი?

-  არ ამიხსნია, ვაგრძნობინე.

თეა:

-  ჩვენში ეს გრძნობა ერთდროულად მოვიდა. ჩემი მხრიდან რამე საპასუხო რომ არ ყოფილიყო, როგორც სხვები დამიბლოკავს, რატისაც ისე დავბლოკავდი. საკუთარ თავში ვიგრძენი, რომ მასზე სხვანაირად ვფიქრობდი და პანიკაში ჩავვარდი. სიყვარული მარტო სიტყვები ხომ არ არის, უდიდესი პასუხისმგებლობაა. თან, როცა გამოცდილება გაქვს, უფრო ფრთხილი ხდები. ძალიან ბევრი ვაწვალე, დღესაც ვეუბნები, სულ ველოდებოდი, როდის მეტყოდა, წადი ერთი, თავი დამანებეო.

რატი:

-  თეა ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს.

თეა:

-  რატი პიროვნულად ზედმეტად დადებითი ადამიანია. მიმაჩნია, რომ ასეთ კარგ ადამიანს არ ვიმსახურებ. ძალიან ალალია, შეგიძლია, პატარა ბავშვივით ყველაფერი მოატყუო. ზედმეტად მომთმენი და კეთილია. მე მაიმუნი ტიპი ვარ. არ შემიძლია ვუთხრა, საყვარელო, მოდი ჩემთან, მაკოცე. ამაში გამიგო, რადგან თვითონაც არ უყვარს ასეთი რაღაცები. სულ ვმაიმუნობთ, ჩვენი ცოლქმრობა მაიმუნობაა. ჭკუამხიარული ოჯახი ვართ. ერთმანეთი ისეთები გვიყვარს, როგორებიც ვართ.

-  რატი, შეყვარებულობის პერიოდში თუ გიჩხუბიათ?

-  სერიოზულად არასოდეს. ერთხელ დავშორდით ორი დღე, ისიც "ლაითად" და ვიცოდი, რომ თეას აუცილებლად დავიბრუნებდი. მსიამოვნებდა, მისი გულის მოსაგებად ამდენი ბრძოლა რომ მიწევდა.

თეა:

-  მგონი, მაზოხისტია და ახლა გავარკვიე. ჩვენს ურთიერთობაში თავიდანვე გარკვეული იყო ყველაფერი, მაგრამ რატომღაც ერთ ნაბიჯს უკან გადასადგმელად მაინც ვიტოვებდი. აგვისტოში "ბანდეროლი" ბათუმში ვუკრავდით სხვადასხვა კლუბში და რატის ყოველდღიურად ტელეფონით ვეხმიანებოდი. ერთ დღეს ვურეკავ, სად ხარ-მეთქი და რუსთავში ძმაკაცთან მივდივარო. ერთი საათის შემდეგ ვურეკავ, პუპსიკ, გზაში ვარ, ვერ დაგელაპარაკებიო, ცოტა ხანში იგივე გამეორდა, ვერ მივხვდი, რა სჭირდა. საღამოს სამსახურში მიმავალს დამირეკა და ვუთხარი, ახლა მე არ მცალია, სამსახურში მივდივარ-მეთქი. მივედი და იქ დამხვდა. მხედველობის პრობლემა მაქვს. პირველად რომ დავინახე, მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ წითელ კედებზე მივხვდი, რომ ნამდვილად ის იყო. ამის შემდეგ ბათუმში დარჩა. თან ჩემი შვილი მყავდა წაყვანილი. ძალიან ბევრი ვიარეთ. ერთ თვეში 6000 კილომეტრი გავიარეთ.შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ყოველდღიურობაში გადაიზარდა. "ბანდეროლს" ბინა გვქონდა ნაქირავები და ჯგუფის წევრები, რომელთაც ოჯახები აქვთ, მეუღლეებით იყვნენ წამოსულები. რატიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. დილა-საღამოს მას ვუყურებდი და თბილისში დაბრუნებული მივხვდი, რომ მომენატრა დილას მისი დანახვა. ბათუმშივე ვაპირებდით ხელის მოწერას, მაგრამ მიზეზთა გამო გადავიფიქრეთ.

რატი:

-  ჩაგვეძინა (იცინიან).

თეა:

-  ხომ გეუბნებით, ჩაგვეძინა, მაიმუნები ვართ. სხვა ქალი ამის გამო ერთ ამბავს ატეხდა. ჩვენს ურთიერთობაში ჩემმა შვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. როდესაც ქალს შვილი გყავს და თხოვდები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი შვილიც შენთან იცხოვრებს. რატი თავიდანვე გავაცანი და ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს. ზუკას მართლა უყვარს რატი, თავისი ნებით ეძახის მამას. ეუბნება, მამიკო, მიყვარხარ. გადაწყვეტილების მიღების ზღვარზე ვიყავი, როდესაც ზუკამ მითხრა, ნეტა ერთი რას ფიქრობ, რატი რომ გიყურებს, მის თვალებში შენ ჩანხარო. მინდა, რატი ჩემი მამა იყოსო.

-  ერთმანეთის ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

-  გადასარევად. 32 წლის ვხდები, განათხოვარი ქალი ვარ და როგორ წარმოგიდგენიათ, დედას რომ ეთქვა, არა, შვილო, როგორ შეიძლებაო. თან, რატის იცნობდნენ. ნახეს, ჩემთან და ზუკასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. რატის გენიალური დედა ჰყავს. სამსახურიდან შესვენებაზე გამოვედით, ყავა უნდა დაგველია. ამ დროს დედამ დაურეკა, სად ხართო? - მე და თეა ყავის დალევას ვაპირებდითო. - მერე, რაღა სხვაგან ახვიდეთ, ჩვენთან ამოდით და აქ დალიეთო. ძალიან მერიდებოდა, პატარა ბავშვივით ვკანკალებდი. სახლში შევედი და ხუთ წუთში მომეშვა.

-  ხელის მოწერამდე ერთხელ ჩაგეძინათ და ბოლოს როგორ მოაწერეთ ხელი?

-  საოცარი ამბავია, დოკუმენტურად მოგიყვებით. ხელის მოწერა 22 ოქტომბერს დავნიშნეთ. დილას ჩემს ერთ-ერთ მეჯვარე ნინოსთან ერთად სპორტდარბაზში წავედი. ხუთ საათზე იუსტიციის სახლში ხელი უნდა მოგვეწერა. სარბენ ბილიკზე ვიდექით, როდესაც ნინოს ფეხმძიმე დამ დაურეკა, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ორივე სამშობიაროში გავიქეცით, კედები და სპორტულები მეცვა. ბავშვი ექვსთვიანი დაიბადა და სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში გადავიყვანეთ. მეც გავყევი. საათს რომ დავხედე, ოთხი ხდებოდა, მივხვდი, რომ სახლში მისვლასა და გამზადებას ვერ მოვასწრებდი. რატის დავურეკე და ვუთხარი, ტანსაცმელი წამოეღო და იუსტიციის სახლთან მოსულიყო. წარმოიდგინეთ, იუსტიციის სახლის პარკინგზე, დღისით, მზისით, მანქანაში გავიხადე სპორტულები და ჯინსი და შავი ზედატანი ჩავიცვი. გიჟებივით შევვარდით, ხელი მოვაწერეთ, გამოვიქეცით. ქმარ-შვილი სახლში მივიყვანე და მე ისევ სამშობიაროში გავიქეცი. ჯვარი ჯერ არ დაგვიწერია, მაგრამ ვაპირებთ. ახლა მე, რატი და ზუკა ერთად ვცხოვრობთ. სახლში თუთიყუში და ძაღლი - ჩიკო და ლენკა გვყავს. ოთხი მამაკაცი მყავს და ერთი ქალი ვარ.

-  რატი, თეა როგორი დიასახლისია?

-  მშვენიერი, უგემრიელეს საჭმელებს აკეთებს. კარგი მეოჯახე და მეუღლეა.

თეა:

-  რატის სულ ვეუბნები და მართლა ასე მჯერა, როგორ ხმამაღლადაც უნდა ჟღერდეს, ჩემ გვერდზე მდგომი მამაკაცის გვერდით თავს დედოფლად უნდა ვგრძნობდე და მე მისთვის მონა ვიქნები. ძალიან ბევრი რაღაც შევცვალე საკუთარ თავში რატის გაცნობის შემდეგ, ასევე მანაც, მაგრამ ერთმანეთისთვის არ დაგვიძალებია. სანამ დავოჯახდებოდი, სამსახურს პირველ საათზე რომ მოვრჩებოდი, შემეძლო, სამ საათამდე იმ კლუბში ვმჯდარიყავი და მესაუბრა. ახლა ასე აღარ ვიქცევი, იმიტომ, რომ შინ ქმარ-შვილი მელოდება. რატი არაფრის ჩაცმას არ მიკრძალავს. მოკლე ბოლოკაბა ისედაც არ მაცვია, არც წითელ პომადას ვისვამ.

-  ალბათ საერთო შვილზეც ფიქრობთ?

-  რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. არავინ იცის, რა იქნება. ერთი ის ვიცით ორივემ, რომ ერთად კარგად ვართ. ისე კარგად არა, როგორც რომანებში წერენ ან ზღაპრებს რომ კითხულობ და შენც ეგრე გინდა იყო. არა, უბრალოდ, კარგად ვართ. რატის მართლა ძალიან მაგარი თვისება აქვს. მე თუ ცუდ ხასიათზე ვარ, არავის ვუსურვებ, იმ წუთებში გამეკაროს. შეიძლება, ადამიანი დავღეჭო და დავჭმუჭნო. რატის შეუძლია, მორჩილად ამიტანოს იმ წუთებში და ყველაფერზე დამეთანხმოს. მეც ვცდილობ, როცა ცუდ ხასიათზეა, ხასიათი შევუწყო. ისე უნდა მოიქცეს ორი ადამიანი, რომ ერთმანეთი გააბედნიერონ.

-  ეჭვიანები ხომ არ ხართ?

-  არა, ერთმანეთს ვენდობით. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ამას რატი ხედავს. მეგობარი ბიჭები მყავს და მისგან არასოდეს მიგრძნია უნდობლობა. რაც შემეხება მე, საკუთარ თავს ისე ვენდობი, რომ ჩემს ქმარზე არ ვიეჭვიანებ. მე და რატი თავიდანვე შევთანხმდით, რომ ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს დასასრული მაშინ იყოს, როდესაც ჩვენ დავსრულდებით. არსებობს გამოთქმა, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. მკრეხელობაში არავინ ჩამომართვას, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ სამივე ერთად ვიცინებთ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება