ნოდიკო და სოფო შოუბიზნესურ ინტრიგებში ჩაბმას არ აპირებენ

ნოდიკო და სოფო შოუბიზნესურ ინტრიგებში ჩაბმას არ აპირებენ

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილებით, წლევანდელ "ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენენ, როგორც დუეტი. ამის შესახებ არხის წარმომადგენლებმა მომღერლებს დეკემბერში ამცნეს. როგორც ნოდიკომ და სოფომ გვითხრეს, არ ელოდნენ ამგვარ გადაწყვეტილებას და ეს მათთვის მოულოდნელობა იყო. ახლა კი იმაზე ფიქრობენ, როგორი უნდა იყოს მათი ნომერი, თუმცა წინასწარ შეთანხმდნენ, რომ აქცენტს არა შოუზე, არამედ ვოკალზე გააკეთებენ. წყვილი კრიტიკასაც ელოდება. როგორი განწყობა აქვს ახლად შექმნილ დუეტს და "ევროვიზიის" შემდეგაც გააგრძელებენ თუ არა ერთად მუშაობას, თავად გვეტყვიან.

- თქვენი აზრით, რატომ შეგარჩიეს დუეტად?

ნოდიკო:

- ალბათ, ეს შეკითხვა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უნდა დაუსვათ, მაგრამ როგორც ჩვენ აგვიხსნეს, გადაწყდა, რომ წელს დუეტი წასულიყო და "პირველ არხს" უნდა შეექმნა, უნდა ყოფილიყო ასე ვთქვათ, მისი პროდუქტი. მამაკაცებში ჩემზე გააკეთეს არჩევანი, ხოლო გოგონებში - სოფოზე, რამაც, რასაკვირველია, ძალიან გაგვახარა. ჩვენ გვიყვარს კონკურსები, გარდა ამისა, "ევროვიზიას" ბევრი სხვა დატვირთვაც აქვს, თუნდაც ახალი მეგობრებისა და ნაცნობების შეძენა. გიჟი უნდა იყო, რომ არ გაგიხარდეს "ევროვიზიაზე" გამგზავრება. მე და სოფო მაინც ცოტა გაოცებული დავრჩით, რადგან არც ერთს არ გვქონია მცდელობა, "ევროვიზიის" კონკურსში მიგვეღო მონაწილეობა. დუეტზე ხომ საერთოდ არ გვიფიქრია.

- მე მახსოვს, "ფეისბუქზე" გაკეთდა გვერდი, რომელსაც ერქვა "ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიაზე" და მხარს უჭერდნენ ამ კონკურსზე შენს გამგზავრებას.

- დიახ, მართალია, ორი წლის წინ ეს გვერდი სხვებმა გააკეთეს, მე არაფერ შუაში ვიყავი. ამ ორი წლის განმავლობაში არ მიფიქრია "ევროვიზიაზე" და წელს, მით უმეტეს, რადგან სხვა გეგმები მქონდა, 1-ელ მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გავფრენილიყავი, სადაც ორი თვის განმავლობაში საინტერესო მასტერ-კლასი უნდა მქონოდა. სოფოს თავისი გეგმები ჰქონდა... ამიტომაც იყო მოულოდნელი და ორმაგად სასიხარულო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად წარვდგეთ ამ კონკურსზე. 31 დეკემბრიდან მოყოლებული, როცა ტელევიზიით გამოცხადდა, რომ საქართველოდან "ევროვიზიაში" მე და სოფო ვმონაწილეობთ, გვძინავს თუ გვღვიძავს, ამ კონკურსზე ვფიქრობთ. ჩვენი ამოცანა ის არის, რომ საქართველომ ინტერესი დაიმსახუროს. ეს კონკურსი ცნობილია თავისი არაპროგნოზირებადობით, დიდი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და სხვა ფაქტორებს, ამიტომაც წინასწარ ვერ იტყვი, ვინ გადავა ფინალში ან რომელ ადგილს აიღებს, მაგრამ წარმატებაზე ვართ ორიენტირებული.

- ნოდიკოსთან დუეტში სიმღერა როგორია?

სოფო:

- ჩვენ ბევრჯერ გვიმღერია ერთად მეგობრულ წრეში თუ სცენაზე. "ჯეოსტარის" დროსაც შეგვისრულებია სიმღერა და ნოდიკოს კონცერტზეც. მთავარი ის არის, რომ მასთან სცენაზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

რაც შეეხება "ევროვიზიას", არ მეგულება მომღერალი, რომელსაც შინაგანად არ უნდოდეს ამ კონკურსში მონაწილეობა. ბევრი მეკითხება, რა უნდა იმღეროთო, მაგრამ მართალი გითხრათ, ფორმატი მთლად ვერ გავიგეთ, მე მაინც მგონია, რომ უნდა იყოს მელოდიური, კარგად სამღერი კომპოზიცია. ზოგჯერ "ურჩხულები" იმარჯვებენ, რაც, ჩემი აზრით, საშინელებაა, ზოგჯერ - მელოდიური სიმღერა, გამოდიან კლასიკური ვოკალის მქონე შემსრულებლებიც. ჩვენ შევეცდებით, არ მივედ-მოვედოთ, ჩავჯდეთ კონკრეტულ ჩარჩოში და ჩვენი სტილიდან არ გადავუხვიოთ. რადგან "ევროვიზიის" ისტორიას დარჩება ჩვენი ნამღერი, გვინდა, კარგი გამოვიდეს.

- "ევროვიზიის" მიმართ ქართველი საზოგადოება ზეკრიტიკულია, გვახსოვს, წინა წელს ანრი ჯოხაძე როგორ გალანძღეს. თქვენ ელოდებით კრიტიკას?

ნოდიკო:

- შოუბიზნესურ ბატალიებში ჩაბმას არ ვაპირებთ, რაც შეეხება საზოგადოებას, ყველას ვურჩევ, ნუ შეგვაფასებენ, სანამ არ მოისმენენ სიმღერას. ადამიანების ბრმად შეფასება არ შეიძლება. რაც მთავარია, ჯერ არ გაგვიგია არავისგან, ან სოფო ვერ მღერის, ან ნოდიკოო (იღიმება).

- მაგას არავინ იტყვის...

- საერთოდ, ყველაფერს ველოდებით, რადგან ჩვენ ასეთი ერი ვართ. ერი, რომელსაც ძალიან უყვარს კრიტიკა, შექებას ნაკლებად უნდა ველოდოთ. ვინც ამას წაიკითხავს, იმედია, ჩემს ნათქვამს გონებით მოეკიდება და დამეთანხმება. სხვისი განკითხვა, კრიტიკა, გალანძღვა - ძალიან უყვართ.

სოფო:

- ჩვენი ბევრი შეხედულება ემთხვევა. ეს ასეც უნდა მომხდარიყო ალბათ. რადგან ჩვენ აგვირჩიეს, ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

ნოდიკო:

- ვეცდებით, ჩვენი გაკეთებული საქმით დავანახვოთ ყველას, რა შეგვიძლია. თავს არ დავზოგავთ. მადლობა ჩვენს კოლეგებს, ძალიან ბევრმა დაგვირეკა და მოგვილოცა, ვიცით, რომ გახარებულები არიან. მომღერლისგან მილოცვა ორმაგად გასახარია.

- როდესაც გახდა ცნობილი, რომ დუეტად მიდიხართ, ასეთი შეფასებებიც წავიკითხე ხალხისგან, თუ დუეტი უნდოდათ, "ჯორჯია" რატომ არ აარჩიესო?

- ამას რომ ამბობენ, გასაკვირი არ არის. "ჯორჯია" ამდენი წელია, დუეტია, ჩვენი მეგობრები არიან და დიდ პატივს ვცემთ. არხს უნდოდა თავისი დუეტის შექმნა, აქედან გამომდინარე, ჩვენც მშვიდად ვართ. თავს ნამდვილად ვერ დავიდანაშაულებ, რატომ მე და სხვა არა. საზოგადოებას ვთხოვ, ნუ ეცდებიან ამ თემის გაფეტიშებას, რადგან არც ჩვენ ვიძაბებით და არც "ჯორჯიას" წევრები. ორი სოლისტისგან ეს დუეტი სპეციალურად "ევროვიზიისთვის" შეიქმნა.

სოფო:

- ჩვენ "ევროვიზიის" მერე ისევ სოლოკარიერას გავაგრძელებთ და დუეტად არ დავრჩებით.

- სოფო, სიმღერა მზად არის უკვე?

- ეს დღეები ვსხედვართ, ვლაპარაკობთ ამაზე. როგორც გადავწყვიტეთ, შევასრულებთ შვედი კომპოზიტორის ტომას ჯეისონის მიერ დაწერილ სიმღერას. აღარ ჩატარდება შიდა კონკურსი სიმღერების შესარჩევად. ამ უცხოელ კომპოზიტორს ეკუთვნის შარშან გამარჯვებული "ეიფორიაც", მისი სიმღერები ხშირად ხვდება "ევროვიზიის" ათეულში, როგორც ჩანს, მან იცის ამ კონკურსის გასაღები. ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენი სურვილები, როგორი გვინდა იყოს სიმღერა და მისგან დადებითი პასუხი მოვიდა, შესაბამისად, უახლოეს დღეებში ველოდებით, რას გამოგვიგზავნის. შეგვიძლია უარიც ვთქვათ, რადგან არ გვაქვს იმის ვალდებულება, რომ აუცილებლად უნდა დავთანხმდეთ. ვნახოთ, როგორ მოგვეწონება.

- ქართველი კომპოზიტორები, ასე ვთქვათ, "ევროვიზიის" მუღამს ვერ იჭერენ?

ნოდიკო:

- ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი კომპოზიტორები, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება. ყოველთვის ლაპარაკობენ იმის შესახებ, რატომ აარჩიეს ესა თუ ის სიმღერა. ერთი სიმღერის გამო რომელიმე ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება არ გვსურს. ერთი კომპოზიტორისთვის საკუთარი სურვილით რომ დაგვეკვეთა სიმღერა, ეს აუცილებლად გამოიწვევდა მეორის გულისტკენას. კონკურსი რომ ჩაგვეტარებინა, საქართველო ისეთი ქვეყანაა, აუცილებლად იტყოდნენ, ჩაწყობილიაო. ალბათ ჯობია, უცხოელმა კომპოზიტორმა დაგვიწეროს.

- სიმღერის მელოდიურობა ერთია და მეორეა შოუ...

სოფო:

- ვნახავთ, როგორი სიმღერა გამოვა და მოითხოვს თუ არა შოუს. ისე კი უკვე შევთანხმდით, ალბათ შოუ ნაკლები იქნება და მეტი აქცენტი ვოკალზე გაკეთდება.

ნოდიკო:

- ძალიან დინამიკური სიმღერა იქნება, მაგრამ უფრო აკადემიური. არანაირ კომპრომისზე არ წავალთ!.. ორაკორდიან სიმღერას არ შევასრულებთ. ვინაიდან ფორმატს ვერ მივხვდით, გვინდა, ჩვენს სტილს შეესაბამებოდეს და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ამას მაგრად გავაკეთებთ. ვფიქრობთ, რაც უფრო მინიმალისტური შოუ იქნება, მით კარგი გამოვა, რადგან რაღაცის გადმოღებას ისევ ეს ჯობს.

სოფო:

- ახლის ძიებას და ექსპერიმენტების ჩატარებას არ დავიწყებთ. ამისი დრო არც არის. გვინდა, წინა პლანზე გემოვნება წამოვწიოთ.

ნოდიკო:

- კრიტიკაზე მეკითხებოდი და ვიცით, რომ შესაძლოა, ბევრს მოეწონოს, ბევრს - არა, მაგრამ ჩვენ თუ არ წავიდოდით, წავიდოდა ვინმე სხვა. მიხარია, რომ მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას საქართველოს სახელით, უკვე უამრავი ქვეყნიდან დარეკეს და გამოთქვეს სურვილი, ჩვენს პრომოკონცერტებს, გადაცემების დაგეგმვას გაუწიონ ორგანიზება. თუკი გვექნება დაფინანსება, აუცილებლად ჩავალთ.

ჩვენ შესახებ უკვე ბევრი მასალა მომზადდა ინტერნეტში და არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ დაწერეს, რომ საქართველოდან წელს ორი ძლიერი ვოკალისტი ჩავა. ჩვენ შესახებ სიუჟეტი "სი-ენ-ენ"-ზეც გავიდა.

სოფო:

- იმაზეც ხუმრობენ, რომ მეც სოფო მქვია და წინა ბევრ მონაწილესაც (იცინის). ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხვა ქვეყნებში ჩასვლა და იქ პრომოკონცერტების გამართვა. მნიშვნელოვანია, რამდენად დაგვიჭერენ მხარს ქართველი ემიგრანტები, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.

- ოჯახის წევრები ალბათ მხარში გიდგანან.

- რასაკვირველია, ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან უხარიათ. პირველ რიგში, ჩემი მეუღლე დაფრინავდა სიხარულისგან, როცა გაიგო, რომ "ევროვიზიაზე" მივდიოდი. ის შეგუებულია, რომ ყოველთვის ძალიან დაკავებული ვარ (იღიმება).

ნოდიკო:

- ჩემთან ძალიან გაუკვირდათ, რადგან არასდროს მითქვამს, რომ "ევროვიზიაზე" მინდოდა წასვლა, ამიტომაც ეიფორიაში ჩავარდნენ. ოჯახს, სანათესავოს, სამეგობროს, ბევრ უცნობ ადამიანს გაუხარდა. გვწერენ, აბა, თქვენ იცითო. ხალხის მხარდაჭერას სხვანაირი ძალა აქვს. ჯანსაღ კრიტიკასაც სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ წინასწარ რომ ვიღაც დაწერს, რატომ მიდიან სოფო და ნოდიკოო, ამას ჯანსაღ კრიტიკას ვერ დავარქმევ; თუ ვინმე სიმღერაზე გამოთქვამს აზრს, რასაკვირველია, მოვისმენთ.

- საინტერესოა, თუ შეთანხმდით ჩაცმულობაზე?

სოფო:

- ავთანდილი იზრუნებს ჩვენს სამოსზე. დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა ამ საქმეს. პარიზში წავიდა ქსოვილების შესარჩევად და ბევრი იდეა აქვს.

- როგორც მივხვდი, წელსაც "ევროვიზია" ქართველების მხრიდან არანაირ სკანდალს არ ელოდება.

- ჩვენ თავად არ ვართ სკანდალისტები. მე არ მიყვარს სკანდალები და ამას ვერიდები ხოლმე. ნოდიკოც ასეთია.

ნოდიკო:

- არ მოგვწონს სკანდალების ძალით აგორება პიარისთვის, მოკლედ რომ ვთქვათ, არ გვევასება ასეთი რაღაცები (იცინის)!.. ასე რომ, ინტრიგებსა და სკანდალებს არ ვაპირებთ.

სოფო:

- ალბათ ზოგი მიიჩნევს, რომ სკანდალური მომღერალი უფრო საინტერესოა, მაგრამ გვირჩევნია, ნაკლებად საინტერესოები ვიყოთ ამ მხრივ და აქცენტი სიმღერაზე გავაკეთოთ (იღიმება)!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება