მაღალჩინოსნებს, რომლებიც კენიის დედაქალაქ ნაირობში ბანკეტს ესწრებოდნენ, ბრიტანული სუპერმარკეტების მიერ წუნდებული პროდუქტი აჭამეს. ამით გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) თანამშრომლები ცდილობენ, საკვების ნარჩენების შემცირების პროგრამისკენ საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ.
გაეროში განაცხადეს, რომ პროდუქტების განადგურება, როგორც ეკონომიკური, ისე გარემოს დაცვისა და ეთიკური თვალსაზრისით არ შეიძლება გამართლებული იყოს. "ამ ბანკეტის მოწყობით, ჩვენ გვინდოდა გამყიდველებისთვის, მომხმარებლებისთვისა და პოლიტიკოსებისთვის დაგვემტკიცებინა, რომ საკვები, რომელსაც ჩვენ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ვყრით, არა მხოლოდ საკვებად ვარგისი და სასარგებლო, არამედ გემრიელიცაა", - ნათქვამია განცხადებაში.
ბანკეტზე წარმოდგენილი საკვები ბრიტანულმა სუპერმარკეტებმა გარეგნული ნაკლის გამო დაიწუნეს. კენიურ ხილსა და ბოსტნეულზე, რომელიც ადგილობრივებს ექსპორტისთვის მოჰყავთ, შემკვეთები ხშირად გარეგნული იერსახის მკაცრი სტანდარტების გამო უარს ამბობენ. ამასთან, შიდა ბაზარზე წუნდებული პროდუქციის მხოლოდ ნაწილის გაყიდვა ხერხდება, მაშინ, როცა დანარჩენს ყრიან ან პირუტყვის საკვებად იყენებენ, რაც ადგილობრივი ფერმერების აღშფოთებას იწვევს. გაეროში "სამარცხვინო" უწოდეს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში, სადაც მილიონობით ადამიანი შიმშილობს, ასეთი დიდი რაოდენობის საკვები უაზროდ იხარჯება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.