"რა უნდა ჩემს სხეულში სააკაშვილის სულს, რას მერჩით, დაგიშავეთ რამე?!"

"რა უნდა ჩემს სხეულში სააკაშვილის სულს, რას მერჩით, დაგიშავეთ რამე?!"

იუმორისტი მამუკა ლომაშვილი საზოგადოებამ იუმორისტული შოუპროგრამა "იუმორინათი" გაიცნო, სადაც მიხეილ სააკაშვილის იმიტაციას აკეთებდა. ბევრმა არ იცის, რომ მამუკა პროფესიით იურისტია...

- იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა დოქტურანტურაში განვაგრძე. უკვე ვამთავრებდი, როდესაც განათლების სისტემა აირია და მეც დავანებე თავი.

- რამდენი წელია, რაც იუმორისტად გიცნობს საზოგადოება?

- 10 წელი შემისრულდა, დავმრგვალდი (იცინის). არადა, პირველად რომ გამოვედი სცენაზე, თავზე თმა მქონდა, ქოჩორს მინდოდა მარჯვნივ გადავივარცხნიდი, მინდოდა, მარცხნივ. ახლა კი თმის მოვლაზე ფული მეზოგება (იცინის).

- რომ არა იურისტი და იმიტატორი, ვინ იქნებოდა პროფესიით მამუკა ლომაშვილი?

- ხელოვანთა წრეში ვიტრიალებდი. სხვა­თა შორის, რამდენიმე პროფესიაში ვცადე ბედი და, თავი ყველაფერს კარგად გავართვი. მაგალითად, ერთ-ერთ რადიოში 2 წლის განმავლობაში მიმყავდა საავტორო გადაცემა, რომელიც ამოუცნობ მოვლენებს ეძღვნებოდა და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტიც შეიძლება ვყოფილიყავი და ასტროლოგიც, რადგან ეს სფეროც, ისევე როგორც სხვა საინტერესო და ბოლომდე ამოუცნობი სფეროები, ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს. გარდა ამისა, მაქვს საბავშვო თეატრალური სტუდია. მოკლედ, არსად დავიკარგებოდი (იცინის).

- მამუკა, ვისთან იმეგობრებდი?

- მიხეილ ჯავახიშვილის არსენასთან და ოქროს თევზთან, რომელსაც ერთი სურვილის ასრულებას ვთხოვდი, მეტი არც მინდა.

- სერენადა გიმღერია როდესმე?

- არა, რას ამბობთ, სად მაქვს მაგდენის თავი. ისე, კი ვარ ცოტათი რომანტიკოსი, მაგრამ ვერ გამოვხატავ (იცინის).

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ნინო რევაზიშვილი, ექიმი.

- წარმოიდგინეთ, ქვეყნიდან გაქცეული მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჩამოვიდა საქართველოში, მოვიდა თქვენს სახლთან და თქვენს მეუღლეს უმღერის სერენადას...

- რა საინტერესოა... შაშკინი სახანძრო მანქანის კიბეს მოადგამს ჩემს კორპუსს, მე-7 სართულზე ამოვა და ნინოს უმღერის სერენადას? შევშფოთდები, შემეშინდება შაშკინი კიბიდან არ ჩამოვარდეს და შინ შემოვიყვან. საინტერესოა, როგორ მღერის. თუ კარგად - მოვუსმენ, მაგრამ თუ არც სმენა აქვს და არც ხმა, ჩემმა მტერმა მოუსმინოს. ამაზე ნამდვილად ვერ ვიეჭვიანებ. არ მაქვს ეჭვიანობის საბაბი და ფილმი "მაცივარში ვიღაც იჯდა" არ მჭირს.

- საზოგადოებამ სააკაშვილის მიბაძვით გაგიცნოთ, ქუჩაში რომ გხვდება ხალხი, რას გეუბნება?

- ის ადამიანები, რომლებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილი სააკაშვილის მიმართ და თანაც - სამართლიანად, მისთვის სათქმელს ხშირად მე მეუბნებოდნენ. მერე უცებ ხვდებოდნენ, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და მებოდიშებოდნენ. იყო პერიოდი, როდესაც სააკაშვილისთვის მისაწერ წერილებს მე მიგზავნიდნენ და რაღაცების გაკეთებას მთხოვდნენ.

- ფანტასტიკური ჟანრის ფილმში უნდა გადაგრთო... წამოიდგინე, შენს სხეულში ჩასახლდა სააკაშვილის სული...

- ჩემი სხეული, რომელიც რეალურად მე აღარ ვიქნებოდი, იბრძოლებდა კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის... ისე, რა უნდა ჩემს სხეულში სააკაშვილს სულს, რას მერჩით, დაგიშავეთ რამე?!

- კულტურის მინისტრმა შოუბიზნესის დეპარტამენტი რომ ჩაგაბაროს, რას გააკეთებდი?

- საქართველოში შოუბიზნესი საერთოდ არ არსებობს. ესტრადაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პირველ რიგში, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისი საქმე გააკეთოს და არა მთავრობამ ჩაატარებინოს ამას თუ იმას კონცერტი. ეს დრო უნდა დასრულდეს. რაც მთავარია, ავტორიტეტი უნდა დაუბრუნონ ხელოვან ხალხს. არავინ არის ჩარეცხილი!

- რას აჩუქებდი მიხეილ სააკაშვილს?

- საქართველოს ისტორიის წიგნს.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - ემოციურია, თუმცა თავშეკავებული. მდიდარი ფანტაზია აქვს და ცდილობს, ახალ-ახალი რაღაცების გამოგონებას. არის პირდაპირი ადამიანი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება