ეკო ფანგანი: "როცა გშია და გწყურია, მაშინ არც თავის მოვლა გაინტერესებს"

ეკო ფანგანი: "როცა გშია და გწყურია, მაშინ არც თავის მოვლა გაინტერესებს"

ეკო ფანგანი თავის მოვლას დიდ ყურადღებას უთმობს. მიაჩნია, რომ ქალი სახლშიც ლამაზად და მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეს... როგორც ეკო ამბობს, გაპრანჭვა გვიან დაიწყო. სარკის წინ ტრიალზე მეტად კი, რეჟისორობა და ჟურნალისტის როლის მორგება უნდოდა.

- როგორი ბავშვი იყავი?

- დედა მეუბნება, რომ ძალზე დამჯერი და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, არაფერს ვაშავებდი. ვინც ეს სურათი ნახა, ყველამ აღნიშნა, - როგორი მსუქანი ყოფილხარო! სინამდვილეში, ჭამა არ მიყვარდა და ამით დედას ყოველთვის პრობლემას ვუქმნიდი. ასევე, არ მიყვარდა ღამით ძილი და სხვათა შორის, დღემდე ასე ვარ.

- ამ ფოტოზე დედასთან ერთად ხარ, არა?

- კი. ეს ფოტოსურათი ძალიან მიყვარს. მშობლებისთვის პირველი შვილი ვარ; მხოლოდ ერთი უმცროსი ძმა მყავს. ასეთ სურათებს ჩემი ძმა, მამიდაშვილები, დეიდაშვილებიც იღებდნენ, მაგრამ ყველას ჩემი ჯობია (იღიმის).

- პრანჭია იყავი?

- პრანჭია არ ვყოფილვარ და არც ეზოში ჩავდიოდი "ბარბით" ხელში. როგორც გითხარი, დინჯი და მშვიდი ბავშვი ვიყავი, მაგრამ როცა წამოვიზარდე, ეზოში სიარული და ბიჭებთან ერთად თამაში დავიწყე. აი, ეს ფოტო ჩემს საყვარელ სათამაშოსთან ერთად მაქვს გადაღებული. მაშინ ასეთი სათამაშო იშვიათობა იყო... მშობლებმა სახლში ფოტოგრაფი მოიყვანეს, გამომპრანჭეს და სურათის გადასაღებად დამსვეს, გვერდით კი ეს სათამაშო მომისვეს. მახსოვს, სურათის გადაღება არ მინდოდა და გაბრაზებული რომ ვარ, სახეზეც მეტყობა.

- ბიჭებთან ერთად თამაში რომ მოგწონდა, ამ სურათიდანაც ჩანს...

- ეს ფოტო ჩვენს ეზოშია გადაღებული. მე და ჩემი მამიდაშვილი თითქმის მთელი დღე, ბაბუას მანქანაში ვისხედით და საჭეს ვატრიალებდით. სხვათა შორის, მანქანის მართვა ადრეულ ასაკში ვისწავლე. პირველი ავტომობილის შესაძენად ფულს კარგა ხანს ვაგროვებდი.

- ბავშვობაში მსახიობის პროფესიაზე ხომ არ ოცნებობდი?

- მეორე კლასში ვიყავი, როცა პიესა დავწერე და "გაზაფხული" დავარქვი. პიესა ლექსებისგან შედგებოდა. მერე წარმოდგენის გამართვა გადავწყვიტე, რომელშიც მე, ჩემი ძმა და მამიდაშვილები ვმონაწილეობდით. ბილეთებიც მეზობლებში წინასწარ გავყიდე, მაგრამ ბებიამ რომ გაიგო, თანხა უკან დამაბრუნებინა. ასე რომ, მეზობლებმა ჩემი სპექტაკლი უფასოდ ნახეს (იცინის). სხვათა შორის, პატარაობისას ჩემი გაზეთიც მქონდა: თაბახის ფურცელზე ბეჭდური ასოებით, ჩემთვის საინტერესო თემებზე "სტატიებს" ვწერდი და შიგ გაზეთიდან ამოჭრილ სურათებს ვაწებებდი.

- ეს კი სკოლის ასაკში გადაღებული ფოტოა, არა?

- დიახ. პირველ საშუალო სკოლაში დავდიოდი და ეს დღემდე მეამაყება. გვერდით ჩემი საყვარელი მეგობარი და მსახიობი - დათუნა გოცირიძე მიზის. ამ ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვებიდან ოთხი ჩემი უახლოესი მეგობარია.

- გაპრანჭვა ალბათ სკოლის პერიოდში დაიწყე...

- არა. აი, ეს ფოტოსურათი, სადაც ძმასთან ერთად ვარ, სკოლის პერიოდშია გადაღებული. აქ კარგად ჩანს, რომ გაპრანჭული არ ვარ. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, "სარკეში ჩახედვა" გვიან, 16 წლიდან დავიწყე, მანამდე კი ბავშვური ვიყავი... სამაგიეროდ, ახლა ვარ ძალიან პრანჭია (იცინის). მიყვარს მზეზე წოლა და ნამზეურის მიღება, მაგრამ ახლა გარუჯვას ვერიდები, რადგან კანისთვის სასარგებლო არ არის.

- რაიმეს თუ შეცვლიდი შენს გარეგნობაში?

- ერთადერთი, რომ შეიძლებოდეს, კანს სიამოვნებით გამოვიცვლიდი, რადგანაც ხშირ-ხშირად გარუჯვამ კანი გამიფუჭა. ჩემს გარეგნობაში სხვა ყველაფერი მაკმაყოფილებს... ამჟამად სახის კანზე პროცედურებს ვიტარებ. ასაკის მატებასთან ერთად, თუ დამჭირდება, შესაძლოა კანი გადავიჭიმო კიდეც.

- პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობისას წონაში ხომ არ დაიკელი?

- ამ პროექტმა მიმახვედრა, რომ ჯანმრთელობისთვის აქტიური ვარჯიში აუცილებელია. საერთოდ, წონის პრობლემა არ მაწუხებს. დღის განმავლობაში შემიძლია, რამდენჯერმე ვჭამო. დიეტა არასოდეს დამიცავს, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი. ჩემთვის ჭამა დიდი სიამოვნებაა.

- როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რომელი ცეკვა მოერგო შენს იმიჯს?

- ტანგო, რუმბა, ფოქსტროტი - ყველა მომეწონა. რაღაცნაირი, ქალური ცეკვებია და ჩემი ბუნებაც კარგად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ დახვეული თმა მომეწონა და მომიხდა, მე არ ვარ ჩაჩაჩულჯინსიანი გოგო. მოკლედ, ჰიპ-ჰოპი ჩემი სტილი არ არის.

- ქალის სილამაზის განმსაზღვრელად რა მიგაჩნია?

- შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ქალის სილამაზის განმსაზღვრელი მისი სულიერი მდგომარეობაა. რაც უნდა კარგად გეცვას, კარგი ვარცხნილობა და მაკიაჟი გქონდეს, თუ შინაგანად ცუდად ხარ, ეს შენს გარეგნობაზეც აისახება. ჩემი აზრით, ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. სახლის პირობებშიც შეიძლება, ლამაზად გამოიყურებოდე.

- თმას ხშირად იჭრი? ამ ფოტოზე მოკლე ვარცხნილობა გაქვს...

- უკვე დიდი ხანია, იმიჯი აღარ შემიცვლია. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა თმას ძალიან ხშირად ვიღებავდი, ვიჭრიდი და ეს მთელი 5 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ამ სურათში, რომელიც ჩემს მეგობარ ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მაქვს გადაღებული, თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი და ვფიქრობ, ასეთი იმიჯიც მიხდება. ეს სურათი იმ პერიოდშია გადაღებული, როცა თბილისში აქტიური ცხოვრება იყო, ბევრი ივენთი ტარდებოდა. ის დრო მენატრება... აი, ეს სურათი ვენეციაშია გადაღებული. იქ ყოფნისას იტალიურ ენასა და კულტურას ვსწავლობდი.

- ეს სურათი კი რუს მომღერალ ზემფირასთან ერთად გაქვს გადაღებული...

- ზემფირა ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ერთმანეთი ბათუმში, ერთ-ერთ ფესტივალზე გავიცანით. ეს სურათი მოსკოვშია გადაღებული.

- ცეკვა რომ გიყვარს, ეს ამ ფოტოდანაც ჩანს...

- ამ დღეს მეგობრის ქორწილში ვიყავი და "სვანური" ვიცეკვე, თან - პირით დანა მეკავა. ამის გაკეთება კი თურმე, არ შეიძლება და ეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას გავიგე.

- ანსამბლის - "ალილო" პროდიუსერი ხარ...

- (მაწყვეტინებს) ასეა. ჩემი და ბექას - "ალილოს" ერთ-ერთი წევრის სიყვარულის ამბავი უკვე მთელმა საქართველომ იცის. ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე ამ ანსამბლის პროდიუსერი გავხდებოდი. ეს ფოტო ერთ-ერთი კონცერტის წინ, აფიშისათვისაა გადაღებული.

- პროექტში - "უკანასკნელ გმირი" მონაწილეობდი, იქ კი თავის მოვლის საშუალება არ გქონდა. ასეთ პირობებში ცხოვრება არ გაგიჭირდა?

- თავიდან მეგონა, გამიჭირდებოდა, მაგრამ იქ ყოფნისას ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა. ერთ სერიაში ჩანს, თუ როგორ მიჭირავს დანა ხელში და ვიჭრი ფრჩხილებს, თან ვამბობ: ახლა ჩემი "მანიკიურშიცა" მაიკო რომ მხედავდეს, ამ დანას გამიყრიდა, მის მოვლილ ფრჩხილებს ასე უდიერად რომ ვექცევი-მეთქი. მაგრამ თურმე, როცა გშია და გწყურია, მაშინ არც თავის მოვლა გაინტერესებს და არც სხვა რამ. ეს სურათი, სადაც გიორგი ქორქიასთან ერთად ვარ აღბეჭდილი, სწორედ "უკანასკნელ გმირში" მონაწილეობისას მაქვს გადაღებული.

- ლაშქრობაში სიარული თუ გიყვარს?

- ლაშქრობა და ტყე-ღრეში სიარული ნამდვილად არ მხიბლავს, ეს ჩემი სტილი არ არის. ვერ წარმომიდგენია, კარავში ღამის გათევით რა სიამოვნება უნდა მივიღო. ჩემი მოგზაურობები მხოლოდ პროექტებით შემოიფარგლება. აი, ეს სურათი, სადაც დინოზავრთან ერთად ვარ, გადაცემა "ჯეომეგზურის" დროს არის გადაღებული. ყველა ამ სათავგადასავლო პროექტში მონაწილეობა მარტო იმიტომ ღირდა, რომ მათი წყალობით დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება