მსახიობი ანა სანაია მაყურებელმა სერიალ "ჩიფსების თაობით" გაიცნო. ანას ყოველთვის მოხდენილად აცვია და ინდივიდუალობასაც ინარჩუნებს.
- ერთი კონკრეტული სტილის მიმდევარი არ ვარ, ვცდილობ, რასაც ჩავიცვამ, მომწონდეს და ელეგანტური იყოს. როცა წვეულებაზე ან ქორწილში მივდივარ, საღამოს კაბას ვიცვამ. მომწონს პიჯაკები, ჯინსზეც მაცვია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ყოველდღიურად არ ვიცვამ.
- სად იძენთ სამოსს?
- ამოჩემებული ადგილი არ მაქვს, სადაც რაიმე მომეწონება, იქ ვყიდულობ. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თბილისში შეუძლებელია ხარისხიანი სამოსის შეძენა. უცხოეთში უფრო დიდი არჩევანია, მაგრამ გემოვნებით შემოსვა აქაც შეიძლება.
- ქართველ დიზაინერებთან თუ თანამშრომლობ?
- არა, მაგრამ მომწონს და გამოვარჩევ დიზაინერ ნინო ჩუბინაშვილს. ის გემოვნებიან და თანამედროვე სამოსს ქმნის. გამოვარჩევ Margiela-ს, Rick Owens-ს, Jounya Wattanabe-სა Comme de Garson-ს.
- პარფიუმერიული ბრენდებიდან რომელი მოგწონთ განსაკუთრებით?
- დეკორატიული კოსმეტიკა, აგრეთვე, "შანელის" პარფიუმერია. სასცენო გრიმისთვის "არტისტის" პროდუქციას ვხმარობ. სუნამოც ძალიან მიყვარს და თითქმის ყველა ბრენდისა მაქვს.
- ამბობენ, სწორად შერჩეული სუნამო ურთიერთობაში დიდ როლს თამაშობსო...
- ასეა, სურნელით შეიძლება სამუდამოდ დაამახსოვრო თავი ადამიანს. თუ მამაკაცს კარგი სუნამო ასხია, პატივისცემითა და სიმპათიით განვეწყობი მის მიმართ.
- როგორი მამაკაცები მოგწონთ?
- არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ თუ მამაკაცს თეთრი კოსტიუმი და წვეტიანი ფეხსაცმელი აცვია, არაფრით მომეწონება.
- ქართველთაგან ვის მიიჩნევთ გემოვნებიანად?
- ქალებიდან ძალიან მომწონს სალომე ღვინიაშვილი, მამაკაცებიდან კი მამუკა ხაზარაძეს გამოვარჩევ, ყოველთვის გემოვნებით არის შემოსილი.
- ვის მსგავსად ვერ ჩაიცვამთ ვერასდროს?
- არ მიფიქრია ამაზე. უბრალოდ, არც მიყვარს და არც მიხდება მოკლე კაბები.
- აქსესუარებზე რას იტყოდით?
- მიყვარს - სათვალე, საყურე, ყელსაბამები, შარფები და ქუდები. ჩემი საყვარელი ფილმია ბერნარდო ბერტოლუჩის "მეოცნებე", სადაც ერთ-ერთ პერსონაჟს წითელი ბერეტი ახურავს და ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს წითელი ბერეტები.
- ფორმას როგორ ინარჩუნებთ?
- წონას იაპონური დიეტით ვინარჩუნებ. მენიუ ძირითადად თევზისა და ბოსტნეულისგან შედგება. ინდივიდუალური დიეტაა, მაგრამ შედეგი გარანტირებული აქვს.
- თუ ქალს ძვირად ღირებული პარფიუმერიის შეძენის საშუალება არა აქვს?
- არსებობს ათასგვარი ნიღაბი - მაწვნის, კიტრის... მჭადის ფქვილი ძალიან კარგია ფერიმჭამელების მოსაცილებლად. სახის კანს ძალიან უხდება მარწყვისა და თაფლის ნიღბებიც.
- ანა, რას ურჩევთ ქართველ ქალებს?
- ბედნიერებას ვისურვებ!
ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)