"ცნობისმოყვარე ვარ, ჭორიკანა - არა"

"ცნობისმოყვარე ვარ, ჭორიკანა - არა"

მსახიობი მაკა შალიკაშვილი პრემიერისთვის ემზადება. რეჟისორი ნინო ბასილაია დგამს სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირებიც ირანელი ქალები არიან. მაკა ერთ-ერთი მათგანის როლს თამაშობს. მსახიობს ინტერვიუს ჩასაწერად რეპეტიციის შემდეგ ვესტუმრე.

პრეამბულის მაგიერ

- როგორ გრძნობ თავს ირანელი ქალის ამპლუაში?

- ძალიან საინტერესო სპექტაკლია. სცენარი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და კლუბურ გარემოსაა მორგებული. წარმოდგენა "დივანში" გაიმართება და ვფიქრობ, მაყურებელი კმაყოფილი დარჩება.

- ახლახან ანრის კლიპშიც მიიღე მონაწილეობა, რომელიც ვერიკო ტურაშვილის სიმღერაზე გადაიღო.

- ამ კლიპში სხვანაირი მაკა გამოვედი, ისეთი, როგორსაც არ იცნობენ. მეამაყება, რომ ისეთი დიდი მსახიობების გვერდით მომიწია ყოფნამ, როგორებიც გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ლეილა აბაშიძე, ზურა ყიფშიძე, გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი არიან. ვეთაყვანები მათ, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ახალგაზრდა მსახიობების ძალიან კარგი თაობა მოდის. დუტას და ნანკა კალატოზიშვილის გადაღებებს დავესწარი. ახალგაზრდებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. ჩემ შემდეგ თაობაშიც ბევრი მომწონს, უნიჭიერესები არიან. სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან ცუდი ტენდეცია დამკვიდრდა, - ეკრანზე რამდენჯერმე თუ გამოჩნდები, რეჟისორები გეუბნებიან, ცნობადი სახე ხარო და სპექტაკლებში აღარ გაკავებენ. სულ ერთი მხრიდან გიყურებენ. გადავწყვიტე, მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლი აღარ ვითამაშო. მე მხოლოდ სხეული არ ვარ. ეს ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს? შეიძლება ბევრმა ამბიციად ჩამითვალოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: სცენაზე გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ვაკეთებ. უბრალოდ, ამის საშუალება არ მეძლევა.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან აქტიური ვარ, მაგრამ კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. ამ ბოლო დროს ბიოგრაფიული ჟანრის ლიტერატურამ გამიტაცა. კოკო შანელზე, ედიტ პიაფზე წავიკითხე. ჩვევად მაქვს, წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ ხშირად ვუბრუნდები.

- ყველაზე მეტჯერ რომელი ნაწარმოები გაქვს წაკითხული?

- "ანა კარენინა", თან სულ ვტირი. ქართველი ავტორებიც ძალიან მიყვარს. ანა კარენინასთან და კოკო შანელთან ვიმეგობრებდი.

- აინშტაინი საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: "არავითარი ტალანტი არ გამაჩნია, მე მაქვს მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს". რა თვისებას გულისხმობდა მეცნიერი?

- გულუბრყვილობას, არა?

- ცდები.

- ცნობისმოყვარეობას?

- დიახ. შენ თუ ხარ ცნობისმოყვარე?

- ჭორიკანა არ ვარ, არავის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს, მაგრამ ცნობისმოყვარე ნამდვილად ვარ. ბევრი რამ მაინტერესებს. მგონი დღის განმავლობაში, ბავშვზე მეტ კითხვას ვსვამ.

- ერთ დღეს, გოეთეს, ბაღში სეირნობის დროს, მასზე კრიტიკულად განწყობილი კრიტიკოსი შეხვდა. ბილიკი იმდენად ვიწრო იყო, ერთ-ერთ მათგანს გზა უნდა დაეთმო. - მე სულელებს გზას არ ვუთმობ, - განაცხადა კრიტიკოსმა. გოეთეს პასუხმა კი ის ძალიან გააწბილა, რის შემდეგაც ერთმანეთს დაშორდნენ. რა უპასუხა მწერალმა?

- არ ვიცი, კრიტიკოსივით უზრდელად არ მოიქცეოდა.

- მე პირიქითო, თქვა და გაატარა.

- (იცინის) საუკეთესო პასუხია.

- ამის გამო გი დე მოპასანი საყვარელი ქალაქის დატოვებას აპირებდა. სწორედ იმ პერიოდში საფრანგეთის მთავრობამ მიიღო წერილი, რომელსაც ხელს ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი აწერდა. ისინი წინააღმდეგი იყვნენ პროექტისა, რომელიც შემდეგ მაინც განხორციელდა. რის შესახებაა ლაპარაკი?

- მოპასანი ხომ პარიზში ცხოვრობდა?

- დიახ.

- მგონი, ეიფელის კოშკზე, არა? წამიკითხავს, რკინის ეს კონსტრუქცია ბევრ ფრანგს არ მოსწონდა.

- ანდაზის მიხედვით, რა არ დაიმალება თივაში?

- (ფიქრობს) ასეთ ანდაზას ვერ ვიხსენებ.

- ცეცხლი. რომელი მეფის დედა იყო ქეთევან დედოფალი?

- თეიმურაზ I-ის.

- "ფესვები", "ლონდრე", "დათა თუთაშხია", "სიყვარული ყველას უნდა": ამ ფილმებიდან რომელში არ მონაწილეობს გივი ბერიკაშვილი?

- "ფესვებში". გივი ბერიკაშვილი ჩემი ნათლიაა. მამა და ბატონი გივი მეგობრობდნენ, 10 წლის ვიყავი, რომ მომნათლა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, ტელეწამყვანი ვყოფილიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, მამამ ნათლიასთან მიმიყვანა. სპექტაკლებზე სიარული დავიწყე, მეტყველება დავხვეწე. ქალბატონი მანანას რჩევით, სამსახიობოზე ჩავაბარე.

- ბატონი გივი როგორი ნათლიაა?

- ვგიჟდები, ისე ძალიან მიყვარს. რა გითხრა, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. არაჩვეულებრივი ქალბატონია მისი მეუღლე და საერთოდ, მადლიანი ოჯახი აქვთ, ძალიან ბევრ ადამიანს დახმარებიან.

- ჰოლანდიის რომელ ქალაქშია რემბრანდტის სახლ-მუზეუმი?

- არ ვიცი.

- ამსტერდამში. ნიზამი, ომარ ხაიამი, საიათნოვა: ამათგან რომელი იყო მათემატიკოსი?

- ნიზამი, ხომ?

- ცდები, სწორი პასუხია ხაიამი. რა ერქვა ძველ საბერძნეთში მონას, რომელსაც ბავშვებისთვის თვალყურის დევნება ევალებოდა?

- არ მახსოვს.

- მიგანიშნებ, დღეს ეს ერთ-ერთი პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვაა. ამ პროფესიის ადამიანებს კი ბავშვებთან აქვთ კავშირი.

- ბავშვებთან არაერთი პროფესიის ადამიანებს უწევთ ურთიერთობა - პედიატრებს, მასწავლებლებს...

- სწორი პასუხია - პედაგოგი.

- შეიძლება ითქვას, რომ გამოვიცანი.

- ურალის რაიონში არის ჩვეულებრივი პროექტით აშენებული თეატრი, იგი მდებარეობით უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. თეატრში დგას მემორიალური სვეტი, რომელიც მიანიშნებს სცენასა და დარბაზს შორის განსხვავებაზე. რაში მდგომარეობს ეს სხვაობა?

- ვერ გიპასუხებ.

- ამ თეატრის სცენა ევროპაშია, ხოლო დარბაზი - აზიაში. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე გიოცნებია?

- არა, მოგზაურობის მოყვარული ადამიანი არ ვარ.

- 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა მისწერა ჯონ ლენონს, რომ იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და სთხოვდა, მისთვის საჭირო თანხა გამოეგზავნა. ლენონმა მისწერა: "დაკავდი მედიტაციით და შეძლებ, ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოსახვაში". 1995 წელს იმ ახალგაზრდამ ოცნება მაინც აისრულა. როგორ იშოვა მან ფული?

- ფულის გარეშე იმოგზაურა.

- არა, ფული ლენონის წყალობით იშოვა, როგორ? ეს შენ გამოიცანი.

- ვერ ვხვდები და მითხარი, გთხოვ.

- ლენონის წერილი გაყიდა.

- ვაიმე, ჭკვიანი ყოფილა! რამდენიც უნდა მეფიქრა, ამას ვერ გამოვიცნობდი.

- ის ცხელ გარემოში ბინადრობს, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია გაყინვის შემდეგაც. მეცნიერებმა მის ორგანიზმში ყველაზე საშიში ბაქტერია და ვირუსი შეიყვანეს, მაგრამ მასზე არ იმოქმედა... ის ცოცხალი რჩება და მოძრაობს რადიოაქტიური დასხივებისას, რომელიც 130-ჯერ აღემატება ადამიანის სასიკვდილო დოზას. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ლეგენდა, რომ ხიფათის დროს ის თავს თავისივე შხამით იკლავს. რაზეა ლაპარაკი?

- მორიელზე.

- სოციოლოგია - ეს არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ, ასტროლოგია - მეცნიერება ვარსკვლავების შესახებ, ზოოლოგია - მეცნიერება ცხოველების შესახებ, როგორ გამოითქმის ძველბერძნულად მეცნიერება ქალების შესახებ?

- არ ვიცი.

- გინეკოლოგია.

- რა დაუფიქრებლად გიპასუხე. მინიშნება რომ გეთქვა, გამოვიცნობდი.

- პირველად ამ კალენდრის გამოშვება ინგლისელმა ფრენსის მაიერმა 1700 წელს დაიწყო და დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პოპულარულია, მათ შორის - საქართველოშიც. რომელ კალენდარზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- ასტროლოგიურზე. რომელია შენი ზოდიაქოს ნიშანი?

- გველის წელში დაბადებული ლომი ვარ. წელს ჩემი წელია, დიდი მოლოდინი მაქვს. ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ უნდა მოხდეს.

- "მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,/ ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც/ და ამოვწურო ეს სიმარტოვე,/ ეს ფორიაქი ამოუხსნელი./ გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,/ რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი./ მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს/ - კარგად იყავით. გმადლობთ. მშვიდობით!" ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ოთარ ჭილაძე. პოეზია ძალიან მიყვარს.

- დაბოლოს, დაასრულე ბუასტის ცნობილი გამონათქვამი: "ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს"...

- ადამიანებთან ურთიერთობას.

- "...უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება