ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული რიგითი გურამ ჩიმახიძე რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდება და სამხედრო ინსტრუქტორად გააგრძელებს სამსახურს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქართველ სამხედროს თავდაცვის მინისტრმა პირადად გააცნო.
გურამ ჩიმახიძე მკურნალობა-რეაბილიტაციის კურსს ლანდშტუბის კლინიკაში გადის, სადაც ის ირაკლი ალასანიამ და გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ რეაბილიტაციის კურსის მიმდინარეობას. დაჭრილი სამხედრო უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის პროტეზირების კურსს და ამის შემდეგ სამხედრო სამსახურში დაბრუნდება.
რიგითი გურამ ჩიმახიძე მესამე ბრიგადის ოცდამეთორმეტე ბატალიონში მსახურობდა.