24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრში "ოსკარის" რიგით 85-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. მოდის კრიტიკოსებისა და ფოტოგრაფების ყურადღება ქალი ვარსკვლავების კაბებსა და ვარცხნილობაზე იყო მიპყრობილი.
ცერემონიალზე ვარსკვლავური წყვილის, მსახიობების კეტრინ ზეტა ჯონსისა და მაიკლ დუგლასის ერთად გამოჩენამ ყველა გაახარა, რადგან რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი შორდებიან. ვარსკვლავებმა გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.
კეტრინი როგორც ყოველთვის უზადოდ გამოიყურებოდა და სამოსიც გემოვნებით შეარჩია. თუმცა, ვიზაჟისტის მონდომებამ მსახიობისთვის ნაოჭები დაეფარა, ვარსკვლავი არასახარბიელო ვითარებაში ჩააგდო. შორი კადრიდან გადაღებულ ფოტოებშიც კი ჩანს, რომ კეტრინს ტონალური კრემისა და პუდრის ზედმეტად სქელი მასა უსვია. კეტრინის ოქროსფერ კაბაზე დიზაინერმა ზუჰარ მურადმა იზრუნა.
წითელ ხალიჩაზე მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი და შარლიზ ტერონი Dior-ის თეთრი კაბებით პოზირებდნენ.
ლოურენსი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ხშირად იქცევა და ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია. ნომინაციისთვის "საუკეთესო მსახიობი ქალი" ჯილდოს ასაღებად ჯენიფერი სცენისკენ გაემართა, მაგრამ კიბეზე ასვლისას გრძელ კაბას ფეხი დააბიჯა და წაიქცა. მასთან უმალ გაჩნდნენ კოლეგა მამაკაცები და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარნენ. სასურველი ნომინაციით გახარებულ ჯენიფერს უხერხული სიტუაციისთვის ყურადღება არ მიუქცევია და სცენიდან მადლობა საყვარელ მეგობრებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს გადაუხადა.
მოდელი ჰეიდი კლუმი ფოტოგრაფების წინაშე ნახევრად შიშველი პოზირებდა. ჰეიდის ულამაზესი აღნაგობა და მოდელის სტანდარტული პარამეტრები აქვს, შესაბამისად მსახიობი ქალბატონებისგან განსხვავებით კაბის შერჩევისას უფრო თავისუფალია და საზოგადოებაც თამამი ექსპერიმენტებით ხშირად გაუნებივრებია.
39 წლის მოდელს ჯულიენ მაკდონალდის დიზაინით შექმნილი ოქროსფერი კაბა ეცვა. ტანზე მოტკეცილ გრძელ კაბას ღრმად ამოჭრილი დეკოლტე და საზურგე ჰქონდა. მოდელმა ქერა თმა უკან გადაივარცხნა და თავს უზარმაზარი ბრილიანტის საყურეებით იწონებდა. მოდელმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული მონდომებით სამკაულებზე იზრუნა - მარჯვენა ხელის სამ თითს ზედმეტად დიდი ზომის ბეჭდები ამშვენებდა. ვიზაჟისტის რჩევით, მოდელმა მკვეთრ მაკიაჟზე უარი თქვა; მას მხოლოდ თვალის ფანქარი და უფერული ტუჩსაცხი ესვა.
ყველასთვის მოულოდნელად წითელ ხალიჩაზე მსახიობი კრისტენ სტიუარტი ყავარჯნებით გამოჩნდა.
22 წლის ვარსკვლავმა რამდენიმე დღის წინ ფეხი მოიტეხა, თუმცა ამის გამო "ოსკარის" გამოტოვება არ ისურვა. კრისტენს დიზაინერ რიმ აკრას ყვავილების ფორმის მაქმანებით გაწყობილი თეთრი ფერის გრძელი კაბა ეცვა.
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, კრისტენი კამერებს არ დამალვია და ავტოგრაფებიც გულუხვად დაარიგა. კრისტენმა დახმარებაზე უარი თქვა და ყავარჯნებით წითელი ხალიჩა მარტომ გაიარა.
ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან საუბარში იხუმრა, რომ ძალიან მშიერია.
"ამ ულამაზესი კაბის ქვეშ კორსეტი მაცვია. როდესაც წითელი ხალიჩისკენ გამოვემართე, გამახსენდა, რომ მშიერი ვარ. მითხრეს, რომ აქ ოთახია, სადაც შემიძლია ვჭამო. ძალიან მიხარია", - განაცხადა მან.
მსახიობი ჯენიფერ ენისტონი Valentino-ს წითელ კაბაში კაშკაშებდა.
წითელ ხალიჩაზე ჯენიფერი საქმროსთან, მსახიობ ჯასტინ ტერუსთან ერთად გამოჩნდა. წყვილი მთელი საღამო ერთმანეთს უღიმოდა და ხელიხელჩაკიდებული დადიოდა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.