ლევან ჯიბღაშვილი -"ქალები ვერ მატყუებენ!"

ლევან ჯიბღაშვილი -"ქალები ვერ მატყუებენ!"

ბუკლიკომ თავისი სახალისო დაკითხვა ამჯერად მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს მოუწყო, მას წარმოუდგენელ სიტუაციებში ამოვაყოფინე თავი და ვნახოთ, როგორ გაუმკლავდა ამ ყველაფერს.

- წარმოიდგინე, გიღებენ უც­ხ­ოურ ფილმში პამელა ანდერსონთან ერთად და გაქვს ეროტიკული სცენა.

- (იცინის) რა სახალისო შეკითხვები გქონია. მე და პამელა ეროტიკულ ფილმში?!.. დავთანხმდებოდი, თუმცა მის მაგივრად მონიკა ბელუჩი თუ იქნებოდა, ბევრად უკეთესი ვარიანტია. პამელაზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ მონიკა ბევრად მომწონს.

- მოკლედ, ქართველი კაცები გიჟდებით მონიკაზე.

- საერთოდ, შავგვრემანი ქალები მომწონს.

- კარგი, მაშინ ერთ ქართველ შავგვრემანს გაგახსენებ. შორენა ბეგაშვილზე დაქორწინებული იღვიძებ ერთ მშვენიერ დღეს.

- (იცინის) თვითონ თანახმაა?

- ალბათ, რადგან გამოგყვა ცოლად. განქორწინდებოდი?

- ქორწინება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია. არ ვიცი, დავფიქრდებოდი. განქორწინებას რაც შეეხება, გააჩნია, ჯერ იმას გავიგებდი, რა უძღოდა ამ ქორწინებას წინ, ანუ რა წინაპირობები იყო და მერე გადავწყვეტდი.

- ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილეობას გთავაზობენ...

- ირაკლის დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან კარგი ბიჭია. ორივე დედოფლისწყაროდან გახლავართ. პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდებოდი. არა თანამდებობას, არამედ პიროვნულ ფაქტორს გავითვალისწინებდი, რადგან ირაკლისთან სიამოვნებით ვიმუშავებდი.

- ოქროს თევზი დაიჭირე, რომელიც ერთ სურვილს გისრულებს.

- ოოო... იმ ერთი სურვილით ვითხოვდი კიდევ ერთ ოქროს თევზს, რომელსაც სამი სურვილის ასრულება შეუძლია. ესეც არ მეყოფოდა, მაგრამ კიდევ მოვიფიქრებდი რამეს, საკუთარ მოხერხებას დავეყრდნობოდი (იღიმის).

- იმართება სასამართლო, სადაც ეშმაკის ადვოკატი ხარ და აუცილებლად უნდა დაიცვა.

- ჯვარი მწერია... დავიცავდი თუ არა? თუ აუცილებლობა მოითხოვს და ასე ვთქვათ, "ვინუჟდენი" ვარ, მაშინ დავიცავდი, მაგრამ პროცესს ისე წარვმართავდი, რომ დავმარცხებულიყავი. საერთოდ, თუ უარის თქმის არჩევანი მექნებოდა, აუცილებლად ვიტყოდი უარს.

- "ოსკარზე" წარგადგინეს ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

- (იცინის) ძალიან მაგარია. თუკი ფილმში ქალის როლი შევასრულე და ამისთვის "ოსკარზე" წარმადგინეს, ე.ი. კარგად მითამაშია.

- ქალის როლის შესრულებას დათანხმდებოდი?

- ასე თქმა რთულია. დამიდე პროექტი, კონკრეტული აღწერით და მერე ვილაპარაკოთ (იცინის).

- როგორც მივხვდი, დიდად არ გაბნევს უხერხული მომენტები.

- არ ვიბნევი, აი, თუნდაც ოქროს თევზის მაგალითი რომ ავიღოთ. თუ ვინმე ცუდად გახდება ან დახმარებაა საჭირო, ბევრი ადამიანი იბნევა ხოლმე, მე კი ამ დროს მობილიზებული ვხდები.

- გრაფი მონტე-კრისტოს ადგილას წარმოიდგინე შენი თავი. რას იზამდი, იძიებდი შურს მის მსგავსად?

- აუფ!.. ზოგადად, შურისძიების მომხრე არ ვარ. ჯობს, ადამიანს უარყოფითი საქციელი სიყვარულით დაუბრუნო. თუკი შურს არ იძიებ, ამ ადამიანსაც დაანახვებ, რომ ცუდად იქცეოდა. თუკი ამით ცოტათი მაინც შეიცვლება, კარგია.

- იდუმალი ქალი პაემანზე გეპატიჟება ძალიან უცნაურ ადგილას.

- არც იდუმალს და არც ჩვეულებრივს ასე პაემანზე არ წავყვები.

- ასეთი აქტიური ქალები ყოფილან შენს ცხოვრებაში?

- აქტიურ ქალებს რა გამოლევს. ბევრი არიან, მაგრამ მე არ დავთანხმდებოდი.

- წარმოიდგინე, მოიყვანე ცოლი და აღმოჩნდა, რომ ის ნარკობარონესაა.

- ამ თემასთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. მეორეც, ცოლს ისე არ მოვიყვან, რომ მასზე ასეთი მნიშვნელოვანი რამ არ ვიცოდე. 2-3 ან თუნდაც 6 თვეში გოგონას ცოლად არ შევირთავ. ჯერ სამზარეულოს ყველა დეტალი უნდა ვიცოდე. ვისი შვილია, რა ოჯახიშვილი, ვისთან მეგობრობს. ხომ იცი, ნათქვამია, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ გავებმები. ვისაც ცოლად მოვიყვან, მერე გავიგო მასზე რაღაცები, წარმოუდგენელია. თუ ყველაფერი არ მეცოდინება გოგოს შესახებ, ისე ჩემი ცოლი ვერ გახდება.

- არ იცი, მატყუარა ქალები რომ არსებობენ?

- კი არსებობენ, მაგრამ მე ვერ მატყუებენ (იღიმება).

- გია სურამელაშვილი გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ მისი ოქროს ბეჭდები შენ მოიპარე.

- (იცინის) გამეცინება. ამაზე არანაირად არ გავაკეთებ კომენტარს.

- ვინმეს შენთვის რაიმე დაუბრალებია?

- არასდროს. საერთოდ, ადამიანს მაშინ აბრალებენ ქურდობას, როცა ამაში შემჩნეულია და შეუძლია, ასეთი რამ იკადროს. მე კი, რასაკვირველია, ასეთ რაღაცაში შემჩნეული არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად, არავის დაუბრალებია. თუ რაღაცაში დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მირჩევნია, თავად ვაღიარო და ბოდიში მოვიხადო. ადამიანურ ურთიერთობებშიც და სხვაგანაც ასეა, თუკი ასე არ მოიქცევი, მერე აუცილებლად დაისჯები. თუკი აღიარებ, მეორე ადამიანი ამას გაგებით მოეკიდება.

- ბოლო დროს რამეზე თუ მოგიხდია ბოდიში? პირადშიც და საქმეშიც?

- სამსახურში შეცდომებს არ ვუშვებ და შესაბამისად, საბოდიშოდ საქმე არ გამხდია. ბოდიში პირადში მომიხდია, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. თუ ვინმეს გული ატკინე, ბოდიში რატომ არ უნდა მოიხადო?!. ეს უნდა შეგეძლოს.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება