რით ერთობა ქეთა თოფურია და სად დაკარგა ბრილიანტის ბეჭედი

რით ერთობა ქეთა თოფურია და სად დაკარგა ბრილიანტის ბეჭედი

ცნობილია, რომ ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია მშობლიურ თბილისს ხშირად სტუმრობს. მოსკოვის ელიტურ წვეულებებს მიჩვეული პოპულარული მომღერალი ბავშვობის მეგობრებთან ერთად ქართულ კლუბებსა და ბარებშიც სიამოვნებით ერთობა.

კომფორტის მოყვარული ვარსკვლავი თბილისში ყოფნისას სასტუმრო "რადისონში" ან "ჰოლიდეი ინში" ჩერდება და ისეთ ნომრებს ირჩევს, სადაც თავის მეგობრებთან ერთად იცხოვრებს - რამდენიმეადგილიანს, დიდსა და კომფორტულს. რამდენიმე დღის წინ ქეთა გასართობად კვლავ ესტუმრა თბილისს და ამჯერადაც სასტუმრო "რადისონში" დაბინავდა. 14 თებერვალს მან მეგობრებთან ერთად დრო "უმა თურმანის" კონცერტზე გაატარა. თუმცა ამჯერად ქეთას გართობა კარგად არ დასრულებულა. მან საკმაოდ ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი დაკარგა. სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბებიც ატეხა და პატრულიც გამოიძახა, მაგრამ ბეჭედი ვერავინ იპოვა.

საბოლოოდ, ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებას მიჩვეული თოფურია ამით დიდად არ შეწუხებულა, პატრულთან გაღიმებულმა სურათიც გადაიღო და მეორე დღეს გართობის გასაგრძელებლად თურქეთში გაფრინდა. თუმცა, როგორც ქეთას ერთ-ერთი ახლობელი გვიყვება, დანაკარგი საკმაოდ ძვირფასი იყო, სავარაუდოდ, ის ქეთას საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა შემთხვევაში ქეთა ბეჭდის დაკარგვაზე საერთოდ არ იდარდებდა. მომღერლისთვის ნივთები დიდი ხანია განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს, რადგან ის ძალიან მაღალ ჰონორარებს და უძვირფასეს საჩუქრებს იღებს. თუმცა, როგორც ამბობენ, საჩუქრებით თვითონაც ანებივრებს თავის თბილისელ დაქალებს.

ხელგაშლილმა მომღერალმა მეგობარი გოგონები ამჯერად სტამბოლში დაპატიჟა და გულის გადასაყოლებლად და გასართობად რამდენიმე დღით მათთან ერთად გაემგზავრა.

ქეთა თოფურია რუს ჟურნალისტებს ხშირად ანებივრებს ინტერვიუებით, განსაკუთრებით, თუ საუბარი მის ახალ პროექტებს ან მის იმიჯს ეხება. ახალ პროექტებს რაც შეეხება, მისი ყველაზე გახმაურებული პროექტი ბოლო დროს იგორ კრუტოის სიმღერაზე გადაღებული კლიპი აღმოჩნდა. მასში ცნობილი კომპოზიტორი თავადაც მონაწილეობდა, კლიპის სცენარის მიხედვით, ქეთა და იგორ კრუტოი ერთ საწოლშიც კი აღმოჩნდნენ. ამაზე დაწვრილებით აღარ მოვყვები, ინტრიგას დავტოვებ მათთვის, ვისაც კლიპი ჯერ არ უნახავს, ხოლო ვისაც უნახავს, იმან ისედაც იცის... აი, ასეთი ონავარია თქვენი ბუკლიკო.

ახლა კი ქეთას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან გთავაზობთ ნაწყვეტებს. ქართველმა მომღერალმა, რომელიც რუსეთში მართლაც პო­­პულარულია, რუს ქალბატონებს უამბო, როგორ იწესრიგებს თა­ვს, რატომ არის სულ ფორმაში და სილამაზის რჩევებიც მისცა.

მაშ ასე, მოვუსმინოთ ქეთას:

"საკუთარ თავს ყოველთვის უნდა მიხედო. რაც უნდა ატრიალო, ეს ხომ შენი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა. განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა მიაქციო ყურადღება კანს, მით უმეტეს, 25-30 წლის შემდეგ, როცა პირველი მიმიკური ნაოჭები ჩნდება. აქამდე, ჩემი აზრით, საკმარისია კანის გასუფთავება და დატენიანება.

ყოველდღიურად ყოველთვის თავად ვიკეთებ მაკიაჟს, ან საერთოდ არ ვიღებები. როცა გადაღებები ან კონცერტები არ მაქვს, სულაც კოსმეტიკის გარეშე გავდივარ იოლად. სხვათა შორის, გადაღებებსა და კონცერტებზეც თვითონ ვიღებები, რადგან ჩემზე უკეთ არავინ იცის, რა მიხდება და რა არა.

ჩემი უნივერსალური რჩევა ძალიან მარტივია: თუ თვალებს გამოკვეთთ, ტუჩები უფერული უნდა იყოს, ხოლო თუ ტუჩებს უსვამთ ხაზს, დავუშვათ, წითელი პომადით, მაშინ მეტისმეტად მკვეთრი თვალები უნდა დაივიწყოთ!

თუ ვგრძნობ, რომ ვერ გამოვიძინე, ყინულიანი წყლით ვიბან, ეს ძალებსა და ენერგიას მაძლევს მთელი დღისთვის. როგორც უნდა ვჩქარობდე, ტუჩების ბალზამსა და თერმულ წყალს არასდროს დავივიწყებ.

ყველაზე საშინელი ექსპერიმენტი ჩემს ცხოვრებაში იყო, როცა ქერად შევიღებე თმა. არასდროს დამავიწყდება, ჩემი დაბადების დღის მერე დილით თმის დავარცხნას რომ ვცდილობდი, ისეთი აბურდული მქონდა, ვერ დავივარცხნე - შეღებვის დროს გვარიანად დამიწვეს თმა. მაკრატლის აღება და მთელი იმ ბღუჯის მოჭრაც კი მომიხდა.

უკვე ოთხი წელია იოგაში ვვარჯიშობ, მაგრამ ახლაღა დავიწყე მართლა სიამოვნების მიღება ამისგან, მართლა ვდუნდები და ხერხემალსაც ზუსტად ისე ვზნექ, როგორც საჭიროა. იოგა დამეხმარა, სცენაზე უფრო პლასტიკური გავმხდარიყავი და უფრო თავდაჯერებულად მემოძრავა. გარდა ამისა, თხილამურებზე ვსრიალებ. ყოველ ზამთარს მივდივარ მთებში - ანდორაში ან შვეიცარიაში. ზაფხულში კი ლაჟვარდოვან სანაპიროს ვამჯობინებ, სენ-ტროპეს ან სარდინიას. ოღონდ მთელი დღე პლაჟზე კი არ ვარ გართხმული, სპორტის აქტიური სახეობებით ვარ დაკავებული. მაგალითად, ამ ზაფხულს ბანჯი-ჯამპინგი გამოვცადე. 120 მეტრის სიმაღლიდან თავით გადმოხტომა ტარზანკაზე მართლა მაგარი შთაბეჭდილება იყო!

დიეტას, მაქსიმუმ, სამი დღე ვიცავ. გურმანი ვარ, მიყვარს კარგად ჭამა, თუმცა ხანდახან განტვირთვის დღეებს ვიწყობ. ასეთ დღეებში კეფირს ვსვამ, უცხიმო ხაჭოს მივირთმევ და დაძინებამდე 4-5 საათით ადრე აღარაფერს ვჭამ.

პლასტიკას გაგებით ვეკიდები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამეტებენ: ტუჩებსაც იბერავენ, მკერდსაც და იხვებს ჰგვანან. მაგრამ თუ ადამიანს რაღაც პატარა ნაკლი აქვს და შეიძლება მისი კორექტირება, რატომაც არა. მე კეხი მოვიცილე ცხვირზე და მგონია, რომ ჩემი ცხვირი ახლა გაცილებით უფრო ესთეტიკურად გამოიყურება. ბევრი ჩემი კოლეგა ბოროტად იყენებს ბოტოქსს, სილიკონს, თუმცა მათი ვინაობის დასახელება არ მსურს".

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება