"ოსკარს" 40,3 მილიონმა ტელემაყურებელმა უყურა

"ოსკარს" 40,3 მილიონმა ტელემაყურებელმა უყურა

"ოსკარის" დაჯილდოების 85-ე ცერემონიას, რომელსაც კომიკოსი სეტ მაკფარლენი უძღვებოდა, 40,3 მილიონმა ტელემაყურებელმა უყურა, რაც გასულ წელთან შედარებით მილიონით მეტია.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, 2012 წელს კინოაკადემიის ჯილდოების გადაცემას, რომელსაც კომიკოსი ბილი კრისტალი უძღვებოდა 39,3 მილიონი ტელემაყურებელი უყურებდა. 2011 წელს კი "ოსკარებს" 37,6 მილიონმა მაყურებელმა უყურა.

სტატისტიკური კომპანია "ნილსენის" განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წლევანდელი ოსკარის მაყურებელთა რიცხვი გაიზარდა, ანიმაციური ფილმის Family Guy ("მეოჯახე") შემქმნელის მიერ ცერემონიის წაყვანა იყო. სტატისტიკოსთა აზრით, სწორედ მაკფარლენის დამსახურებაა, რომ "ოსკარისადმი" ინტერესი გაიზარდა 18-დან 49-წლამდე მაყურებელთა შორის. თუმცა, სეტ მაკფარლენის მიერ ცერემონიისთვის გაძღოლას ამერიკულ მედიაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

გამოცემა "ნიუ იორკერი" წერდა, რომ სამი საათის განმავლობაში მაკფარლენის მიერ ცერემონიის წაყვანის ყურება "ნამდვილი სასჯელი და გაუსაძლისი იყო".

ჟურნალმა "როლინგ სთოუნზმა" კი დაწერა, რომ მაკფარლენის მიერ "ოსკარის" წაყვანა "ბოდვას" უფრო ჰგავდა.

სამაგიეროდ, 39 წლის ამერიკელი მსახიობისა და ანიმატორის მიერ გაძღოლილი ცერემონია მოიწონეს ჰოლივუდის მსახიობებმა. ზოგიერთი მათგანი სეტ მაკფარლენით აღფრთოვანებას ვერც "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მალავდა.

რასელ ქროუმ დაწერა, რომ "სეტმა საოცრად კარგად გაართვა თავი მოვალეობას", "ოსკარის" ერთ-ერთმა ყოფილმა წამყვანმა სტივ მარტინმა კი აღნიშნა, რომ დაჯილდოების საღამოს სეტი "შესანიშნავი" იყო.

თავად მაკფარლენმა კი "ტვიტერზე" დაწერა, რომ მის მიერ ცერემონიის წაყვანით ძალიან კმაყოფილი იყო მისი კატა, თუმცა არავითარ შემთხვევაში აღარ დათანხმდება, თუ ორგანიზატორები კვლავაც შესთავაზებენ ცერემონიის გაძღოლას.

"ოსკარის" დაჯილდოების 85-ე ცერემონია ლოს ანჯელესში 24 თებერვალს გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად კინოაკადემიამ ბენ აფლეკის "არგო" დაასახელა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება