ჰოლივუდში, ისევე როგორც საქართველოში, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება ხოლმე, როცა ესა თუ ის ცნობილი ადამიანი თავისზე ასაკით ბევრად უფროსზე ან პირიქით, უმცროსზე ქორწინდება. ბევრის აზრით, წყვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა საფრთხეს უქმნის ბედნიერ და ხანგრძლივ ქორწინებას.
მართალია, არც ჰოლივუდში და არც მის ფარგლებს გარეთ არ უკვირთ განქორწინებები, თუმცა რატომღაც უკვირთ, როცა ცნობილი წყვილი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ოჯახს, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა.
ჰოლივუდის თორმეტი ყველაზე მყარი წყვილი.
ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფარნისი
ასაკობრივი სხვაობა: 13 წელი
53 წლის ავსტრალიელი მსახიობი, გარდა შესრულებული როლებისა, იმითაც არის ცნობილი, რომ თავისზე 13 წლით უმცროს ჰიუ ჯეკმანზეა დაქორწინებული. ბროდვეის მსახიობი და 2008 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი, რომელიც სულ ახლახან "ოსკარზე" იყო წარდგენილი ფილმისთვის "საბრალონი", დებორა-ლისთან 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგად თავს ბედნიერად გრძნობს.
"წარმატებული კარიერა მაქვს, თუმცა დებისა და ჩემი შვილებისთვის მიღირს სიცოცხლე", - აცხადებს ჰიუ ჯეკმანი.
ჰარისონ ფორდი და კალისტა ფლოკჰარტი
ასაკობრივი სხვაობა: 22 წელი
ჰარისონ ფორდი და კალისტა ფლოკჰარტი ერთმანეთს 2002 წელს შეხვდნენ, როცა ამ უკანასკნელს ცნობილმა მსახიობმა კაბაზე ღვინო გადაასხა. 2010 წელს მათ ნიუ მეხიკოში იქორწინეს და ახლა ერთად ბიჭუნას, სახელად ლაიამს, ზრდიან.
ჰემფრი ბოგარტი და ლორენ ბაკალი
ასაკობრივი სხვაობა: 25 წელი
45 წლის ჰემფრი ბოგარტი მესამე ქორწინებაში იმყოფებოდა, როცა 20 წლის ლორენ ბაკალს 1945 წელს, ფილმის "გვქონდეს თუ არ გვქონდეს" გადაღებისას შეხვდა. ერთი თვის შემდეგ ლორენ ბაკალი რიგით მეოთხე მისის ბოგარტი გახდა.
წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს და 1957 წლამდე, ბოგარტის სიკვდილამდე, სამი ერთობლივი ფილმის გადაღებაც მოასწრეს.
"ის ჩემი მასწავლებელი, ქმარი და მეგობარი იყო. მას მასწავლა, როგორ უნდა ვიცხოვრო", - განაცხადა ბაკალმა, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ მისი ერთგული დარჩა.
სიუზან სარანდონი და ტიმ რობინსი
ასაკობრივი სხვაობა: 12 წელი
მართალია, ჰოლივუდის ორი ცნობილი მსახიობი - სარანდონი და რობინსი ერთმანეთს 2009 წელს დაშორდნენ, თუმცა წყვილმა 20 წელი იცხოვრა ერთად. ეს კი ერთობ დიდი მიღწევაა წყვილისთვის, სადაც ქალბატონი 12 წლით უფროსია მამაკაცზე.
სიუზან სარანდონი და ტიმ რობინსი ერთმანეთს 1988 წელს, ფილმის "დარჰემის ხარის" გადაღების დროს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილან, ვინაიდან ამის წინააღმდეგი სარანდონი იყო, მათი გაშორების ამბავი ერთობ მოულოდნელი იყო მათი გულშემატკივრისთვის. "ქუჩაში ხალხი მიახლოვდებოდა და მეუბნებოდა "დაუსრულებლად ვტიროდი, როცა თქვენი ამბავი გავიგეო". მე უფრო მეტად ვტიროდი, რადგან არ მეგონა, თუ ეს ოდესმე მოხდებოდა".
კლინტ ისტვუდი და დინა რუიზ-ისტვუდი
ასაკობრივი სხვაობა: 35 წელი
7 შვილის მამა კლინტ ისტვუდი, რომელსაც ისინი ხუთი სხვადასხვა ქალისგან ჰყავს, არასდროს იყო ცნობილი ერთგულებით. სწორედ ამიტომ იწვევს ბევრის გაოცებას 82 წლის ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის 16-წლიანი ქორწინება დინა რუიზ-ისტვუდთან, განსაკუთრებით მათ შორის 35-წლიანი ასაკობრივი სხვაობის ფონზე.
და მაინც რაში მდგომარეობს მათი ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო? "ჩვენ ერთმანეთს არ ვეწინააღმდეგებით, არ ვდგამთ დრამებს. ჩვენ ბუნებრივად ვეწყობით ერთმანეთს და არასდროს გვქონია უთანხმოება", - აცხადებს ისტვუდის მეორე ნახევარი.
ჯეი-ზი და ბიონსე
ასაკობრივი სხვაობა: 12 წელი
მუსიკალური სამყაროს სუპერვარსკვლავები უკვე ათეულ წელზე მეტია, ერთად ცხოვრობენ. თუმცა, ჯერაც ვერავის ამოუხსნია მათი წარმატებული და მრავალწლიანი ურთიერთობის საიდუმლო.
ჯეი-ზი და ბიონსე ერთმანეთს 2002 წელს ხმის ჩამწერ სტუდიაში შეხვდნენ, როცა ბიონსე სულ რაღაც 20 წლის იყო. შვიდი წლის შემდეგ მათ გულშემატკივრება და მედიისგან მალულად იქორწინეს ნიუ იორკში. 2012 წელს წყვილს გოგონა, სახელად ბლუ აივი შეეძინა. ჯეი-ზი დღემდე ყველგან ამბობს, რომ "სიგიჟემდე შეყვარებულია".
კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი
ასაკობრივი სხვაობა: 25 წელი
"ოსკაროსანმა" მსახიობებმა 2000 წელს იქორწინეს, როცა კეტრინი 31 წლის იყო, მაიკლი კი 56-ის. მიუხედავად ერთად გადატანილი სირთულეებისა, წყვილი დღემდე ბედნიერად გრძნობს თავს. 2011 წელს მაიკლ დუგლასს ყელის კიბო დაუდგინეს, კეტრინ ზეტა ჯონსს კი ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. "როდესაც ყველაზე მეტად გიჭირს და მკაცრი გამოცდის წინაშე დგახარ, სწორედ მაშინ მიხვდები, სინამდვილეში ვისზე ხარ დაქორწინებული".
სელინ დიონი და რენე ანჯელილი
ასაკობრივი სხვაობა: 26 წელი
1980 წელს, როცა 12 წლის სელინ დიონი 38 წლის რენე ანჯელილის შეხვდა, მომღერალი ვერ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს ანჯელილი მისი მენეჯერი, მეუღლე და მისი სამი შვილის მამა გახდებოდა.
კვებეკელი წყვილის თავზე, რომელმაც 1994 წელს იქორწინა, როგორც იტყვიან, არაერთმა ქარიშხალმა გადაიარა. ჯერ იყო დიონის პრობლემები ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით, შემდეგ ამას ანჯელილის ყელის კიბო დაერთო.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ისინი ბედნიერად აგრძელებენ თანაცხოვრებას ლას ვეგასსა და ფლორიდაში. "ჩემთვის ყველაფერს ჩემი ოჯახი, სიყვარული და ჩემი შვილები განსაზღვრავენ", - ამბობს სელინ დიონი.
მეგან მალალაი და ნიკ ოფერმანი
ასაკობრივი სხვაობა: 12 წელი
42 წლის მეგან მალალაი 30 წლის ნიკ ოფერმანს 2000 წელს შეხვდა, როცა ეს უკანასკნელი ჯერაც უცნობი მსახიობი იყო, მეგანს კი უკვე წარმატებით ჰქონდა შესრულებული ემის როლი "უილი და გრეისში".
როცა მათ ასაკობრივ სხვაობაზე ეკითხებიან, წყვილი პასუხობს, რომ ეს საკითხი არ აღელვებთ. "ნიკმა მითხრა, რომ მაშინვე გამშორდება, როგორც კი ბოტოქსს გავიკეთებ", - ამბობს მეგან მალალაი.
ელენ დეჯენერესი და პორტია დე როსი
ასაკობრივი სხვაობა: 15 წელი
2008 წელს, როცა ლოს ანჯელესში მათ ქორწინებას ბევრი ხმაური მოჰყვა, აღარავის გახსენებია ორ ქალბატონს შორის არსებული არცთუ მცირე ასაკობრივი სხვაობა. 54 წლის პოპულარულმა ტელეწამყვანმა და 39 წლის მსახიობმა პორტია დე როსიმ 2004 წელს დაიწყეს ურთიერთობა და მას შემდეგ ერთად არიან. წყვილი ერთად უვლის 2 ძაღლს, 5 კატას, ოთხ ცხენსა და ორ ძროხას. "ჩვენს საწოლში ძილის უფლებას მხოლოდ ცხოველებს ვრთავთ", - აღნიშნა ერთხელ დეჯენერესმა.
ჩარლი ჩაპლინი და უნა ო"ნილი
ასაკობრივი სხვაობა: 36 წელი
"ის მე მზრდიდა, მე კი მას ახალგაზრდობას ვუნარჩუნებდი", - თქვა უნა ო'ნილმა თავის მეორე ნახევარზე.
ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ო'ნილის ქალიშვილი, რომელიც მანამდე ორსონ უელსსა და ჯერომი სელინჯერს ხვდებოდა, 54 წლის ჩარლი ჩაპლინს 1943 წელს გაჰყვა ცოლად, როცა თავად 18 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ უნა მუნჯური კინოს ლეგენდის მეოთხე და რიგით მესამე თინეიჯერი ცოლი იყო, მათ 1977 წლამდე, ჩაპლინის გარდაცვალებამდე იცხოვრეს ერთად 34 წლის განმავლობაში. წყვილს 8 შვილი ჰყავდა.
მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.