სანკტ-პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თემურ ჩხეიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ჩხეიძემ განცხადება რუსეთის კულტურის მინისტრის, ვლადიმირ მედინსკის სახელზე დაწერა, თუმცა მისი გადადგომის მიზეზი უცნობია.
რუსეთის კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ჩხეიძეს გადადგომის თაობაზე თეატრის დასი საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
"ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა პირადად მისგან არაფერი გაგვიგია. ჩვენ მალე შევიკრიბებით ტრადიციულ, "ოჯახურ" წრეში და თავად გვეტყვის გადადგომის თაობაზე", - ავრცელებს რუსული სააგენტო "ინტერფაქსი" თეატრის მმართველის განცხადებას.
რუსული პრესის ინფორმაციით, კულტურის სამინისტრო უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაწყვეტს, ვინ იქნება თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის ქართველ რეჟისორს.
თემურ ჩხეიძე ტოვსტოგონოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2007 წლიდან მუშაობდა.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.