როდის ბრაზობს საკუთარ თავზე კახა ჯოხაძე?

როდის ბრაზობს საკუთარ თავზე კახა ჯოხაძე?

მსახიობი კახა ჯოხაძე "ახმეტელის თეატრში" ბევრ დროს ატარებს. ახალ სპექტაკლზე მუშაობს და პრემიერისთვის ემზადება. პარალელურად აქვს "ქეთი და კოტეს" გადაღებები. ამბობს, რომ წიგნების წასაკითხად ცოტა დრო რჩება. ყველაზე მეტად დრამატურგია იზიდავს, განსაკუთრებით - ანტონ ჩეხოვისა და ჟან ანუის შემოქმედება.

პრეამბულის მაგიერ

- კახა, რომელ სპექტაკლზე მუშაობ?

- მალე მაყურებელს საიმონის "გასროლას" ვუჩვენებთ. საიმონი ძალიან საინტერესო სცენარისტია, თავისი ამერიკული იუმორით. ის ვუდი ალენთან თანამშრომლობდა. სპექტაკლს გიორგი ქანთარია (ნუკრი ქანთარიას შვილი) დგამს.

- ახლახან გასტროლზე იყავით?

- დიახ, გასტროლი ზესტაფონისა და ქუთაისის თეატრებში გვქონდა. ქუთაისში მაყურებელს ბუღაძის "პანთეონი" ვუჩვენეთ, ზესტაფონში - რეიკუნის "ტაქსისტი გივის სიყვარულის ისტორია". ორივეგან ბევრი მაყურებელი გვყავდა.

- "ქეთი და კოტეში" რა ხდება, ქეთი როგორ გყავს?

- კარგადაა. შორენა კარგი პარტნიორია. ჩვენ ჯგუფელები ვიყავით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ "ვაკის სარდაფში" "გველისმჭამელში" ერთად ვითამაშეთ. მე და შორენა წლებია, ვმეგობრობთ, ერთმანეთის ოჯახებშიც დავდივართ.

- გადაღების დროს კურიოზი ხშირად ხდება?

- საკმაოდ. რაც გადაღებულია, იმას ალბათ საახალწლო გადაცემაში აჩვენებენ. რამდენიმე დღის წინ, საუნის სცენა გვქონდა გადასაღები. რეჟისორს ვუთხარი, შორენა რომ იხდის, გასაგებია, მაგრამ გვერდით მე რომ მივუჯდები, მას არავინ შეხედავს, თვალი ყველას ჩემი არაათლეტური აღნაგობისკენ გამოექცევა და არა მგონია, ეს სერიალისთვის კარგი იყოს-მეთქი. 45 გრადუს სიცხეში შორტები მეცვა და პირსახოცმოფარებული დავდიოდი. ასეთი კომპლექსები მაქვს. ზოგადად "კომედი-არხზე" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახალი გადაცემის იდეაც მაქვს, მაგრამ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. მინდა, ისეთი იუმორისტული სერიალი გავაკეთო, რომელიც ჯერ საქართველოში არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვი.

- გამორჩეულად, რომელი ჟანრის ლიტერატურა გიყვარს?

- დრამატურგია. ჩეხოვი მიყვარს. შექსპირი დიდი დრამატურგია, მაგრამ მისი არც ერთი პერსონაჟის შესრულებაზე არასდროს მიოცნებია. ძალიან მომწონს ჟან ანუის შემოქმედება. "ანტიგონეში" კრეონის როლს სიამოვნებით ვითამაშებდი. ძალიან მინდა დონ-კიხოტის თამაში, მაგრამ ვიცი, არ გამომივა.

- რომელიმე პერსონაჟს თუ ჰგავხარ?

- აკუტაგავას პერსონაჟს, ამაკავა ძინაის ვგავარ. ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ის ავტორიტეტია, ქართველი პერსონაჟებიდან, თითქოს დათა თუთაშხიას ჰგავს. სამართლიანია და არავის უვიწყებს გაწეულ სიკეთეს. ეს თვისება მეც მაქვს.

- ერთ-ერთი ინგლისური ხუმრობის მიხედვით, ეს არის ადგილი, სადაც გაყრა წინ უსწრებს ქორწინებას. რაზეა ლაპარაკი?

- ახლა დაიწყო ჩემი წამება. ვერ ვხვდები.

- ლექსიკონი. ყველაზე კარგად კაბრიოლეტების გაკეთება ფრანგ მეწარმეს, ლუის რენოს გამოსდიოდა. ეს ფაქტი ექიმებმა მაშინ ახსნეს, როცა მის სამედიცინო ბარათში ჩაიხედეს. რა სჭირდა რენოს?

- ალბათ დახურული სივრცის შიში ჰქონდა. ასეა?

- გამოიცანი. შენ თუ გაქვს რამე ფობია?

- არა, მაგრამ უცხო გარემოში მოხვედრა არ მიყვარს. ამ დროს ვერ ვხვდები, რა უნდა გავაკეთო, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და საკუთარ თავზე ვბრაზდები, იქ რომ მივედი.

- ეტლმა, რომელშიც 2 ცხენი იყო შებმული, 10 კილომეტრი გაიარა. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?

- 5. რა გაცინებს?

- აბა, კარგად დაფიქრდი.

- (კითხვის გამეორების შემდეგ) 10-ს გაივლიდა, 5 საიდან მოვიტანე?

- ეს მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეაში, ნაზარეთიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. მთის თავზე 2 მონასტერი არსებობს - მართლმადიდებლური და კათოლიკური. რომელ მთაზეა ლაპარაკი?

- ვიცი და სახელს ვეღარ ვიხსენებ. ეს ის მთაა, სადაც იესოს ფერისცვალება მოხდა, არა?

- ასეა, მაგრამ სახელი უნდა გაიხსენო.

- თაბორის მთა.

- დიახ. ქართველთა რომელ ბრძოლაში მონაწილეობდნენ ჯვაროსნები?

- დავით აღმაშენებლის დროს.

- დავით აღმაშენებელმა არაერთი ბრძოლა გამართა.

- დიდგორის ბრძოლის დროს.

- რა ეწოდება სამხედრო იარაღის გამოსაცდელ ადგილს?

- პოლიგონი.

- რომელი ნივთიერება სწევს თოვლის ტემპერატურას 0 გრადუსზე მაღლა?

- არ ვიცი. წყალი?

- არა, მეგონა, მარტივი კითხვა დაგისვი.

- ნუ მაბნევ, ნამდვილად ნივთიერებაა?

- ნამდვილად.

- მარილი მგონია.

- "საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს". რომელი ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსია ამ სიტყვების ავტორი?

- ვერ გიპასუხებ.

- ფრიდრიხ ნიცშე. ფურცელზე ერთმანეთის მიყოლებით გიწერია 7 7 7 7 მათ შორის მიმატების, გამოკლების, გამრავლების ან გაყოფის ნიშნები ისე ჩაწერე, რომ ჯამში 2 მიიღო.

- (ფიქრობს) მანამდე არ გვეტკინოს არაფერი, მე ეგ ვერ გამოვიცნო.

- 7:7+7:7=2. ვინ გადაიღო მულტფილმი "ფიფქია და 7 ჯუჯა"?

- უოლტ დისნეიმ.

- ეს გამოჩენილი მეფე ტახტზე 27 წლის ავიდა და 65 წელი იმეფა. რომელ მეფეზეა ლაპარაკი?

- ერთიანი საქართველოს მეფე იყო?

- არა.

- წამიკითხავს, რომ ფარნავაზი დიდხანს მეფობდა.

- სწორი პასუხია. "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა", "ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს". რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?

- მარიტას.

- ვინ არის ცნობილი ფერწერული ტილოს - "იმერეთი - დედაჩემი" - ავტორი?

- კაკაბაძე.

- წარმოიდგინე, რომ დედამიწის გარშემო მოგზაურობ. აღმართი უფრო მეტი შეგხვდება თუ დაღმართი?

- ვერ დამაბნევ (იცინის), ორივე თანაბრად იქნება.

- ამ დამწერლობაში 40 ათასზე მეტი სიმბოლოა. რომელ დამწერლობაზეა ლაპარაკი?

- ჩინურზე.

- საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) წყალზე.

- შემდეგი კითხვა კი ასეთია: და-ძმა ერთ ოთახშია. და წიგნს კითხულობს, ძმა კომპიუტერზე თამაშობს. უეცრად სინათლე ითიშება. ძმა იძულებულია, თამაში შეწყვიტოს, და კითხვას აგრძელებს, როგორ?

- მადროვეთ, უნდა დავფიქრდე (პაუზის შემდეგ), მივხვდი, ეს ყველაფერი დღისით ხდება, როცა ოთახს მზე ანათებს.

- "უწიგნოდ თვალსაწიერის ისარი მოკლეა". ვის ეკუთვნის ეს გამონათქვამი?

- ილია ჭავჭავაძეს.

- ფეხბურთი გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ საყურებლად სტადიონზე არ დავდივარ. ხალხმრავლობა არ მიყვარს.

- წარმოიდგინე, სტადიონზე ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად შეხვედი, ისეთ ადგილზე დაჯექი, შენგან მარჯვენა მხარეს იყო თბილისის "დინამო", მარცხნივ - ზესტაფონის "ზესტაფონი". თამაშის პირველი ნახევარი მარჯვენა მხარის გამარჯვებით დამთავრდა, ანგარიშით 2:1, ხოლო თამაშის მეორე ნახევარი - მარცხენა მხარის სასარგებლოდ 2:0. გამოიცანი, რომელმა გუნდმა მოიგო და რა ანგარიშით?

- (ფიქრობს) 4:1 დამთავრდებოდა.

- რა ფერია თეთრი დათვის ტყავი?

- თეთრი.

- ცდები.

- აბა, შავი ხომ არ იქნება?

- მათ მართლა შავი ტყავი აქვთ.

- არ მჯერა, ერთი სადმე თეთრ დათვს შემახვედრა, ვნახავდი, რა ფერიც აქვს.

- ალექსანდრე მაკედონელის მიერ მოწყობილ ამ შეჯიბრებას 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამარჯვებულ პრომაქოსს მეფემ გვირგვინი საკუთარი ხელით დაადგა, მაგრამ მან 3 დღეზე მეტი ვეღარ იცოცხლა. რაში მოაწყო შეჯიბრება ალექსანდრე მაკედონელმა?

- არ ვიცი.

- ღვინის სმაში.

- მართლა? და ის კაცი რაღამ მოკლა?

- ძალიან ბევრი დალია. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- იშვიათად ვსვამ. სასმელებიდან ღვინო მირჩევნია.

- 1915 წელს ისლანდიაში მშრალი კანონი შემოიღეს, 1932 წელს კი მოხსნეს. აკრძალვა მხოლოდ ერთი სახეობის სასმელზე დატოვეს, რომელიც პოლიტიკოსთა აზრით, ქვეყნის ალკოჰოლიზაციას იწვევდა. რომელ სასმელზეა ლაპარაკი?

- ლუდზე.

- ქართული თეატრის ისტორია საუკუნე-ნახევარზე მეტს მოიცავს. პირველი სპექტაკლი 1850 წლის იანვარში გაიმართა. რომელ შენობაში წარმოადგინეს "გაყრა"?

- თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში.

- დაბოლოს, დაასრულე ჩარლი ჩაპლინის ცნობილი გამონათქვამი: "სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია. არასდროს იცინის, როცა..."

- "...ვტირი".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება