ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II უკვე მეორე დღეა ლონდონის მეფე ედვარდ VII-ის სახელობის კლინიკაშია, სადაც ის გასტროენტერიტის სიმპტომებით მოათავსეს.
"ბიბისის" ინფორმაციით, როგორც ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს, 86 წლის დედოფლის ავადმყოფობის გამო გადაიდო დაგეგმილი ვიზიტები, მათ შორის, რომშიც, სადაც იტალიის პრეზიდენტის ჯორჯო ნაპოლიტანოს მიერ იყო მიწვეული.
შექმნილი მდგომარეობის გამო დედოფალი ვერც უელსში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთი წმინდანის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა.
სამეფო სასახლის წარმომადგენლის განცხადებით, დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
"ელისაბედ II საავადმყოფოში მხოლოდ იმიტომ მოვათავსეთ, რომ ექიმებს უკეთესად შეძლებოდათ მის მდგომარეობაზე დაკვირვება", - განაცხადა სასახლის წარმომადგენელმა პიტერ ჰანტმა.
მისივე თქმით, დედოფალი საავადმყოფოში კიდევ ორი დღე დარჩება.
ელისაბედ II ბოლოს კლინიკაში 10 წლის წინ მოათავსეს, როცა მას მუხლზე ჩაუტარდა ოპერაცია. ოფიციალური ვიზიტები კი მან ბოლოს ხუთი თვის წინ, გაციების გამო გადადო.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.