"მექალთანე კაცს ვერ შევეგუები"

"მექალთანე კაცს ვერ შევეგუები"

ბავშვობაში ბალეტზე დადიოდა, იდგა პოდიუმზე, ჟურნალისტიკაშიც სცადა ბედი, უცხო ენების შესწავლა ოცნებად ექცა. ერთი სიტყვით, ყველა სფეროში ეძებდა თავს. მამაკაცსაც ისეთს ეძებდა, რომელიც ყველას არ ჰგავდა, მაგრამ ჯერ ვერ მიაკვლია. ამბობს, რომ ყველა ერთნაირია, ცხოველური ინსტინქტებითა და მექალთანის გამოხედვით, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია, ახლახან 31 წლის გახდა. ამბობს, რომ ქალი 30 წლის მერე ყვავის.

ლენუკა ყიფშიძეს ინტერვიუსთვის შინ ვესტუმრეთ. სტუმართმოყვარე და ხმაურიანი ოჯახისთვის არც ის დღე აღმოჩნდა გამონაკლისი. ჩემი რესპონდენტი დროებით მეგობრებს მოვწყვიტეთ და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ჩვენს ოჯახს იტალიურ ოჯახს ეძახიან, იმიტომ, რომ ყველა ერთად ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ დღემდე. სულ სტუმრები არიან ჩვენთან. პატარები რომ ვიყავით მე და გიორგი, დედაჩემისა და მამაჩემის მეგობრები მოდიოდნენ. დღეს ჩემი და ჩემი ძმის მეგობრები მოდიან, მერე ნიკუშასა და ნატალიას მეგობრები ივლიან და ასე, სულ ხალისი და მხიარულებაა ამ სახლში.

- დიასახლისი რა დღეშია ამ დროს?

- მე ვარ დიასახლისი. უკვე ტიკები დამეწყო, - ეს რატომ დააგდეთ ძირს, მზესუმზირას ნაფცქვენებს ვხედავ იატაკზე, - სულ ამ დღეში ვარ. თან რემონტი გვაქვს დაუმთავრებელი და სულ მტვერსასრუტით დავრბივარ (იცინის). ჩემს ბავშვობაში ბებიაჩემი, დედაჩემის დედა ჰერა იყო დიასახლისი. მის სახლში ვცხოვრობდით. საოცარ კერძებს ამზადებდა, დამხმარე ქალიც გვყავდა. ბებია ძალიან კარგად კერავდა. ცნობილი მკერავი იყო, ნანი ბრეგვაძეს უკერავდა, თან თავად არჩევდა, ვისთვის უნდა შეეკერა, ყველას არ უკერავდა. სულ მეუბნებოდა, ერთხელ მაინც დამიჯექი, რაღაც ხომ უნდა დაგრჩეს ჩემგან, გასწავლიო, მაგრამ ვინ დაუჯერა. მეც და კრისტისაც ბებიაჩემის შეკერილი კაბები გვეცვა ქორწილში. მისი გაზრდილი ვარ... მამას მეგობარი მსახიობები რომ მოდიოდნენ, ძალიან მიხაროდა. მამაჩემის მეგობრებს ვეპრანჭებოდი (იცინის), ალიკო კვაშალს, ანრი ბასილაიას, თან ძალიან ხულიგანი ვიყავი, მაუგლის მეძახდნენ, სულ დავრბოდი, ვერ მაჩერებდნენ.

- გიორგი რას აკეთებდა ამ დროს?

- გიორგის ბერეტი და შარფი აკლდა და სუფთა პატარა პოეტი იყო. ძალიან იდეინი ტიპი იყო, მაგიჟებდა, რაღაცებს მატყუებდა. ჩემზე უფროსია ხუთი წლით და ვუჯერებდი. ერთხელ, მახსოვს, ფუნიკულიორისკენ ავიღეთ გეზი, იქ გამოქვაბულებია, ოქროებია და ჩვენ უნდა მოვიპოვოთო, მითხრა. ჩავალაგეთ ბარგი-ბარხანა და გზაში დაგვიჭირეს მშობლებმა. ასე მაგიჟებდა ჩემი ძმა.

- იქნებ თავადაც სჯეროდა ამ განძის და შენ არ გაგიჟებდა?

- (იცინის) არ არის გამორიცხული. ცოტა უცნაური ბავშვი იყო. მას რომ ჰკითხო, მე ვატერორებდი, ვცემდი, მაგრამ მერწმუნეთ, პირიქით იყო. ორჯერ ისე გამამწარა, ერთხელ სამზარეულოს გრძელი დანა გავუქანე, საბედნიეროდ, ასცდა და ერთხელ რკინის კაკლის სამტვრევი რომ არის - ის. ომი ატყდა სახლში.

- მშობლებიდან ვინ უფრო მკაცრია?

- მამა. ზურასი გვეშინოდა ყოველთვის, თავისი ბოხი ხმით რომ დასჭექდა... დედაჩემისგან არც ყვირილი მახსოვს და არც დასჯა. მხოლოდ დამრიგებლური ტონით შემოიფარგლებოდა. მამაჩემის მწარე ხელი დღემდე მახსოვს. სულ ვეუბნები, დაბერდები და არ ვიცი, რას გიზამ-მეთქი (იცინის). ზურამ წკიპურტები იცოდა, მსგავსი სიმწარე არ გამომიცდია. მე და გიო ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით, რომ დაბერდება და ყავარჯნებით ივლის, ფეხებში ვურტყათ წკიპურტებიო (იცინის). არადა, ზურა მეუბნება ხოლმე, შენი იმედი მაქვს, რომ დავბერდებიო.

ერთხელ ვუთხარი, ძალიან გთხოვ, ისე ნუ დაბერდები, მოსავლელი გახდე-მეთქი. სულ ბიჭურად გამოიყურება, ვერ წარმომიდგენია ზურა ბებერი. ისედაც სულ ვეუბნები ჩემს მშობლებს, იყავით ფორმაში, არ დამანახვოთ სიბერე-მეთქი. დედაჩემიც სულ ფორმაშია, ჩემს დაქალებთან მეგობრობს. ასეთი იყო ჰერაც, დედაჩემის და ჩემს დაქალებთან მეგობრობდა.

- ლენუკა, ვის ჰგავხარ ხასიათით?

- მამას. ემოციური, ფეთქებადი და იმავდროულად მეგობრული ვარ. რაღაცები ადვილად მწყინს, მაგრამ მალევე მავიწყდება. შურიანი და ბოღმიანი არ ვარ.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- ბავშვობიდან ვცეკვავდი, ბალეტზე დავდიოდი, უკომპლექსო ვიყავი. ყველას ეგონა მსახიობი გავხდებოდი. გარდატეხის ასაკში შევიცვალე, დედაჩემს დავყვებოდი სამსახურში, მოდელებს სიარულს რომ ასწავლიდა. 13-14 წლის ასაკში ჩვენებებზე გამოსვლა მომინდა. ბოლოს უცხო ენებზე ჩავაბარე. ჩემი სწავლის პერიოდი ცუდად მახსოვს, იმიტომ, რომ ადრე გავთხოვდი. ჯერ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, მერე უცბად შევიცვალე პროფესია, უცხო ენები მომინდა. მოკლედ, ათი წლის განმავლობაში, 20-30 წლამდე არეული და უაზრო პერიოდი მქონდა. თითქოს მინდა ეს დრო დავივიწყო. საკუთარ თავს ვეძებდი, ვერ მივხვდი, რა მინდოდა და სად მეცადა ბედი.

- პირველი ხელფასი, პირველი ჰონორარი...

- ერთ-ერთ კლუბში ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა, 15 წლის ვიყავი და ჰონორარი მომცეს. ოჯახის წევრები დავასაჩუქრე იმ ფულით. ამ პროცესზე ვგიჟდები... მინდა გითხრათ, რომ დიპლომი არ მაქვს. ჩემმა ქმარმა მითხრა, ერთი წელი აკადემიური აიღე და მერე განაგრძეო. 18 წლის ვიყავი, აი, ამიტომ არ ვარგა ადრე გათხოვება.

- რადგან ქმარი ვახსენეთ, სასიყვარულო გამოცდილებაზეც გვი­ამ­ბე აქვე...

- ზოგადად ძალიან პრანჭია ვიყავი ბავშვობიდან. სტუმარი რომ მოდიოდა სახლში, მე ვიცვამდი და ვიპრანჭებოდი. ბებიაჩემი იყო ასეთი, ლენა, ჰერაზე აღარაფერს ვამბობ. მუდმივად მოწესრიგებული ჰქონდათ ფრჩხილები, თმა. სულ ჩამესმოდა, რომ ქალი სახლშიც მოწესრიგებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ქმარს არ სიამოვნებს მოუვლელი ცოლი. ჩემი ჭკუით, მეც ვიპრანჭებოდი. ბიჭებში ვიზრდებოდი და დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს გრძნობა. გიორგი ფეხბურთს რომ თამაშობდა, მე კარში ვიდექი. შენგან რა ქალი უნდა დადგეს, რას ჰგავხარო, მეუბნებოდნენ სახლში. 12-13 წლის ვიყავი, ერთ-ერთ ჩვენებაზე ბიჭი რომ მომეწონა. თაყვანისმცემლები სულ მყავდა. 17 წლის ასაკში გავიცანი სანდრო, ჩემი მეუღლე. ჩემმა მეგობარმა ეკა ოდიშარიამ გამაცნო. ფილმებში რომ არის, ზუსტად ისე მოხდა, ხელში კოკა-კოლები ეკავა, რომ შევხედე, ფეხი წამოჰკრა რაღაცას და დაეცა (იცინის). ეკას მანქანით დავდიოდით, კუს ტბაზე ვსეირნობდით, მაგარი დრო იყო. სამეგობროში მობილურები, მანქანები, პეიჯერები იყო. ერთი წელი ვიარეთ ერთად. ოჯახმაც იცოდა, რომ გვიყვარდა ერთმანეთი. რატომ გავიპარეთ, არ ვიცი. 18 წლის გავხდი თუ არა, გავიპარეთ. მახსოვს, კრისტი იყო სახლში, მარიშა მაისურაძე. კრისტის ვუთხარი, ვიპარებით და არაფერი არ თქვა-მეთქი. პანიკაში ჩავარდა კრისტი. სადარბაზოსთან ჩემი მეგობრები, ცხონებული ზვიადი და მისი შეყვარებული მელოდებოდნენ. ისინიც უკვე ოჯახზე ფიქრობდნენ და ორივე წყვილი ერთად გავიპარეთ. საწყალი თამუნა გაბრიელაშვილი დარბოდა პარკებით, გვამარაგებდა. წინასწარ არაფერი გვქონდა დაგეგმილი. ჯერ ცხვარიჭამიაში წავედით, მერე მოვბრუნდით, სანამ საწვავი გვეყო მანქანაში, დავბორიალებდით. მამაჩემი ბოლთას ცემდა ტუალეტში, ტიროდა. მგონი, ერთი კვირა არ გამოდიოდა იქიდან. ჩემი ძმა მირეკავდა, დაბრუნდითო. თამუნა გაბრიელაშვილი იჭყლიტებოდა, კარგად გაილანძღა. დღემდე მაძახებს, რა დღეში ჩამაგდეთო. წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ ერთად მე და ჩემმა ქმარმა. სამწუხაროდ, ვერ "გავქაჩეთ" ერთად. ახლა რომ ვფიქრობ იმ პერიოდზე, ვხვდები, რომ მაშინ ძალიან მინდოდა ოჯახი, შვილი, ქმარი. მერე, პრობლემები რომ გაჩნდა, არეულობა, ვიღაცების ჩარევა ურთიერთობაში, გაფუჭდა ყველაფერი. ძალიან შევიცვალე ამის მერე, სხვანაირი ვიყავი.

- რას გულისხმობ?

- ძალიან მიამიტი არც ადრე ვყოფილვარ, მაგრამ უფრო თავდაცვისუნარიანი გავხდი. იმდენი გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში... ხომ ამბობენ, სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლოო. კარგია, ეს თუ შეგიძლია, მაგრამ საკუთარზე უკეთ სწავლობ, ასე მგონია. მწარედ გამახსოვრდება და იმავე შეცდომას აღარ დაუშვებ. დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან ადრე იყო მაშინ ჩემთვის ოჯახის შექმნა. ერთადერთი, რაც ამ ამბიდან მახარებს, ჩემი 12 წლის ნიკუშაა. და-ძმასავით ვართ. გოგო მინდა ძალიან, აჩემებული მაქვს. მეყოლება ალბათ (იღიმება). მეორე შვილთან სხვანაირი ვიქნები. ძალიან მკაცრი ვარ. რაც მე მომაკლდა განათლების თვალსაზრისით, შვილით მინდა ავინაზღაურო. მკაცრად ვაკონტროლებ ნიკას განათლებას. საბედნიეროდ, მიჯერებს.

- ისე რომ მოგექცეს, როგორც შენ მოექეცი შენს მშობლებს და დაუკითხავად დაოჯახდეს...

- არა, გამორიცხულია. ისეთი თაობა წამოვიდა, რომელ გაპარვაზეა ლაპარაკი. საერთოდ, თუ ატყობთ, ისე შეიცვალა ყველაფერი, გოგონები თუ დააძალებენ ბიჭებს, თორემ... სად იყო ადრე ასეთი აქტიურობა გოგონების მხრიდან?! რამდენიმე დღის წინ დაბადების დღეზე 100 ვარდი მომართვა ჩემმა მეგობარმა... თან საძინებელში შემომიტანა და დამადო თავზე (იცინის). "ფეისბუქზე" დავდე ეს ფოტო და ისეთი ამბავი ატყდა, ვინ მოგართვაო, მეკითხებოდნენ. კარგით რა, ხალხო, აღარ არიან დღეს ეგეთი ბიჭები, ასეთ სიურპრიზებს რომ აკეთებენ. ეს მხოლოდ მეგობარმა შეიძლება გააკეთოს. არადა, მე და მამაჩემს არ გვიყვარს გადაჭრილი ყვავილები, მალე რომ კვდება, არ მოგვწონს.

- კიდევ რა საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე?

- საყვარელი ადამიანი არ მყავს და შესაბამისად, განსაკუთრებული საჩუქარიც არ მიმიღია. მანქანები მიყვარს ძალიან. თუ მაჩუქებენ, უარს არ ვიტყვი (იცინის).

- დღეს რომ კვლავ დადგე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების წინაშე, ბევრს იფიქრებ?

- ძალიან. მეშინია ამ ნაბიჯის, ძალიან მეშინია. მას მერე ერთი მსგავსი რეალური სიტუაცია მქონდა. ჩემი ოჯახიც იცნობდა იმ ბიჭს. ორი წელი დავდიოდით ერთად. ჩემი ქმრის მერე მეორე ადამიანია, ვინც მიყვარდა. მის ვინაობას არ ვიტყვი, ოჯახი აქვს უკვე.

- რა მოხდა, ვერ გარისკე?

- არა, მაშინ არ მეშინოდა, იმდენად ვიყავი შეყვარებული. უბრალოდ, რაღაც მოხდა და ვეღარ ავაწყვეთ ურთიერთობა. ამას წინათ მე და ჩემი ძმაც ვლაპარაკობდით, როცა ოფიციალური სახე ეძლევა ურთიერთობას, პრობლემები იჩენს თავს, უფერულდება ურთიერთობა. საინტერესო ხარ მაშინ, როცა ბოლომდე არ გიცნობს კაცი, მიუღწეველი ხარ მისთვის. იგივეა ქალის დამოკიდებულებაც.

- დასასრულ, შეცდომებზეც ვისაუბროთ. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი შეცდომა დაშვებული ამ ცხოვრებაში, მაგრამ ერთი და მთავარი, რომელიც ხშირად გახსენდება და სულ დარდობ, არის ასეთი შენს ცხოვრებაში?

- როგორ ვთქვა, ადრე არ გავთხოვდებოდი-მეთქი, ამხელა ბიჭი ხომ არ მეყოლებოდა, მაგრამ ოცნება მქონდა საზღვარგარეთ წავსულიყავი და უცხო ენები მესწავლა. დღემდე განვიცდი, რომ ეს ვერ გავაკეთე. მაგრამ არა უშავს, გვიან არასდროს არ არის. თან ახლა გავხდი 31 წლის. სულ ვამბობ, რომ ქალი 30 წლიდან ყვავის.

- ნიკუშასთან შეთანხმებული გაქვს ეგ ამბავი?

- კი. აქამდე არ შევუწუხებივარ. ბოლო დროს გამომიცხადა, არ უნდა გამიჩინო დაო?! ძმა არ მინდა, ჩამეწილება ყველაფერშიო (იცინის). მართლა მინდა გოგონა ღია ფერის თვალებით და მუქი ფერის თმით.

- მთავარია გამოჩნდეს მამაკაცი, რომელიც ყველას არ ჰგავს, არა?

- არ არსებობს ეგეთი მამაკაცი. დათმობებზე წასვლა მომიწევს. ოღონდ ზუსტად ვიცი, რომ "ბაბნიკ" კაცს ვერასდროს ვერ შევეგუები, არ შემიძლია ეს მექალთანე კაცები და რა ვქნა?!

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება